„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები თქვენი ტერიტორიიდან,“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მამუკა ბახტაძეს განუცხადა.

სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ირწმუნება, რომ მომავალში საქართველო ალიანსს შეუერთდება. ამის შესახებ გენმდივანმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წვლილს ავღანეთსა და ნატოს რეაგირების ძალებში. მანვე აღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას გაწევრიანების საკითხში და მიესალმება ქვეყანაში რეფორმების მხრივ პროგრესს. მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარს უჭერს რეფორმებს თავდაცვის სფეროში.

გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა განიხილეს შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხი და რეგიონში რუსეთის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა.

„შავ ზღვას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველო და ნატო გაააქტიურებენ თანამშრომლობას ამ რაიონში,“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს სასაზღვრო ჯარების სწავლებას, თანამშრომლობს საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალებთან და საქართველოს საზღვაო ოპერაციების ცენტრთან. გენმდივანმა აღნიშნა, რომ ნატო ერთიანია უსაფრთხოების მხარდაჭერის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

მსგავსი თემები