LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგიყვებით რა ვნახე – მეტროში ახალგაზრდა ბიჭების ცემის დეტალები (ვიდეო)

632
TEONA MANAGADZE

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტმა თეონა მანაგაძემ, “რუსთაველის” მეტროში, ახალგაზრდა ბიჭების ცემის კადრები გადაიღო. კადრების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტი აღშფოთებულია იმით, რომ საზოგადოება არა დაჩაგრულების, არამედ მოძალადეების გასამართლებლად, რაღაც ვერსიებს იგონებს. 

“ვკითხულობ ნიუსებს, კომენტარებს, სტატუსებს, გაოცებული და გულნატკენი ვარ. იმის ნაცვლად, რომ ჩაგვრა, ზიზღი და დევნა დაგმოთ, რაზე დაობთ და რას არკვევთ – მიზეზი კარები იყო თუ საყურებიანი ბიჭები? ვის რომელი ვერსია გაწყობთ, რის გადასაფარად და დასამალად? – ერის ტრაგედიაა, როცა პატარა, ნათელ გოგო-ბიჭებს განსხვავებული ვიზუალის გამო ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე ნაკლები ქართველი ვარ, ან ნაკლებად მიყვარს უფალი, ცდებით. ჩემთვის ქართველობა და უფლის სიყვარული სწორედ – ადამიანია, მისი დაცვა და მფარველობა და არა ის, რომ საყურეების გამო, ადამიანს წიხლებით შესდგე, აფურთხო!

ჩასაფრებულებს მოგიყვებით დეტალებს, რა ვნახე – ჩავედი მეტროში, იყო ქაოსი, ყვირილი, გინება. ვაგონები დაცლილი იყო და ერთი ბიჭი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ყვიროდა – საყურეებიანი ბიჭები ქართველობას არცხვენენ და ა.შ. მანამდე რა მოხდა, არ ვიცი, რასაც შევესწარი, იმის გადაღება დავიწყე. ნუ იღებო, მიყვირეს, გავჩერდი, რომ მეტი აგრესია არ გამომეწვია და ის გოგო-ბიჭები დამეცვა, რომელთაც შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათ წინ დავდექი, მიზანი მქონდა – ისინი მეხსნა. იდგნენ კრავებივით, არც ერთ მათგანს არც შეუგინებია და არც ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა ჰქონია. მათ ავუხსენი, რომ მათთვის უკეთესი იყო, მასას არ აყოლოდნენ, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. მეგობართაგან ერთი მათგანი გაიქცა ესკალატორისკენ, ესენიც გაყვნენ და მათ მიმართ იყო შეძახილები (არ დავწერ, რაც). გავყევი მათ. როცა ესკალატორის ბოლოში გავედი, მარცხენა მხარეს ერთი ბიჭი უგონოდ ეგდო, მეორეს სახეზე სისხლი ჰქონდა. აგრესიული მასა ისევ ბობოქრობდა, შეძახილებით, გაწევ-გამოწევით. დავრეკე 112-ში, სასწრაფო გამოვიძახე. ამ ფონზე ხან უგონოსთან მივრბოდი, ხან – მეორესთან. ეს ბიჭი გონს მოვიდა, მის მიმართ ისევ ფიზიკურად იწეოდნენ. სანამ 112-თან დეტალებს გავდიოდი, ეს ბიჭები გაიქცნენ. ჩემი აზრით, თავს უშველეს. 

ინციდენტი საყურეს გამო - შსს მომხდარს ხულიგნობისა და ძალადობის მუხლით იძიებს

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პ.ს. მეტროს კართან კადრებში ჩანს ბიჭი, რომელიც იგინება. ის იყო ჩემი ხედვით (იმ ქაოსში, შეიძლება სხვაც იყო და ვერ შევამჩნიე, მაპატიეთ) ერთადერთი, ვინც ჩაიარა, შეხედა ადამიანებს როგორ ჩაგრავდნენ და ისინი დაიცვა. ამ ადამიანს ღირსება ჰქონდა, რომელიც გაქვს, ან – არა. ღირსება და სინდისია ის ღმერთი, ვისით უნდა ვიცხოვროთ და არა – ზიზღით და სხვისი დამცირებით. ასეთია, ჩემი ღმერთიც და ჩემი ქართველობაც, სხვა ყველაფერი სიყალბეა… წავალ ახლა დავიძინებ, დამათენდა, კადრები დამირბიან თვალებში. ვინც მაკრიტიკებთ, უფრო მეტი სიმამაცე თქვენ გამოიჩინეთ, მხოლოდ გამიხარდება, თუ ერთ ადამიანს მაინც დაიცავთ…” – წერს თეონა მანაგაძე.

რუსთაველის მეტროში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებაზე კიდევ ერთი ვერსია ჩნდება. თვითმხილველი აცხადებს, რომ მიზეზი საყურე კი არა, ორი ახალგაზრდის ქმედება გახდა, ისინი მატარებლის კარებს დახურვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. შსს მომხდარს ხულიგნობისა და ძალადობის მუხლით იძიებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები