LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე: „ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ვეღარ შევაჩერებთ, ამიტომ მთავარ მიზნად უნდა დავისახოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა!..“

705
ninakobaxidze2011

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძე fortuna.ge-ს საქართველოს პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ესაუბრა და იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რის წინაშეც ქართული სახელმწიფო დღეს დგას. კორონავირუსთან მიმართებაში ბევრი დაგვიანებული ნაბიჯის შემდეგ დღეს, ჩვენი რესპონდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა რგოლმა გააცნობიეროს, რომ საქმე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხება.

დღევანდელი დღის მონაცემით, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედიცინა კორონავირუსთან მიმართებაში?

ნინა კობახიძე:

დღევანდელი მოცემულობით, და მნიშვნელობა არ აქვს, რა გაკეთდა ან რა არა და რატომ არ გაკეთდა მანამდე, ერთადერთ მიზნად უნდა დავისახოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. თუ ჩვენ არ ვირჩევთ საყოველთაო შეზღუდვის პოლიტიკას და ვერც ვირჩევთ, რადგან ყველაფერი პოლიტიკურ მოვლენებს ვანაცვალეთ, ერთადერთ მიზნად რჩება, რომ ქვეყანა კორონაპანდემიიდან რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის გარდაცვალებით გამოვიდეს.

ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ არც ერთი სექტორი, მათ შორის, არც სახელმწიფო და არც ხალხი ამგვარ რეალობას არ ელოდა. მოლოდინი იმისა, რომ შეიძლებოდა, ასე გაგვზრდოდა ინფიცირებულთა რაოდენობა, არ ყოფილა.

„ჯეოჰოსპიტალსის“ მაგალითზე გეტყვით, რომ ეს ექვსთვიანი პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ის კლინიკები გაგვერემონტებინა, რომლებიც თებერვალში ჩვენთვის ადამიანების სამკურნალოდ სრულიად მიუღებელ მდგომარეობაში გადმოვიბარეთ, დავამონტაჟეთ ჟანგბადის ქარხანა, ჩავდეთ ძალიან დიდი ინვესტიცია, რომ შეგვექმნა ელემენტარული პირობები და დაგვეკმაყოფილებინა სახელმწიფოს მოთხოვნები, ისეთი, როგორიც არის ფილტვების ვენტილაციის შესაძლებლობა, რეანიმაცია და ა.შ. ჩვენ დავასრულეთ რამდენიმე კლინიკა და დღეს, პრემიერთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ, კიდევ რამდენიმე ლოკაცია გადავცეთ, თუმცა კოორდინირებული მუშაობა აპრილშივე რომ დაგვეწყო და სახელმწიფოს სცოდნოდა, კერძო კლინიკებს რა შესაძლებლობები ჰქონდათ, ახლა უფრო მშვიდად ვიქნებოდით.

ჩვენ, მაგალითად, საგარეჯოსა და სამტრედიაში, ერთ ღამეში გაგვევსო 125 საწოლი. სასწრაფოს მოჰყავდა და კიბეებზე გვიტოვებდა კორონავირუსიან პაციენტებს. ძალიან რთულია, ადამიანებს უარი უთხრა ასეთ დროს. ყველას ჰგონია, რომ საავადმყოფოში უფრო მშვიდად იგრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, საერთოდ არ სჭირდებოდეს კლინიკაში დაწოლა. ახლა გონივრული მართვაა საჭირო იმისთვის, რომ კლინიკაში ის ადამიანები მოხვდნენ, ვისაც ძალიან სჭირდება, თუმცა სახლში დარჩენილი ადამიანებისთვის სწორად შეფუთულმა პაკეტმა უნდა იმუშაოს, მაგალითად, კორონავირუსით ინფიცირებიდან მეოთხე დღეს პაციენტი უნდა იღებდეს კატეს, კონკრეტულ კლინიკაში, რომ გამოირიცხოს ფილტვების ანთება, თუკი დადასტურდება, უნდა დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

მენეჯმენტის ამოცანები რამდენიმე ნაწილად უნდა გაიყოს, მათ შორისაა: 1. ბინაზე მართვა, და ეს იმდენად სწორად უნდა გაიწეროს, რომ პაციენტი არ დამძიმდეს და არ მოხვდეს კლინიკაში; 2. კლინიკაში უნდა მოხვდნენ პაციენტები, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება; 3. მნიშვნელოვანია უკვე დამძიმებული პაციენტების სწორი მართვა, როდის უნდა დატოვოს რეანიმაცია და ა.შ. ეს იმდენად არაერთგვაროვანი ვირუსია, რომ ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება; 4. მეტი ტესტირება უკეთ გაგვაფილტრინებდა რისკებს და ის ხალხი, ვინც სახლში დასარჩენი იყო, დარჩებოდა სახლში; 5. რისკჯგუფებისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღებაც კარგი იქნებოდა.

ნინა, როგორც ვიცი, თქვენ არ ხართ სრული შეზღუდვის დაწესების მომხრე…

ძალიან რთულია ამაზე დათანხმება, რადგანაც ეკონომიკა ისედაც რთულ მდგომარეობაშია და კოვიდის გადალახვის შემდეგ სერიოზულ პრობლემებს ველოდები ამ კუთხით, მაგრამ დღეს, როცა ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებ, როგორ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და მძიმდება პაციენტების მდგომარეობა, ბუნებრივია, ჩემთვის წინა პლანზე მოდის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. სამწუხაროა, რომ ჩვენთან პირველადი ჯანდაცვის რგოლი კარგად არ მუშაობს. აღარ მინდა კიდევ ერთხელ იმაზე ყურადღების გამახვილება, ვის რა უნდა ეკეთებინა და ვინ როგორ დააგვიანა, მაგრამ კერძო კლინიკებს სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს ის, რაც მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად სჭირდება. ჩვენ კი გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ კარგი იქნებოდა, არსებობდეს ერთიანი სისტემა, სადაც ზუსტად გამოჩნდებოდა, სად რა რესურსია სამედიცინო სფეროში კოვიდის მართვის კუთხით.

პრემიერთან შეხვედრაზე მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, თქვენ რა შეგიძლიათ, თუ რაიმე საინტერესო წინადადებები მოისმინეთ მისგან?

ძალიან კონსტრუქციული დიალოგი შედგა, ვისაუბრეთ იმაზე, ჩვენ რა შეგვიძლია გამოვყოთ და სანაცვლოდ სახელმწიფოს რისი გაკეთება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მიმდინარე საკითხები, რომლებიც დღემდე გადაუწყვეტელია. დავაყენეთ რიგი საკითხები, რას როგორ გავაკეთებთ. ჩვენი მხრიდან გავაჟღერეთ რამდენიმე ინიციატივა, რაც შეიძლება, საინტერესო იყოს სამომავლოდ, მაგალითად, საჭირო ნივთების შეძენა, რისი ფასიც გაათმაგდა, ერთიანად მოხდეს. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რაზეც დისკუსია გვქონდა.

თუკი ასე გაგრძელდა, ზოგიერთი სპეციალისტი 15-20 ათასი ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობს. ეთანხმები ამ მოსაზრებას?

მე, ზოგადად, ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ. ვაკვირდები დინამიკას პირველი დღიდან დღემდე. ჩვენს კრიტიკულ რგოლად რჩება რეგიონებში არსებული სიტუაცია. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ვირუსი აქვთ და ორი კვირის შემდეგ საკუთარი თავი ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიჰყავთ. ჩვენ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, უახლოეს ერთ კვირაში უნდა გავაკეთოთ აქცენტი ბინაზე დარჩენილების მონიტორინგზე, განსაკუთრებით, რეგიონებზე, რომ დავიცვათ ისინი შემდგომი გართულებებისგან.

არავის ვაკრიტიკებთ, არავისგან არაფერს ვითხოვთ, მაგრამ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. მაგალითად, არავითარი გარანტია არ მაქვს, რომ შემოწმებაზე ჯარიმა ამცდება მაშინ, როდესაც დავარღვევ რეგულაციას და საწოლებს ჩავდგამ იქ, სადაც ჩვეულებრივ დროს მეკრძალება და ა.შ.

ჩვენი დიალოგი სადაზღვევო თემით დავასრულოთ, როგორ ხედავთ მათ როლს, მით უმეტეს, როცა თავად ხელმძღვანელობთ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას („ბენეფიტსი“)?

ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლიდან ვთავაზობდით სახელმწიფოს, რომ სადაზღვევო კომპანიების რესურსი სწორად ყოფილიყო გამოყენებული. იცით, რომ სადაზღვევო კომპანიას ჰყავს დაქირავებული ოჯახის ექიმები და თავად არ ვახორციელებთ სამედიცინო სერვისებს. სადაზღვევო  სისტემა საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს ემსახურება. პირველივე დღიდან ვამბობდით, მოდით, გადავამზადოთ ოჯახის ექიმები. ძალიან ბევრ ფუნქციას ავიღებთ ჩვენს თავზე და შევეხიდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია-პანდემია მსოფლიოში არც ერთი სადაზღვევოს მიერ არ იფარება და ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მზად ვართ, ოჯახის ექიმებს გადავუხადოთ დამატებითი თანხები და მოვემსახუროთ ჩვენს დაზღვეულებს და ამას ვაკეთებთ კიდევაც, მაგრამ აქაც უფრო მეტი კოორდინაციაა შესაძლებელი. კარგი იქნება, თუკი ოჯახის ექიმი გადაამისამართებს კოვიდიან პაციენტს კონკრეტულ კლინიკაში, რომ მეოთხე დღეს გადაიღოს კატე, შემდეგ გაიკეთოს დე დიმერის ანალიზი და ა.შ. ხშირია შემთხვევა, როცა კოვიდიანი პაციენტი დადის სხვადასხვა კლინიკაში, ზოგი საერთოდ მალავს დიაგნოზს და შემდეგ ეს ხდება გავრცელების დამატებითი ფაქტორი. ოჯახის ექიმი შემაკავებელი რგოლია. ჩვენ ამას ყველაფერს ახლა ვაკეთებთ სწრაფ-სწრაფად. როდესაც სინქრონიზებასა და კოორდინაციაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ყველა რგოლის წარმატება მნიშვნელოვანია და ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უდრის. დღეს თითის გაშვერის დრო არ არის, დღეს ყველანი ერთ ნავში ვართ და გვაქვს საუბარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები