შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს, თბილისში დაგეგმილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიების გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

  • ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი მოძრაობს იუსტიციის სახლის მიმართულებით.
  • დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე.
  • მსუბუქი ავტომანქანები კი მოძრაობენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან;
  • ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;
  • მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ბრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.

დღესვე აქციასთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება:

რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით;

რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე;

ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ.

მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება ღონისძიების დასრულებისთანავე- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნანკა ქოქიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები