LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი ცდა პირველკლასელებზე – რა ენდომებოდა იაკობ გოგებაშვილს

1595
deda ena 908

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. ბახტაძის განცხადებიდან მალევე გამოიცა განათლების მინისტრის ბრძანება, რითიც მან ახალ ადაპტირებულ სახელმძღვანელოს გრიფი მიანიჭა. შედეგად გოგებაშვილისეული „დედაენა“ იქნება ერთ-ერთი იმ სახელმძღვანელოებიდან, რომლითაც, პედაგოგის გადაწყვეტილებით, პირველკლასელმა სექტემბრიდან ანბანის სწავლა უნდა დაიწყოს.

თანამედროვე ეპოქაში, თანამედროვე ბავშვებისა და თანამედროვე აზროვნების მქონე პირველკლასელებისთვის 100 წელზე მეტი ხნის წინანდელი მეთოდოლოგიით სწავლება კრიტიკის საგანი გახდა. ნაწილს მიაჩნია, რომ უნიკალური მიგნებები არ უნდა დაიკარგოს, ნაწილი ცდილობს გაამართლოს თანამედროვეობის დაკვეთა, და მიუხედავად „დედაენის“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, უნიკალურობისა, მას გათანამედროვეობა და ახალ საჭიროებებზე ადაპტირება სჭირდება. ნაწილს კი ჰგონია, ეს ნაბიჯი არის აღიარება იმის, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს. თავად გოგებაშვილი კი ერთი საუკუნის წინ ამბობდა, რომ თუ ჩემ შემდეგ ცვლილებას არ შეიტანენ „დედაენაში“, „დედაენა“ მოკვდებაო!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი ერთ-ერთია განათლების მინისტრთან ერთად იმ 14 ადამიანიდან, „დედაენის“ გოგებაშვილისეული წიგნის გადამუშავებაში რომ მონაწილეობდა. ის სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნებას იმით ხსნის, რომ „დედაენის“ სკოლაში სწავლებით მისი სიცოცხლისუნარიანობა საფრთხის ქვეშ არ დადგება, რაც პრინციპში სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასთან დაკავშირებით.

„ეს იქნება ალტერნატიული სახელმძღვანელო. დღეს არის 6 სახელმძღვანელო, რომელსაც აქვს გრიფი მინიჭებული. მათმა ავტორებმა აიღეს და გადაწერეს გოგებაშვილი მთლიანად და დააწერეს საკუთარი სახელი და გვარი. პოლიტიკოსებს ამაზე პრეტენზია არ გასჩენიათ. თუ დაერქმევა გოგებაშვილის სახელი, მაშინ არის პრობლემა. მას შემდეგ, რაც გოგებაშვილმა დაწერა, ენობრივი ნორმები შეიცვალა. გოგებაშვილის სურვილიც იყო, რომ შეცვლილიყო, ოღონდ არა ერთი ადამიანის სურვილით, არამედ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რეკომენდაციით. დღეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორალური თუ იურიდიული მემკვიდრე არის განათლების სამინისტრო. არცერთი სახელმძღვანელო, რაც საქართველოში არსებულა (და არაერთი არსებულა), არ იწყება და არ დაწყებულა ალფაბიტის მიხედვით. მეტიც, არცერთ ენაში არ იწყება ალფაბიტის მიხედვით. ყოველთვის იწყება იმ ბგერებით, რომელიც უფრო ხშირად ხმარებადია.

 

 

გოგებაშვილი ასწავლის „ა“-ს „აი ია“-თი

როდონაიას ჯგუფი ასწავლის „აქლემითა და აკვარიუმით“  

ბაკურ სულაკაური ასწავლის ასკილითა და ალუბლით

მე მგონია, რომ გოგებაშვილის ვარიანტი არის ყველაზე მოხერხებული იმიტომ რომ ია როგორც საგანი არ გასულა ხმარებიდან. საათ აქვს გოგებაშვილს და თასი აქვს ერთ-ერთ ავტორს – ეს უფრო თანამედროვეა? დავა არ უნდა იყოს უსაგნო“, – აღნიშნა გიორგი გოგოლაშვილმა „ფორტუნასთან საუბრისას.

მისივე თქმით, ახალი გადამუშავებული ვერსიიდან მხოლოდ ის სიტყვებია ამოღებული, რომელიც დღეს აღარ იხმარება. მაგალითად: ასასი – რომელიც დარაჯს ნიშნავდა და თახჩა. ასევე რამდენიმე საანბანე ფრაზა.

 

ის, რომ გოგებაშვილისეული „დედაენა“ უნიკალურია, არ დაობს ფილოლოგი და განათლების საკითხების ექსპერტი გია მურღულიაც, თუმცა „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის, რომ გააფეტიშო და თქვა, რომ ამაზე უკეთესი არაფერი შექმნილა ნიშნავს განვითარებაზე თქვა უარი, რაც თავისთავად, სამწუხარო პრეცედენტია.

„სწრაფად  და ნაკლებად მომზადებულად ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. არა იმიტომ რომ რაღაცას გააფუჭებს ეს წიგნი. გოგებაშვილის ღვაწლი დაუფასებელია. მან მეცნიერულ დონეზე დააყენა თანამედროვე ქართველის აღზრდის საკითხი. „აი ია“-ც გენიალური მიგნებაა. ამ ამბების შემდეგ არის გასული 100 წელზე მეტი. ეს არის სიწმინდე და სრულიად სამართლიანადაა აღიარებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ეს არის ანბანის სწავლების მეთოდიკა. ის ეყრდნობოდა თავისი დროის ძალიან გამართლებულ თეორიას და პრაქტიკასაც. არსებობს სწავლების განუსაზღვრელი რაოდენობის შესაძლებლობა. ვეთანხმები იმას, რომ გოგებაშვილის მიერ დალაგებული ანბანი ეფუძნება რაღაც ლოგიკას. ეს არის გამართლებული ლოგიკა. მე არ ვემხრობი იმ აზრს, რომ რაღაც უნდა გაფეტიშდეს. პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არა გაფეტიშება. ჩვენ არ უნდა შევუზღუდოთ სხვა ავტორებს იდეები და არ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ერთადერთი უნიკალური მეთოდი. ამის წინააღმდეგი ვარ, თუმცა იაკობ გოგებაშვილის პატივისცემას ვერავინ მასწავლის“, – აღნიშნა მურღულიამ.

თუ არ მოხდება გოგებაშვილისეული „დედაენის“ ადაპტირება, განახლება და თანამედროვეობაზე მორგება, შესაძლოა უინტერესო იყოს – ესაა ფსიქოლოგის მაია ცირამუას პოზიცია. მისი თქმით, ასე ერთი ხელის მოსმით ქირურგიული ჩარევები განათლების სისტემაში გაუმართლებელია.

„მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“, თუმცა, ეს უნდა იყოს ადაპტირებული და მორგებული  თანამედროვეობას. იმდენად არის თანამედროვე ტექნოლოგიები შემოსული და იმდენად შეცვლილია სამყარო, სამეტყველო ენა არის  შეცვლილი, ღირებულებები… თანამედროვე ბავშვები აღარ კითხულობენ სერვანტესს და ისეთ ავტორებს, რომლებიც შეიძლება ჩემი თაობის ადამიანებისთვის სამაგიდო წიგნი იყო. შეიძლება სხვა რამ სჭირდება თანამედროვე ბავშვს. თუ მისი ადაპტირება და განახლება არ მოხდება ამით “დედაენის” სწავლა  აცდენილი მგონია რეალობას და მგონია, არც თავად გოგებაშვილი იქნებოდა ამაზე თანახმა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ყოფილიყო მისი ეს საოცარი ძეგლი. არ უნდა გავაუბრალოოთ ეს ძეგლი“, – განაცხადა მაია ცირამუამ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

ცნობისთვის, კომისია 14 კაცისგან შედგება და მათ შორის არიან თავად მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე) მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც მოიწვია და უძღვებოდა კიდეც კომისიის პირველ სხდომას და მისი მოადგილე ირინა აბულაძეც. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი ზაზა გაბუნია, აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც, კომისიის დაკომპლექტებისთანავე ჩანაცვლდა და კომისიის წევრი ეროვნული ბიბლიოთეკიდან არის ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე (კახა) გიორგაძე და პედაგოგი მარინე გოგავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები