LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკა აგლაძეს სასწაულად გადარჩენილი ინტელიგენტური გენის რეალიზებულ ფენომენად აღვიქვამ…“

1329
ნიკა-აგლაძე

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, ნიკა აგლაძე მძიმე დაავადებას ებრძვის. მისთვის თანხა გროვდება. სოციალურ ქსელში ზაზა აბზიანიძემ გამოაქვეყნა ჩანახატი ნიკა აგლაძის შესახებ, სადაც მისი იშვიათი თვისებების შესახებ წერს:

„ნიკაზე ფიქრმა საბჭოთა დრო გამახსენა და ახლა აგიხსნით რატომ: წლიდან წლამდე ერთი ასეთი ლოზუნგი მეორდებოდა: „Незаменимых людей не бывает!“- ანუ „შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო!“ – ალბათ, ზემოდან ასე ჩანს… მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასე არ არის. და ამის საუკეთესო დასტური – ნიკა აგლაძის მაგალითია! ამ უნიკუმის, ამ, სრულიად განუმეორებელი ნიკასი – თავის მოწაფეთათვის სკოლაში, თანაგუნდელთათვის „ინტელექტუალთა კლუბში“, კოლეგებისათვის – ლიტერატორი იქნება ეს თუ ისტორიკოსი. ახლობლებსა და მეგობრებზე აღარაფერს ვამბობ…

ქართველისა და ევროპელის იგივეობა ლამაზ მეტაფორად დარჩებოდა ნიკასნაირი ადამიანები რომ არ არსებობდნენ. მასთან მეგობრობა თუ თანამშრომლობა – ესაა ტკბობა ამ იშვიათად ჰარმონიული ხასიათით, ამ ქართულ-ევროპული კულტურის ნაზავით, ამ ამოუწურავი ინტელექტუალური ცნობისწადილით და ზნეობრივი უკომპრომისობით.

ჩვენი დამეგობრების პირველი დღიდან მე მას ძალიან ვამსგავსებდი XIX საუკუნის იმ ქართველ მოღვაწეებს, რომელნიც თავის ევროპულ გამოცდილებას უსათუთეს ქართულ თვისებებს უთავსებდნენ და მართლაც სასწაულს მოახდენდნენ, მაგრამ, ვინ აცალა?!

მთელი 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმმა – ჯერ რეპრესიებით და ტერორით, შემდგომ უკვე მოსყიდვითა და გადაგვარებით – გამიზნულად, შერჩევით, ამოძირკვა ადამიანის ეს იშვიათი ჯიში, ეს ფსიქოტიპი – იდეალისტის, მაგრამ ამასთანავე გაწონასწორებული და მაქსიმალურად ქმედითი ინტელიგენტის. პროფესიები დატოვეს – მწერლისაც, მეცნიერისაც, ხელოვანისაც… ამათი არ ეშინოდათ…

სწორედ იმ, სასწაულად გადარჩენილი ინტელიგენტური გენის რეალიზებულ ფენომენად აღვიქვამ ნიკას (მითქვამს კიდეც მისთვის ამის შესახებ) და მის გადარჩენას როგორღაც კულტურის ეკოლოგიის სფეროს მივაკუთვნებ.

ღვთის მადლით, წარსულს ჩაბარდა საბჭოთა დრო, აღარც მითოლოგიური გველეშაპები ითხოვენ ყველაზე გამორჩეულ მსხვერპლს…

თანამედროვე გველეშაპს „კავერნომა“ ჰქვია და მოდით, ყველამ ერთად, როგორმე გამოვტაცოთ მას ჩვენი განუმეორებელი ნიკა აგლაძე.

ეს კი მწერალთა სახლის ინფორმაციიდანაა და დიდად მადლობლი ვიქნები ჩემი იმ ფეისბუკ-მეგობრებისა, ვინც გააზიარებს ამ ტექსტებს.

18 იანვარს მწერალთა სახლში გაიმართება აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა ნიკას მხარდასაჭერად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, რამდენიმე მუზეუმი, სტარტაპერი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია.

მწერალთა სახლში საშუალება გექნებათ, შეიძინოთ თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები.

აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე

BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე

დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები