19 წლის ნინი შონია 3 წლიდან მღერის. მუსიკალურ კარიერაში ხშირად განუცდია მარცხი, თუმცა „მხოლოდ ქართულში“ მისი მონაწილეობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.  ნინიმ ვიზუალითა და ვოკალური მონაცემებით მაყურებლის გულის მოგება მარტივად შეძლო. მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პროექტში მოხვდა.  როგორც აღმოჩნდა, „მხოლოდ ქართულში“ მისი მონაწილეობა ყველაზე მეტად დედას სურდა, ნინიმაც არ დააყოვნა და დღეს უკვე ფინალში, რომელიც „მთავარი არხის“ ეთერში 3 თებერვალს გაიმართება.

როგორ მოხვდი პროექტში?

„მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობა დედამ გადამაწყვეტინა, რადგან ყოველთვის სურდა, მსგავს პროექტში ვყოფილიყავი, მიმეღო მუსიკალური გამოცდილება, შემეძინა მეგობრები, ასევე გამეცნო ძალიან კარგი და ცნობილი პედაგოგები. ზუსტად ამის საშუალება მომცა „მხოლოდ ქართულმა“. ჩემთვის განსაკუთრებული იყო პრეკასთინგი. დავამახსოვრდი ჟიურის და შემდეგი ტურებიც მიმაჩნია, რომ იყო სასიამოვნო და კარგი. გამოვარჩევდი პირველ, გია ყანჩელის ტურს. ეს იყო მართლაც დასამახსოვრებელი, რადგან ნიკოლოზ რაჭველთან და მის ორკესტრთან ურთიერთობის საშუალება მომეცა, ეს კი ჩემთვის, 19 წლის გოგონასთვის, ძალიან დიდი ფუფუნებაა.

როგორია შენი ემოცია, როდესაც ასეთი დიდი პუბლიკის წინაშე გიწევს სიმღერა?

ჩემთვის სცენაზე დგომა ყოველთვის ამაღელვებელია. როცა „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე   ჟიურის წინაშე ვდგავარ და ისინი  ჩემს ნამღერს ელოდებიან და მე მათ შეფასებას, ამ დროს განსაკუთრებით ვნერვიულობ ხოლმე.  ვფიქრობ, ისინი რომ არ იყვნენ, ალბათ უფრო გახსნილი ვიქნებოდი და ნაკლებას ვინერვიულებდი, თუმცა ესეც აუცილებელია, რომ უკეთ შევეჩვიო ასეთი დიდი ადამიანების ყურებას და მათ წინაშე გახსნილად მღერას.

თუ ელი რომელიმე ჟიურის წევრის შეფასებას  განსაკუთრებულად?

თითოეული ჟიურის წევრის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული მათგანი გაფასებს სხვა კუთხით. მაგალითად, სოფო უფრო ვოკალურად, გიორგი გაბუნია საბოლოო ჯამში აკეთებს შეფასებას. თითოეულს გამორჩეული ხედვა აქვს, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია.

როგორ ემზადები ფინალური შოუსთვის?

შემდეგი ყველაზე გამორჩეული ტურია. ვთვლი, რომ ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლოა, რადგან არც მქონდა ამდენი მოლოდინი, რომ ფინალში აღმოვჩნდებოდი. თავს უკვე გამარჯვებულად მივიჩნევდი, როცა ათეულში აღმოვჩნდი. ასეთი წარმატება ჯერ არ მქონია.

ნახევარფინალშის მსგავსად, ახლაც ორი ტური გვაქვს. პირველი ნაწილი მიუზიკლს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი ფოლკლორს, ჩვენი მენტორები სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი იქნებიან. მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა და ამაყი ვარ, რომ ასეთ ხალხთან ასეთი უშუალო შეხება მაქვს.

მუსიკის გარდა რა ინტერესები გაქვს?

როდესაც აბაშაში ვცხოვრობდი, ჩემი ინტერესებიც უფრო მრავალფეროვანი იყო. ცეკვაზე დავდიოდი, ანსამბლში ვიყავი, ვმოგზაურობდი, ასევე დავდიოდი ხატვაზე და სხვადასხვა სფეროთი ვიყავი დაინტერესებული. მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი გავხდი, ყველაფერი გადავდე, მუსიკაც ცოტა გვერდით დამრჩა. რაც სასაწავლებლად თბილისში გადმოვედი, მეტ-ნაკლებად ვახერხებდი მუსიკასთან შეხებას, თუმცა „მხოლოდ ქართულმა“ მთლიანად ამოატრიალა ეს პერიოდი და დღეს  ჩემი ყველაზე დიდი ინტერესის სფერო არის მუსიკა, სხვა ყველაფერი კი გვერდით მაქვს გადადებული.

როგორი არის შენი გეგმები მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება?

პროექტის დასრულებისთანავე ყველაზე მეტად რაც მინდა და გადაწყვეტილი მაქვს, არის აბსოლუტური დასვენება (იღიმის). უნდა განვიტვირთო ამ ემოციებისგან, შთაბეჭდილებებისგან, გამოცდილებისგან. პირველ რიგში, დავისვენებ, ხოლო კარიერული კუთხით ძალიან მინდა, რომ  სიღრმისეულად მივუდგე მუსიკას. შევისწავლო ის და იდეის დონეზე მაქვს, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარო.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედა და ჩემი ოჯახია. როგორც უკვე გითხარით, სწორედ დედას ინიციატივა იყო ჩემი პროექტში მოსვლა. ის მუსიკოსია, ამიტომ მის შეფასებებს განსაკუთრებით ველი ხოლმე.

როგორ ფიქრობ, რამდენად გაქვს გამარჯვების შანსი?

საფინალო ტურში ყველაზე ძალიან მხოლოდ ის მინდა, რომ ღირსეულად წარვდგე და ვიყო დასამახსოვრებელი.  გამარჯვება-არგამარჯვება უკვე მაყურებელზე და ჟიურიზეა დამოკიდებული, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება.

ნინუცა როსტიაშვილი

ზაქარია ჭელიძის ფოტოები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05