აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ მსოფლიო ეკონომიკამ ახალი კორონავირუსის (კოვიდ19) პანდემიის შედეგად, შესაძლოა, 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა.

აზიის განვითარების ბანკმა დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ადგენს, რომ ეკონომიკურმა ზარალმა აზიასა და ოკეანეთში შესაძლოა იმერყევოს 1.7 ტრილიონი აშშ დოლარიდან — გავრცელების სწრაფი შეკავების, სამთვიანი სცენარის შემთხვევაში — 2.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე— ხანგრძლივი შეკავების ექვსთვიანი სცენარის შემთხვევაში, რაც მსოფლიო წარმოებაში რეგიონის წვლილს 30%-ით შეამცირებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შესაძლოა 1.1-დან 1.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე ზარალი ნახოს. ახალი ანალიზი აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ის მონაცემების განახლებული ვერსიაცაა. 3 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მსოფლიო ზარალი 2.0-დან 4.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე იყო ნავარაუდევი.

ADB-ის კოვიდ-19-ის რეგულაციების მონაცემთა ბაზა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას იმ მთავარ ეკონომიკურ მექანიზმებზე, რასაც ADB-ის წევრები პანდემიის წინააღმდეგ მიმართავენ. გავრცელების შეკავების მოკლე და გრძელ სცენარებში ანგარიში განმარტავს, რომ საზღვრების ჩაკეტვა, სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინი, რაც პანდემიით დაზარალებულმა ეკონომიკებმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს, მსოფლიო ვაჭრობას სავარაუდოდ 1.7-დან 2.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. დასაქმება მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება 158-დან და 242 მილიონამდე სამუშაო ადგილით, რაც აზიასა და ოკეანეთში ჯამური სამუშაო ადგილების დაკარგვის 70%-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის შემცირება 1.2-დან 1.8 ტრილიონ აშშ დოლარამდეა მოსალოდნელი, რომლის 30%-ს რეგიონის ეკონომიკები იგრძნობენ, ანუ 359 მილიარდიდან 550 მილიარდ აშშ დოლარამდე.

„ახალი ანალიზი წარმოადგენს კოვიდ-19-ის პოტენციური მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედების ფართო სურათს. ის ასევე ხაზს უსვამს ზარალის შესამცირებლად მთავრობის ღონისძიებების მნიშვნელობას. ახალი მონაცემები შესაძლოა მთავრობებს სახელმძღვანელოდაც გამოადგეს და იმ ზომების განსაზღვრაში დაეხმაროს, რაც პანდემიის შეკავებასა და ეკონომიკებსა და მოსახლეობაზე მისი ზემოქმედების შერბილებაში დაეხმარება,”-განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები