LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსაწყენი არჩევანი: ბელარუსის პარლამენტი ოპოზიციის გარეშე დარჩა

117
-109724523-058054127-1

„რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტისთვის, სამი ოპოზიციონერი ეყოლება თუ ოთხი, ისინი მაინც არ განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკას“ – ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის დიდი სიურპრიზი არ აღმოჩნდა პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების შედეგები. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პალატაში, სადაც ოპოზიციის ორი დეპუტატი მუშაობდა, გუშინ ჩაატრებული არჩევნების შედეგით, მანდატი ვერც ერთმა მოიპოვა.

7 მილიონ ამომრჩეველს ქვედა პალატის 110 დეპუტატი უნდა აერჩია. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო, დიდი ხანია აცხადებს, რომ ბელარუსში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები არ ტარდება, ქვეყნის მასშტაბით ექვსი ათასამდე საარჩევნო უბანს არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.

კრიტიკის ცენზურა

საარჩევნო უბნებზე არაერთი ადმინისტრაციული საჩივარის ფონზე, დეპუტატთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ კანდიდატებმა მოსახლეობისთვის თავიანთი გზავნილების გადაცემა ვერ მოახერხეს. მათი კრიტიკული გზავნილები ვერც ერთ გაზეთსა თუ სატელევიზიო ეთერში ვერ მოხვდა.

მათივე თქმით, საარჩევნო დარღვევების შესახებ დსთ-ს დამკვირვებლების მიერ უმნიშვნელო შენიშვნები გამოითქვა. ოპოზიცია ახლა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს ელოდება.

რამდენად იქნება ლუკაშენკოსთვის იმედგაცრუების მომტანი ევროკავშირის მიერ არჩევნების არ აღიარება, უცნობია, თუმცა ქვეყანაში უახლოეს მომავალში დიდად, რომ არაფერი შეიცვლება ამაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებიც მეტყველებს.

ოპოზიციის ტაქტიკა

ბელარუსის ხელისუფლების ოპონენტებს ერთიანი პოზიცია აქვს. ყველა მათგანი გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ლუკაშენკოს მმართველობის სტილი არ იცვლება. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გამოსავლად კვლავ არჩენებს ასახელებს.

 ”ვაჩვენებთ, რომ გვაქვს ქვეყანას განვითარების სხვა, დემოკრატიული გზები, ვემზადებით შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სადაც გაერთიანდებიან ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები, რომლებიც დღეს აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან“ – აცხადებენ მანდატის გარეშე დარჩენილი ოპოზიციონერები.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ფონზე ლუკაშენკო, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყანას უკვე 25 წელია მართავს, ამბობს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა მას უარს ეტყვის, თანამდებობას დატოვებს.

ახალ შემადგენლობაში მოხვდნენ ტელეწამყვანი თენგიზ დუმბაძე, „მის ბელარუსი 2018“-ის ტიტულის მფლობელი მარია ვასილევიჩი, ხელისუფლების მომხრე საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თეთრი რუსის“ ხელმძღვანელი გენადი დავიდკო, ბელარუსის ელჩი თურქეთში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესსპიკერი ანდრეი სავინიხი და ბელარუსის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ოლეგ გაიდუკევიჩი.

ლუკაშენკო ამბობს, რომ „ეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიცია იყო“. ვის ერგება მთავარი როლი მომავალ არჩევნებში შესაძლოა არც ისე რთული მისახვედრი იყოს, როგორც ის ფაქტი, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა კვლავ სრული ძალაუფლება შეინარჩუნა.

 

ეუთოს არ მოეწონა

ეუთო-ს შეფასებით, ბელარუსში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

„ძირითადი თავისუფლებები არ იყო დაცული, ხოლო საარჩევნო პროცესის ობიექტურობა არ იყო სათანადოდ გარანტირებული, – ასეთია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასება – ქვეყანაში, სადაც პარლამენტის უფლებამოსილება და დამოუკიდებლობა შეზღუდულია, ხოლო ამომრჩეველთა და კანდიდატების ძირითადი უფლებები შელახული, არსებობს საფრთხე, რომ საპარლამენტო არჩევნები ფორმალობად იქცეს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები