LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა მელია პრობლემურია, რადგან ის გამოკვეთილი ლიდერია” – როგორ აფასებენ ნიკა მელიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს?

139
60463788-2416724565229027-189573864966062080-n

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა “ქართუ ბანკის” საქმეზე დღეს დილით გაიმართა. განაჩენი უკვე ცნობილია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელია 25 000 ლარით დაჯარიმდა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება ორი წლითა და სამი თვით შეეზღუდა.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ უმრავლესობამ კვლავ საკუთარ დეპუტატებს უნდა გადააწყვეტინოს მისი უფლებამოსილების საკითხი. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, “ქართული ოცნების” მთავარი მიზანი, მისი პარლამენტიდან გაშვებაა.

ამ საქმეს ხელისუფლებისთვის, დაკავების საფუძველი რომ მიეცა, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა.

დღევანდელი გადაწყვეტილება გადის “კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე” აღსასრულებლად. არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარი გუნდის წევრებს თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს. კვლავ ჩაუგდო კენჭი “ქართულ ოცნებაში” შემორჩენილ დეპუტატებს და მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში – ნიკა მელია ვადის ამოწურვამდე იქნება თუ არა მათი კოლეგა. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ.

ფაქტია, გვაქვს მოცემულობა, როგორც ადრე, 26 ივნისს იყო, შეიკრიბა “ქართული ოცნების” დეპუტაცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავეპატიმრებინეთ. შემდეგ გადაიფიქრეს. რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება “ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე”, – აცხადებს ნიკა მელია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

 

მელიას ხვალვე ექნება უფლება კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა

ნიკა მელიას საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შეაფასა. მშვენიერაძის განმარტებით, განაჩენის მიუხედავად, ნიკა მელიას არჩევნებში მონაწილეობის მიღება მაინც შეუძლია.

„ნიკა მელიას გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის (თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის) დანიშვნით ავტომატურად არ უწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რადგან ეს სასჯელი დანიშვნითი (და არა არჩევითი) თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას მოიცავს, ხოლო პარლამენტის წევრობა არჩევითი თანამდებობაა. თუმცა, თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო. საინტერესოა, როგორ მოხდება კონსტიტუციის ამ ნორმის ინტერპრეტაცია. მათ შორის, ეს ეხება დეპუტატობის დროს ჩადენილ დანაშაულს თუ მანამდე ჩადენილ დანაშაულსაც?

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკა მელიას ხვალვე ექნება უფლება, როგორც კანდიდატმა, კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ იქნას დეპუტატად არჩეული, რადგან საარჩევნო კოდექსით მსჯავრდებულთაგან მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს ეზღუდებათ პასიური საარჩევნო უფლება. ალბათ ეს მოცემულობაც გასათვალისწინებელი იქნება პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას.“ – წერს გიორგი მშვენიერაძე.

 

ეს არის მათი სტილი, ბრეჟნევივით მარტო თავისთავთან ატარონ სხდომები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, უმრავლესობას სავარაუდოდ  მელიას პარლამენტიდან გაძევება სურს. უგულავას თქმით, ის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა.

როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ…  ალბათ მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. ეს არის მათი სტილი, ბრეჟნევივით მარტო თავისთავთან ატარონ სხდომები, გარედან დისკომფორტი არ მოსწონთ. ველოდებოდი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა, რამდენად გაქაჩავდა პატიმრობას, ამაზე იყო საქმე. სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება. ახლა ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ყველას განრიდება გაუკეთეს

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ გამოცხადებული გადაწყვეტილება არაფერს ცვლის. ხოლო მელიას ციხეში ჩასმით, ქვეყანას კიდევ ერთ პოლიტპატიმარი ეყოლებოდა.

“მელია ციხეში რომ ჩაესვათ, თვალნათელი იქნებოდა, რომ საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს. ყველას განრიდება გაუკეთეს გარდა ქვეყანაში არმყოფი ადეიშვილისა და მელიასი. არაფერს არ ცვლის ეს გადაწყვეტილება. რომ ჩაესვათ, გვეყოლებოდა კიდევ ერთი პოლიტპატიმარი და კიდევ ერთი პოლიტკური განაჩენი იქნებოდა ივანიშვილისთვის,” – განაცხადა ბოკერიამ.

 

ცხადია, რომ ამოცანა მანდატის შეჩერებაა

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნიკა მელიაში საფრთხეს ხედავს, რის გამოც მისი განეიტრალება სურთ.

„ცხადია, რომ ამოცანა მანდატის შეჩერებაა. ნიკა მელია პრობლემურია, რადგან ის გამოკვეთილი ლიდერია, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ღირსებები გააჩნია, ადამიანების აყოლიების და მათზე კარგი ზემოქმედების.  ცხადია, ყველა ასეთ ფიგურაზე მცდელობა იქნება, რომ იყოს განეიტრალებული“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ერთ-ერთ ეპიზოდში გამართლდა, ხოლო მეორე ეპიზოდში, სადაც საუბარია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.