LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა გაგუას საშემოდგომო რჩევები

88

დიეტოლოგმა ნატა გაგუამ საკუთარი ბლოგი საშემოდგომო რჩევებს დაუთმო.

…რომ ვაკვირდები, ჩვენი საზოგადოება წელიწადში ორი პერიოდისთვის ემზადება საგანგებოდ – საახალწლოდ და საზაფხულოდ, ზღვის სეზონისთვის.

მას შემდეგ, რაც ზაფხულის ციებ-ცხელებამ ჩაიარა (ვიმედოვნებ, სწორედ ისე, როგორც გეგმავდით და ისურვებდით), ყოველდღიურობას დაბრუნებულებმა უმალ ზამთარზე დავიწყეთ ფიქრი.

თუმცა გვავიწყდება, რომ ზამთრამდე მშვენიერი შემოდგომაა – ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი, რომლის ყოველი დღითაც ბოლომდე უნდა დავტკბეთ და ვისიამოვნოთ.

ამ სეზონს, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ადამიანის ორგანიზმისთვისაც მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია.

შემოდგომაზე ხშირია ასთენია ანუ ფიზიკური და ნერვული სისუსტე, უღონობა (ადვილად დაღლა, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ემოციური  გაუწონასწორებლობა, ძილის დარღვევა და ა.შ.)

სწორედ ამ თემაზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო.


ნუ გამოსცდით იმუნიტეტს

შემოდგომა რადიკალური დიეტების დრო არ არის. ამ სეზონზე გირჩევთ, თქვენი იმუნიტეტი დაინდოთ,  მას მკაცრ გამოცდას ნუ მოუწყობთ. გაითვალისწინეთ, წინ ზამთარი გველის, რომელსაც აუცილებლად გაძლიერებული იმუნური სისტემით უნდა შევხვდეთ.

აქვე იმასაც შევნიშნავ, რომ იმუნიტეტის გაძლიერებას ზოგჯერ არასწორად იგებენ და მას გაძლიერებულ კვებასთან აკავშირებენ. ბევრი წონის კონტროლს საერთოდ ივიწყებს იმ მიზეზით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, თბილ სამოსსა და ქურთუკებში გამოწყობილებმა, ზედმეტი კილოგრამები შეგვიძლია იოლად დავმალოთ.
ერიდეთ ნაყროვანებას, ამით უჯრედების აქტიურობას და სწრაფ თვითგანახლებას შეუწყობთ ხელს.

დაიმახსოვრეთ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო

  • ჯანსაღი კვება ( ანტიოქსიდანტებით  მდიდარი საკვები, ასაკის შესაბამისი კვება)
  • წყლის სწორი მიღება   (ადამიანმა 1 კგ მასაზე უნდა მიიღოს მინიმუმ 30 მილილიტრი წყალი. ეს რეკომენდაცია განკუთვნილია მხოლოდ ნორმალური მასის ან ამ მასასთან  ახლოს მყოფი ადამიანებისთვის. წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია წელიწადის დროზე, დღის პერიოდზე, ამინდზე,  ასაკზე, ფიზიკურ აქტივობაზე და ა.შ. წყლის დალევა სასურველია საკვების მიღებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე და საკვების მიღებიდან მინიმუმ ერთ საათში. მიღებული წყლის ტემპერატურა უმჯობესია, იყოს სხეულის ტემპერატურასთან ახლოს.
  • ფიზიკური აქტივობა (მნიშვნელოვანია, ფიზიკურ დატვირთვასა და დასვენებას შორისბალანსის დაცვა; ასევე გასათვალისწინებელია ასაკი და ფიზიოლოგიური თავისებურებები;მთავარია  რეგულარობა).
  • კონტრასტული შხაპი (პროცედურა დაიწყეთ ტემპერატურის მცირე ცვალებადობით.თბილი წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 38 გრადუსს, გრილი წყლის კი 28 გრადუსს. უმჯობესია, შხაპი დილით მიიღოთ).
  • მოწესრიგებული ძილის რეჟიმი (ძალიან მნიშვნელოვანია ძილი 17-18 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. ეს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. – გარემოს  ტემპერატურა ხომ პირდაპირ განსაზღვრავს ნივთიერებათა ცვლის და ასაკობრივი ცვლილებების განვითარების ტემპს. ჯანმრთელ ადამიანს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სიღრმის ძილი აქვთ. ზრდასრული ადამიანისთვის ძილის ნორმაც – 7/8 საათი – პირობითია. ზოგიერთს 9/10-საათიანი ძილი სჭირდება; ზოგს კი  4/5 საათი ყოფნის.  არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – ძილი ორგანიზმის ბუნებრივი დასვენებაა, რომელიც თქვენს სიცოცხლისუნარიანობას უწყობს ხელს, გამოფიტვისგან იცავს თავის ტვინის ქერქის უჯრედებს და აღადგენს იმ ენერგიას, რომელიც სიფხიზლის პერიოდში იხარჯება).
  • ემოციური განტვირთვა  (დროდადრო შეგიძლიათ მოდუნდეთ და აკეთოთ ის, რის უფლებასაც თავს ჩვეულებრივ, არ აძლევთ).
  • მავნე ჩვევებზე უარის თქმა.


აქვე ჯანსაღ კვებას მცირედით განვმარტავ:
ასეთი კვება გულისხმობს ყოველდღიურად მრავალფეროვანი საკვების მიღებას. სასურველია, კვებისას ყველა ჯგუფის პროდუქტი გამოვიყენოთ. დღის რაციონი უნდა იყოს ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ გამოყენებული პროდუქტების ხარისხიც.

ამასთან, არ დაივიწყოთ ისიც, რომ შემოდგომა ჩვენი ჯანმრთელობის რეგულარული გაკონტროლების დროცაა.   – ზამთრის დადგომამდე, სასურველია, ორგანიზმის კომპლექსური სამედიცინო შემოწმებაც ჩაიტაროთ.

ნუ გარისკავთ ცალსახად ცილოვან ან ნახშირწყლოვან დიეტებს

სულაც არ მსურს იმის თქმა, რომ თუკი ფორმაში ჩადგომა გსურთ, შემოდგომის თვეებში დიეტას საერთოდ არ მიმართოთ. მაგრამ არასრულფასოვანი კვება არანაკლებ მავნებელია.

უბრალოდ, წელიწადის ამ დროს განსაკუთრებულად სარისკოა მაგალითად,  ცალსახად ცილოვანი ან ნახშირწყლოვანი დიეტის დაცვა – როდესაც სრულად იღებთ რაციონიდან ერთ რომელიმე პროდუქტს ან პროდუქტების ჯგუფს.

სხვა საქმეა, თუ სისტემურ დიეტასთან გვაქვს საქმე, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის სპეციალისტის მიერაა დანიშნული.

ვიყოთ რეალისტები

ახალი პაციენტებიდან ზოგიერთი მისვამს ასეთ შეკითხვას: სულ ასე უნდა ვიკვებო? მთელი ცხოვრება ასეთ რეჟიმში უნდა ვიყო? – ისეთი შფოთვაა მათ თვალებში! შფოთვა კი შეუცნობადის მოლოდინია. ასეთ დროს ერთი პასუხი მაქვს: უბრალოდ, ჯერ ფსიქოლოგიურად არ ხართ მომზადებული ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, როგორიცაა წონის კლება.

ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა; ჯანსაღი კვება კი ამ წესის უმნიშვნელოვანესი  კომპონენტია.
ასეთ შემთხვევაში, აჯობებს ადამიანი ჯერ თავად გაერკვეს, სინამდვილეში რა სურს  – ხაჭაპურის ნოყიერი და მოზრდილი  ნაჭერი თუ საოცნებო ფორმაში ჩადგომა.ორგანიზმთან ბრძოლა არავის მოუგია. მასთან მუდმივად კონფლიქტში ყოფნა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. გირჩევთ, საკუთარ ორგანიზმთან ჰარმონიული თანაცხოვრება არჩიოთ.

ვიყოთ რეალისტები! – ერთ დღეში მიზანი არ მიიღწევა. ფენომენალური ნიჭის მქონე ადამიანსაც კი  დიდი დრო  და გაუგონარი შრომა სჭირდება იმისთვის, რომ შედევრი შექმნას.

თუნდაც თითოეული ჩვენთაგანი… გავიხსენოთ ბავშვობისას, როცა ანბანს ვსწავლობდით ან უბრალო არითმეტიკას, რამდენს ვმეცადიენობდით, ვშრომობდით; როცა რომელიმე უცხო ენას ვეუფლებოდით, რამდენი ღამის გათევა მოგვიწია. – შესწავლის პროცესი დასაწყისში, სანამ ათვისების საკუთარ სისტემას მივაგნებთ, ძალიან რთულია. შემდეგ კი იგივე პროცესი ადვილდება, ჩვევაში გადადის და მიღებული შედეგები საოცარ სიამოვნებას გვანიჭებს.

ასევეა დიეტაც. – ეს თქვენი ცხოვრების ახალი წესია, რომელზე გადაწყობაც თავიდან იოლი არ იქნება და საამისოდ მზად უნდა იყოთ. როგორც კი კონკრეტულ სისტემას მოირგებთ და მას სტაბილურად მიჰყვებით, ჯანსაღი კვება თქვენი ცხოვრების წესი გახდება. შემდეგ ეს რუტინული წესი ჩვევაში გადავა და საბოლოოდ ის წარმოუდგენელ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ამისთვის კი სულაც არაა საჭირო დაუსრულებლად ექიმთან კონსულტაციებზე სიარული. – სრულებით საკმარისია ნუტრიციოლოგთან ერთი სრულყოფილი კურსის გავლა. მას შემდეგ კი, რაც თქვენთვის მისაღები კვების სისტემას მოირგებთ და მას ჩვევად აქცევთ, სპეციალისტის დახმარება მუდმივად აღარ დაგჭირდებათ. თქვენს წინ ახალი სამყარო გადაიშლება; თქვენი ცხოვრება კი სულ სხვა ხარისხში გადავა.

ოქროსფერ, ჰარმონიულ და თბილ შემოდგომას გისურვებთ, მეგობრებო!

 

natagagua.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები