LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მშობლობა არ არის კონკურენცია და შეჯიბრი, თქვენ უნდა მოამზადოთ ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის”

1138
83411048-10221707450218845-8335785936688250880-o

მშობლებს ხშირად აინტერესებთ, როგორ განსაზღვრონ ბავშვის საჭიროებები. ამ თემაზე ხშირია რეკომენდაციები ფსიქოლოგებისგან. “ფორტუნა” გთავაზობთ გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” წამყვანის მარტა ქარუმიძის ბლოგს მშობლებისთვის.

“იმ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა, თანამედროვე მშობლები შვილებს ოცნებებს აღარ ვუტოვებთ, ისეთი სისწრაფით ვუსრულებთ სურვილებსო. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რა არის სურვილების შესრულებაში ცუდი? არც არაფერი, თუ განსაზღვრავთ, ეს სურვილი არის აუცილებლობა და საჭიროება თქვენი შვილის განვითარებისთვის, თუ ერთგვარი კაპრიზი სახელწოდებით „მინდა“.

როცა ბავშვთან ურთიერთობაში არ არსებობს ჩარჩო და სიტყვა „არა“, ბავშვი ეჩვევა, რომ ყველაფერი აქვს „რაც უნდა და როცა უნდა“. რამდენად პრობლემურია ეს საკითხი, ამ კითხვით ხშირად მიმიმართავს ფსიქოლოგებისთვის. მშობლებმა ბავშვები მომავალი ცხოვრებისთვის უნდა მოამზადონ. ცხოვრებაში კი ჩვენი ყველა სურვილი უპირობოდ არ სრულდება. როცა ბავშვი ეჩვევა, რომ მას აქვს ყველაფერი, პირველივე დაბრკოლება და უარი მასში იწვევს დაბნეულობას და რეალობასთან „შეჯახება“ უჭირს.

მშობელებს საუკეთესო უნდათ შვილებისთვის. ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვი დაიჩაგრება თუ მას არ ექნება ის, რაც მის თანატოლს აქვს. მაგალითად, იგივე სათამაშო რაც მის ბაღელს, იგივე ტელეფონი, რა მის კლასელს, იგივე ან უკეთესი მანქანა, რაც მის კურსელს. საბოლოდ, ყველაფერი ემსგავსება შეჯიბრს მშობლებს შორის და ამ შეჯიბრში გაუცნობიერებლად ჩართულები არიან შვილებიც.

ფსიქოლოგების რეკომენდაციებს რომ დავუბრუნდეთ, ბავშვს უნდა ჰქონდეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. ზომიერება კი არის არა შეჯიბრი სხვებთან, იმაზე ფიქრით, ბავშვი ხომ არ იჩაგრება, არამედ ის დგინდება ბავშვის ასაკისა და განვითარების საჭიროებებიდან გამომდინარე. სჭირდება კი თქვენ შვილს 1000 ლარიანი სათამაშო, რომელიც მის ბაღელს აქვს და რომელიც შესაძლოა 3 დღეში მობეზრდეს?

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, იმისთვის, რომ ბავშვის ემოციური ფონი განვითარდეს, საჩუქრების როლიც მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ზომიერების ზღვარი არ უნდა დაირღვეს. ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ემოციური კავშირი მშობლებთან. როგორც ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, სიყვარული არ არის მატერიალური, ამიტომაც არაა საჭირო ბავშვისთვის ძვირადღირებული საჩუქრების ჩუქება და სხვებისთვის იმის მტკიცება, რომ თქვენც შეგიძლიათ.

და ბოლოს, მშობლობა არ არის კონკურენცია და შეჯიბრი, თქვენ უნდა მოამზადოთ ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის. იდეალური მშობელი არ არსებობს, ისევე, როგორც იდეალური არაფერია ამ სამყაროში. კარგი მშობლობა კი მატერიალური მდგომარეობით არ განისაზღვრება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები