LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა წყნეთის სამთავრობო აგარაკებსაც გაყიდის

357
5678

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა საპრივატიზაციო ნუსხაში წყნეთის სამთავრობო აგარაკებსაც შეიტანს. უახლოეს დღეებში ეს ობიექტი შეემატება იმ 117 ობიექტს, რომელიც უკვე წარდგენილია.

“დღეს შეთავაზება გავუკეთეთ არა მაინცდამაინც მსხვილ ბიზნესს, არამედ პირველ რიგში მცირე ბიზნესს და მაგალითად, მცირე ფერმერული მეურნეობა, სადღაც რეგიონში დაასაქმებს 10 ან 20 ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ნამდვილად მსხვილ ობიექტებსაც იხილავთ სიაში. აქაც არის მსხვილი ობიექტები, მაგალითად ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო. ეს მუდმივად შევსებადი სია იქნება”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა საპრივატიზებო ობიექტები წარადგინა. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიული პრივატიზება დაიწყო, რომლის მიზანსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია.

პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, პრივატიზების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტები დაემატება.

ცნობისთვის, აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები