LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსკოვში კეთილდღეობას კი არა, ვირუსს გამოექცნენ და ამაში საგმირო არაფერია” – აფხაზი სტუდენტი

464
1 სოხუმი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით ჩაკეტილი საზღვარი, ღიაა რეგიონის მოქალაქეებისთვის, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი და საცხოვრებელი სადგომი აქვს. ორკვირიანი კარანტინის გამოცხადებით, დე ფაქტო მთავრობამ საზღვარი საქართველოსთან ჩაკეტა, ფსოუს გამშვები პუნქტი კი ღიაა. კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, აფხაზეთში მოსახლეობის დაბრუნებას მასობრივი ხასიათი მიეცა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციაში ვირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა იმატა.

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში შემოსული მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია, ეს ქალაქს უკვე დაეტყო. ქალაქში თითქმის არ დარჩა ცარიელი საცხოვრებელი სახლი. ბრუნდებიან ისინიც კი, ვინც სოხუმი 27 წლის წინ დატოვა. ჩამოდიან დატვირთული მანქანებით. მთელი ბარგით. ამბობენ, რომ აქ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე რუსეთში” – აცხადებს მონიკა თარბაია “ფორტუნასთან” საუბარში.

სოხუმელი სტუდენტი ამბობს, რომ მის მეზობლად რამდენიმე ცარიელი და მიტოვებული სახლი იყო, სადაც ახლა უკვე მოსკოვიდან დაბრუნებული ოჯახი ცხოვრობს. მისი თქმით, ახალდაბრუნებულები აწესრიგებენ სახლებს, რომელიც დიდი ხნის წინ დატოვეს.

“ომის შემდეგ დავიბადე და ისეთი მეზობლები გავიცანი, რომელიც არასოდეს არ მყავდა ნანახი. მაგალითად, დედაჩემის ნახევარძმა, რომელიც ადრე ჩვენს კორპუსში, გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა. ომის შემდეგ მოსკოვში წასულა. 4 დღის წინ ოჯახით ჩამოვიდა. ჩემი ხნის შვილები ჰყავს. ძალიან გამიხარდა, ახლოს თანატოლები მეყოლება. უკვე დავმეგობრდით. შევპირდი, რომ როცა საშიშროება გადაივლის, ქალაქს დავათვალიერებინებ”, – გვიყვება მონიკა.

მისი შეფასებით, ადგილობრივი ხელისუფლება მიესალმება მკვიდრი მოსახლეობის დაბრუნებას და ხელს უწყობენ მათ საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნაში. სოხუმელი სტუდენტის განმარტებით, ახალჩამოსულებს “უყურებენ როგორც გმირებს”, რომლებმაც სხვა ქვეყანაში კეთილდღეობაზე უარი თქვეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ფიქრობს მოსახლეობის ნაწილი, რომლებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსს სწორედ ჩამოსული ადამიანები გაავრცელებენ.

“ჩვენს კორპუსში არა, მაგრამ ყოფილი “პიტომნიკის” ახლოს მდებარე ერთ-ერთ სახლში მოსკოვიდან ჩამოსულმა ოჯახმა დიდი სუფრა გაშალა და ამბობენ 100-ზე მეტი მეზობელი დაპატიჟაო. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ ოჯახის წევრს რაღაც დაავადება ჰქონია და ახლა საავადმყოფოში წევსო. ზუსტად არ ვიცი რა დაავადებაა, არ არის დაზუსტებული. მერე ისიც თქვეს, რომ ავად კი არ იყო, ნაბახუსევზე იყოო. ერთი სიტყვით, ჭორები ადვილად ვრცელდება. ყველა სხვადასხვანაირად ყვება. ზოგი ცრუ ინფორმაციას სპეციალურად ავრცელებს. ჩვენ გვეშინია, ამიტომ განსაკუთრებული შემთხვევის გარდა სახლიდან არ გავდივართ. არ ვიცი რატომ ეძახიან ამ ახალჩამოსულებს გმირებს, იმიტომ რომ რუსეთში კარგ ცხოვრებაზე უარი თქვეს და სოხუმში ჩამოვიდნენ? ჩემი აზრით, იქ ვირუსს გაექცნენ და იმიტომ ჩამოვიდნენ და აქ არაფერი საგმირო არ არის. მთავარი კი ის არის მათგან არ მოხდეს კორონავირუსის გავრცელება” – აცხადებს აფხაზი სტუდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები