LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ საქართველოს 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 2/3 შესრულებული ჰქონდეს

175
F56F7AF2-059A-448E-B62D-34B63EFA3E0B

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, სადაც განხილვის მთავარი თემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დღის წესრიგია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დელეგაციის წევრებმა ევროპარლამენტარებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე და 2022-2023 წელს განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

მისივე თქმით, 2024 წლისთვის საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორი მესამედის შესრულებას გეგმავს.

„ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისას აღინიშნა, რომ ჩვენი ამბიციური ამოცანაა,  საქართველოს 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორი მესამედი ჰქონდეს შესრულებული. ამ მხრივ, ჩვენ ევროპარლამენტარებისგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ.

მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება, რაც ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, შეხვედრებზე საუბრის კიდევ ერთი თემა ჟან მონეს დიალოგი იყო. ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის პირველ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება გეგმა, როგორ გაიმართება ჟან მონეს დიალოგი.

„ჟან მონეს დიალოგთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი გვქონდა მარია კალიურანდთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეების გადასაწყვეტია რა ფორმით უნდა გაიმართოს ეს დიალოგი და დაველოდებით მათ პირველ შეხვედრას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.