LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწერები და ნაკბენები მომრავლდა: როგორ დავიცვათ ბავშვი და რა შემთხვევაშია ნაკბენი საშიში

2822
FORTUNA. GE

მწერები თბილისსა თუ რეგიონში ამ ზაფხულს კიდევ უფრო მომრავლდნენ. ეს კი ნაკბენებისა და შესაძლო შედეგების გამო, ბავშვებსა და მათ მშობებლებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

პედიატრები პირად მიმოწერებში ყოველდღე ხედავენ დაკბენილ პატარებს და კბენის შედეგად განვითარებულ სხვადასხვა რეაქციებს.

რატომ მომრავლდნენ მწერები, რა შემთხვევაშია მათი ნაკბენი საშიში და როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები მარტივად ზაფხულის ამ უსიამოვნო ნაწილისგან, რჩევებს “ფორტუნას” მკითხველს პარაზიტოლოგი ლია რამიშვილი და პედიატრ-ალერგოლოგი ლალი ბერიძე აძლევს.

ექიმები ამბობენ, რომ მწერების მომრავლება გარემოს ცვლილებებმა გამოიწვია. უამრავი სახეობის მუტაცია მოხდა, უფრო მეტი სახეობა შეეგუა ახალ პირობებს და შესაბამისად, მწერები ყოველ ზაფხულს სულ უფრო მრავლდებიან.

ლია რამიშვილი ამბობს, რომ მომრავლების მიუხედავად, მწერების ნაკბენისგან გამოწვეული დაავადებები არ გახშირებულა.

“არ არის ასეთი ტენდენცია, სერიოზული დააავადებები კლებისკენ არის წასული. ძალიან ხშირად მოგვმართავენ ე.წ. ბაღლინჯოს ნაკბენით. მოდიან შეშინებულები, რომ არ იყვნენ დაავადებულები. რა თქმა უნდა, რიგი სახეობები არიან დაავადების გადამტანები, მაგრამ ადამიანზე დაავადების გადატანის ალბათობა მაინც ნაკლებია,” – ამბობს ლია რამიშვილი “ფორტუნასთან” ინტერვიუში.

რაც შეეხება დაავადების ნიშნებს, როგორც პარაზიტოლოგი განმარტავს, ის სამი კვირის შემდეგ ჩნდება. ცვლილებები სისხლში უნდა ვეძებოთ, თუმცა შესაძლებელია დაავადებაზე მომატებულმა ტემპერატურამაც მიგვანიშნოს.

“სისხლის საერთო ანალიზი კეთდება და ეოზინოფილების მომატების შემთხვევაში მიგვაქვს ეჭვი დაავადებაზე. ეს ხშირი ნამდვილად არ არის. არ არის აუცილებელი შეშინდნენ მშობლები, უბრალოდ უნდა მოურარონ ნაკბენს, რომელმაც მექანიკური დაზიანების გამო, შესაძლოა ინფექცია შეიტანოს ორგანიზმში.

თუ დარჩა იქ დინგი, ფეხი, ის მექანიკურად უნდა ამოიღოთ. თუ ამის გაკეთება სტერილურად სახლში არ შეგიძლიათ, პოლიკლინიკას უნდა მიმართოთ.” – განმარტავს ლია რამიშვილი და აღნიშნავს, რომ დაავადების შემთხვევაშიც არ არის საჭირო პანიკა, რადგან ყველა დაავადება განკურნებადია.

 

ნაკბენი აუცილებლად უნდა დაამუშავოთ

პედიატრ-ალერგოლოგი ლალი ბერიძე ნაკბენის პირველადი დამუშავებისთვის ბეტადინს გვირჩევს, გარდა ამისა, რეკომენდირებულია ნაკბენის საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება. თუ ნაკბენი მრავლობითია, ანუ სხეულის ბევრ ადგილასაა, სასურველია მკურნალობაში ანტიჰისტამინური პრეპარატების ჩართვაც.

“ნაკბენების შედეგად გამოწვეული ალერგიული რეაქციები ნამდვილად საშიშია. თან ბოლო დროს გაურკვეველი და დაუდგენელი ეტიმოლოგის მწერები არიან ბუნებაში. ნაკბენის ფორმაც კი შეიცვალა. ზოგჯერ მშობელს ეშლება ნაკბენია, კვებითი ალერგია თუ სხვა რამ. ადრე ნაკბენის ფორმა იყო პატარა ფისტულის მსგავსი, ახლა უშველებელი, დიდი ჩირქოვანი თავით არის ხშირად. ამიტომ საყურადღებოა, რადგან არ მოხდეს ისეთი ინტოქსიკაცია, რომ მომავალში საშიში შედეგი გამოიწვიოს,” – ამბობს “ფორტუნასთან” ლალი ბერიძე.

როდესაც ნაკბენი საშიშად გამოიყურება, პედიატრი გვირჩევს, რომ კვება დიეტური გავხადოთ – ორგანიზმის გამაღიზიანებელი საკვები და ტკბილეული, რომელმაც შესაძლოა ალერგიული ფონი გააძლიეროს, მშობელმა ბავშვს არ უნდა მისცეს.

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ…

პედიატრი მშობლებს ურჩევს, რომ თუ ამ რეკომენდაციების შემდეგ, ნაკბენმა 5 დღეში არ გაიარა და სხეულს მოედო კიდეც, ექიმთან ვიზიტი აღარ უნდა დააყოვნონ.

“პირველ რიგში, ყველაზე ხშირად ალერგიულ ბავშვებში გვხვდება გართულებები. ასევე რთულად მიდის პროცესი, მათთან ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად, მალამოებს, ხსნარებსა და მედიკამენტებს ამ ნაკბენის მკურნალობა კარგად ექვემდებარება.

განსაკუთრებით საშიშია ფუტკრის ნაკბენი. თუ ფუტკრის ნაკბენზე ბავშვს ალერგია აქვს, არც უნდა დაფიქრდეს მშობელი, მაშინვე სტაციონარს უნდა მიმართოს,” – აცხადებს ლალი ბერიძე.

როგორ დავაფრთხოთ მწერები?

მწერები ყველას კბენს. შეუძლებელია 100%-ით დავიცვათ ბავშვი მათი ნაკბენებისგან, თუმცა არსებობს მარტივი რეკომენდაციები, რომელთა შესრულება გარკვეულწილად დაგვიცავს ჩვენც და პატარებსაც.

“სასურველია, რომ ტყე-პარკებში ბავშვები საღამოობით არ გავასეირნოთ, რადგან ასეთი დაავადების გადამტანი სახეობები უფრო საღამოობით სტუმრობენ ტყე-პარკებს. რეალურად ყველაფრის პროფილაქტიკის გატარება შეუძლებელია. შეიძლება ტყე-პარკში უფრო მეტი იყოს რისკი, მაგრამ სახლშიც კი არ ვართ დაცულები.

ბოლომდე ვერაფრისგან დაცულები ვერ ვიქნებით და ცხოვრებას ამის გამო ვერ შევაჩერებთ, შესაძლოა იმდენი რეკომენდაცია ვიცოდეთ, რომ ყველას გათვალისწინებისას გარეთ გასვლა არც კი მოგვინდეს. თუმცა, გარკვეული რეკომენდაციების დაცვა ურიგო არ არის.

ყველაზე მარტივი არის ძმრის წყალ-ხსნარის გაკეთება 1;1-ზე. ტამპონის მეშვეობით შეგვიძლია წავისვათ. ძმრის სუნზე ფრთხებიან მწერები და არანაირი სურვილი არღარ აქვთ იმ ტერიტორიის გარშემო იფრინონ და იარსებონ. ძალიან პატარა ბავშვებში სასურველია წყლის უფრო მაღალი კონცენტრაციით გაკეთდეს ასეთი ხსნარი 1:3-თან,” – ამბობს ლია რამიშვილი.

ასე რომ შეიარაღდით ანტიჰისტამინური პრეპარატებით, მალამოებით, ძმრით და თამამად გაიყვანეთ ბავშვი ბუნებაში.