LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი” – ფორტუნა აკადემია

422
img-0052-2019-09-11-08-34-21-374981

როგორ მოქმედებს ადამიანზე სიზარმაცე – ამ თემაზე “ფორტუნა აკადემიას” ტრენერი გიორგი კალატოზიშვილი ესაუბრა.

“სიზარმაცეს ყველაზე დიდი მიზიდულობის ძალა აქვს – არაფრის კეთების მიზიდულობის ძალა. როცა სიზარმაცეზე მცირე მოცულობის სტატიის დაწერა მთხოვეს, დავპირდი, რომ დავწერდი, მაგრამ მერე დამეზარა… მერე შემრცხვა, რადგან ეს თხოვნა იყო გამოხმაურება ჩემ ფეისბუქ პოსტზე, რომელიც ეძღვნებოდა სიზარმაცეს. მართლაც, წერდე სიზარმაცის მიზეზებზე და მის უარყოფით შედეგზე და თავად ავლენდე ამ თვისებას, არ იქნებოდა სამართლიანი პირველ რიგში საკუთარი თავისადმი. მოდით ცოტათი გავხურდეთ და ნეიტრალური თემით დავიწყოთ: აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უსაფრთხოების ღვედის შეკვრის და გამოყენების უგულებელყოფა ხდება 3 ძირითადი მიზეზით: დისკომფორტი, გულგრილობა და სიზარმაცე. საკუთარ სიცოცხლესთან ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება გვახსენებს ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში დამკვიდრებულ შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას, რომელთა შორის არის გულგრილობა და სიზარმაცე. გამოდის, რომ სიზარმაცე მართლაც კლავს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სიზარმაცე კლავს მოტივაციას, რომელიც ასე საჭიროა ჩვენთვის, ადამიანებისთვის.

სიზარმაცე, როგორც დროისა და ენერგიის ეკონომია…

მოტივაციას რაც შეეხება – 2015 წელს, გერმანიაში, სახლის პირობებში სმარტფონით და მობილური ტელეფონებით ინტერნეტის მოხმარების მთავარი მიზეზების დადგენის მიზნით გამოიკითხა 1500-მდე რესპონდენტი, რომელთა 54% ასეთად დაასახელა სიზარმაცე. ამ პასუხის ინტერპრეტაცია რომ გავაკეთოთ, სახლის პირობებში ინტერნეტის მოხმარებისას მომხმარებელი ზოგავს როგორც დროს, ისე ენერგორესურსებს.

გახსოვთ ბილ გეითსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატა? “I choose a lazy person to do a hard job. Because a lazy person will find an easy way to do it.” – „რთული სამუშაოს შესასრულებლად ზარმაც ადამიანზე გავაკეთებდი არჩევანს, რადგან ის იპოვნიდა იოლ გზას მის შესასრულებლად“ – რა არის ეს თუ არა დროისა და ენერგიის ეკონომია. ჩვენ ყველანი „ვზარმაცობთ“, როცა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით ვიხდით კომუნალურ გადასახადებს, ჯარიმებს, ვიძენთ საჭირო პროდუქტს, ვტკბებით პირდაპირ რესტორნიდან სახლში მოტანილი საკვებით…

ჩვენ ვიცით, როგორ დავხარჯოთ ჩვენი დროის და ენერგიის 20% და მივიღოთ შედეგის 80% და ამას არ ვუწოდებთ სიზარმაცეს. ამ მხრივ არაფრით განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს პასიურად და აქტიურდება მეტწილად ერთი მთავარი მიზეზის და მიზნის გამო – თვითგადარჩენის. ერთი გაურბის საფრთხეს, რათა გადარჩეს, ხოლო მეორე ცდილობს მოინადიროს, რათა გამოიკვებოს და გამოკვებოს თავისი ნაშიერი. ორივე შემთხვევაში მთავარია მოტივაცია. გარეულ სამყაროს რომ დავანებოთ თავი, შინაურ ცხოველებშიც იგივე სურათია – ადამიანის ყველაზე ერთგული მეგობარი, ძაღლი თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს პასიურ მდგომარეობაში: წევს, ძინავს. ასე შეიძლება განვლოს მთელ დღემ, მაგრამ შემოსასვლელ კარზე კაკუნის გაგებისთანავე წამოხტება და პატრონზე ადრე მიირბენს ყეფა-ყეფით. ამ მარტივ მაგალითზე ისიც ჩანს, რომ ძაღლი გააქტიურდება მაშინ, როცა კონკრეტულ მოვლენას მიანიჭებს მნიშვნელოვნებას. ჩვენც ასე ვართ – it’s all about motivation. მოტივაცია მაღლდება, როცა რაღაცას ვანიჭებთ უფრი მეტ მნიშვნელობას, ვიდრე მანამდე ვანიჭებდით.

სიზარმაცე, როგორც წარუმატებლობის შედეგი…

რატომ ქრება მოტივაცია? რატომ არ ვანიჭებთ მნიშვნელოვნებას იმას, რასაც ვაკეთებთ? ფსიქოანალიტიკოსი, ლაურა მილერის აზრით, ადამიანებში სიზარმაცის ერთ-ერთი მიზეზი წარუმატებლობის შიშია. ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც ცხოვრობს 3 განზომილებაში – წარსულ, აწმყო და მომავალ დროში. წარუმატებლობის შიშის საფუძველი სამივე დროშია. ჩემი შვილის, ნონის ქცევაზე დაკვირვებამ მომცა ღირებული ინფორმაცია მისი დამოკიდებულებისა და, ცხადია, ქცევის შესახებ – თუ მას რაღაც არ გამოსდიოდა კარგად წარსულში, ის თავს არიდებდა ამ საქმეს როგორც აწმყო, ისე მომავალ დროში. სიზარმაცე პირდაპირპროპორციულ კავშირშია კომპეტენციასთან, რომელიც შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო, ან მაღალი. პროფესიული თუ ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გამომუშავების თვალსაზრისით საინტერესოა კომპეტენციის 4 დონე, 4 საფეხური, რომელიც უნდა განვლოს ადამიანმა ჩამოყალიბების პროცესში. არაცნობიერი არაკომპეტენტურობა – როცა არ იცი ის, რომ რაღაც არ იცი, სანამ არ გკითხავენ და დაგავალებენ; ცნობიერი არაკომპეტენტურობა – როცა იცი ის, რომ რაღაც არ იცი; ცნობიერი კომპეტენტურობა – როცა რაღაც იცი, მაგრამ გჭირდება დახელოვნება და უნარების სრულყოფა და არაცნობიერი კომპეტენტურობა – როცა აკეთებ შენ საქმეს თითქმის ავტომატურად (მაგალითად, მართავ ავტომობილს ისე, რომ აღარ გჭირდება სიჩქარის გადამრთველ კოლოფზე კონცენტრირება და იმაზე ფიქრი, ახლა რომელ სიჩქარეში უნდა გადართო). მათ შორის ყველაზე მტკივნეულად ადამიანი განიცდის ე.წ. ცნობიერ არაკომპეტენტურობას, რადგან ის მიუთითებს იმ მომენტში მის არასრულფასოვნებაზე და არასრულყოფილებაზე, რაც ბევრ ადამიანში იწვევს სტრესს, ხოლო შემდეგომ უკვე დეპრესიას. როცა ცნობიერი არაკომპეტენტურობის აღქმა დიდია, ადამიანი თავს არიდებს იმ აქტის განხორციელებას და უნარის გამოვლენას, რომლისთვისაც შეიძლება გააკრიტიკონ. ნონი ჯერ მხოლოდ 5 წლის არის, მაგრამ ჩვენი, მშობლების მხრიდან მისი ყოველდღიური აქტივობის სტიმულირების გარეშე, დიდი ალბათობით, მოექცეოდა ცნობიერი არაკომპეტენტურობის წნეხის ქვეშ და დაკარგავდა მოტივაციას. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩემი შვილი ხატავს, მისი მოტივაციის ასამაღლებლად და სტიმულირებისთვის ვიყენებთ მხოლოდ პოზიტიურ უკუკავშირს. და ასე იქცევა, დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელი. მაშინაც კი, როცა ოთახია დასალაგებელი, ყველაზე მნიშვნელოვანია მისი სწორი მოტივირება, რათა არ სძლიოს სიზარმაცემ – „დალაგებული ოთახი“ vs “მეტი თავისუფალი ადგილი გართობისთვის“, „მოწესრიგებული ოთახი“ vs „ზუსტად იცი, სად დევს შენი საყვარელი სათამაშოები“… კომპეტენციის ამაღლება ხელს უწყობს წარუმატებლობის შიშის დაძლევას, რადგან ქრება ე.წ. უხილავი წერტილები, გაურკვევლობის ფაქტორი, რომელიც კვებავს შიშს. სწორი მოტივაცია სახლში, სწორი მოტივაცია სამსახურში – განსხვავებული გარემო და იდენტური შედეგი – პროდუქტიული ადამიანები ჩვენ გარშემო, რომლებიც აღარ ზარმაცობენ.

ახლაც კი, როცა ვწერ ამ წერილს, სახლში მაქვს გასაკეთებელი პატარ-პატარა საქმეები, რომლებიც თითქოს უმნიშვნელოა ჩემთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, მისი კომფორტისთვის და უსაფრთხოებისთვის. მეზარება. მაგრამ სიზარმაცის დაძლევის წამალი ისევ მოტივაციის პოვნაშია – აკეთო ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია. სიზარმაცის დაძლევა გიადვილდება თუ შენ ქმედებას აფასებ ღირებულებების უფრო მაღალი საფეხურიდან – რატომ ვაკეთებ? კიდევ ვისთვის არის მნიშვნელოვანი ის, რასაც მე ვაკეთებ? ვინ ვხდები მე ამის შედეგად?”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები