LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: დეპრესია ნორმალური ადამიანური განცდაა და არა მაინცდამაინც დაავადება

997
80114217-2221958698109824-6153041221368414208-n

რა არის დეპრესია და რამ შეიძლება გამოიწვიოს – ამ თემაზე ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ „აზროვნების აკადემიაში“  ისაუბრა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ “დეპრესია ნორმალური ადამიანური განცდაა და არა მაინცდამაინც დაავადება, რომელიც ერთხელ მაინც რაღაც დოზითა და ხანგრძლივობით ყველას უგრძნია. შესაძლოა, ეს გამოწვეული ყოფილიყო სიყვარულის მიზეზით, გლოვის მდგომარეობითა ან სხვა ადამიანური დანაკარგით.”

ნათია ფანჯიკიძის თქმით, დეპრესია, რომელიც გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, არაა აუცილებელი, რომ გაფორმებული იყოს განსაკუთრებული, მძიმე დარტყმებით.

“ეს შეიძლება იყოს უბრალოდ არასწორი აღზრდის შედეგი, როდესაც ადამიანი მოლოდინებს ვერ ამართლებს. ბავშვმაც კი იცის თუ რას ველით მისგან. ადრეული ასაკიდანვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია აღიარება; მნიშვნელოვანია, რომ ვაცადოთ თავის ტემპში განვითარება; როდესაც მშობლებს ან ძალიან მაღალი მოლოდინი აქვთ, ან პირიქით- დამთრგუნავი, ასე ვთქვათ, მაკასტრირებელი მოლოდინი, მაშინ ადამიანი თავიდანვე დეპრესიულ ფსიქოტიპად ყალიბდება.

დეპრესიული ფსიქოტიპი შესაძლოა სულაც არ იყოს დეპრესიით დაავადებული, ისევე, როგორც ჩვენს ხასიათში ნებისმიერი დაწინაურებული ხაზი, რადგან ჩვენ ხშირად უფრო შერეული ტიპები ვართ; ყველანაირი ფსიქოტიპის მახასიათებელი  მეტ-ნაკლებად დაბალანსებული გვაქვს: ხან ისტერიული რეაქცია შეიძლება გვქონდეს, ხან სრულიად ფორმალური, ემოციური კავშირი სამყაროსთან, როგორც შიზოიდურ, ძალიან რაციონალურ ფსიქოტიპებს სჩვევიათ; ხან შესაძლოა, ჩვენც გვქონდეს რაიმე აკვიატება და არ იყოს ნევროტული და იყოს, ვთქვათ- ოდნავ გადაჭარბებული; ჯანსაღი აკვიატებები ყველას გვაქვს. მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ფსიქიკის განსაკუთრებული ტრავმირება ხდება, ჩვენს ხასიათში რომელიმე ერთი ხაზი წამოიწევს ხოლმე და თუ ეს დეპრესიული ფსიქოტიპის ხაზია, ასეთ შემთხვევაში, ამ ადამიანების კარგი მხარე იჩენს თავს- ეს არის ემპათიურობა; ადამიანი იმსჭვალება საოცარი თანაგრძნობით, რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, არის ის, რომ საკუთარი საკუთარი სიცოცხლე არ ესახება ღირებულად და მას გამართლებას  მხოლოდ მაშინ უძებნის, როცა  სხვას უძღვნის.

თუკი ნებისმიერი, ელემენტარული ქცევაც კი სხვას ეძღვნება, ასეთი ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა ალტრუისტული სუბლიმაცია, ისეთ სამსახურებში მუშაობა, სადაც მსხვერპლშეწირვა და ძალიან დიდი თანაგანცდაა საჭირო. ასეთი რამ ადამიანების თვითშეფასებას ძალიან მაღლა სწევს, რადგან, მათ საოცარი ბრალის განცდა აქვთ იმაზეც კი, რაც არ ჩაუდენიათ. ეს ბრალეულობის განცდაც იქიდანაა, ვერავის მოლოდინი რომ ვერ გაამართლეს; მოლოდინები კი, თქვენც იცით, უამრავია… რამდენ ძალადობრივ გვირაბში უნდა გავიაროთ, სანამ ზრდასრულები გავხდებით და რამდენი ვინმეს და რამის მოლოდინი უნდა გავამართლოთ: ჯერ მშობლების, მერე გაფართოებული ოჯახის, ნათესავების, პირველი სართულის მეზობლების, საზოგადოების, ტრადიციის, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ და ბეწვის ხიდს გავდივართ, როდესაც ვცდილობთ შევინარჩუნოთ ელემენტარული უღალატობა საკუთარი თავის მიმართ, რომ ის ელემენტარული „მე“ -ს სურვილები მაინც დავიკმაყოფილოთ, რაც ოდნავ მაინც გაგვაბედნიერებს და შეგვაძლებინებს გავუძლოთ ყველა ამ ძალადობას, გავუძლოთ ყველა ამ მოთხოვნას, რასაც ჩვენგან ითხოვენ და, ხშირად, შეიძლება, სულაც, ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს სურვილებს”

 

ფოტო: “აზროვნების აკადემია”
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები