LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკაცრი წესებით დაცვით, მაგრამ არა ეკონომიკის გაჩერებით, ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს” – გიორგი გახარია

121
120104507-1802530679884828-272604414457850753-o

საქართველოს პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი იყო და ამის ერთ-ერთ მიზეზად გიიორგი გახარია მობილობის ზრდას ასახელებს. მისივე განმარტებით, დღეს ქვეყანა ადაპტაციისა და მართვის ეტაპზეა, ამიტომ საზოგადოებას ურჩევს გაითვალისწინონ მარტივი წესები, რომელივ ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას. ამის შესახებ გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

“საქართველოში რომ შემთხვევების მკვეთრი ზრდა იქნებოდა, ვიცოდით და მოსალოდნელიც იყო. ეს მობილობის ზრდას უკავშირდება. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მეტი აჭარაშია და ესეც მოსალოდნელი იყო. ჩვენი პირველი ამოცანა პანდემიის დასაწყისში, იყო შეკავების პრინციპი. დღეს საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება. დღეს ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ვართ. წარმატებით განვახორციელეთ სისტემის მომზადება, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ადრე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყო გამართლებული, თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი. კლინიკური მართვის მიმართულებით სრულ მენეჯმენტს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს გამოჩნდა აჭარის შემთხვევაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ იგეგმება, მხოლოდ ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება. გიორგი გახარიას თქმით, მხოლოდ წესების მკაცრი დაცვით უნდა შევუშალოთ ხელი ვირუსის გავრცელებას.

“სწრაფი დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში ნიშნავს, რომ ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეები უნდა დაუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებას. სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც დავიწყეთ შეზღუდვების მოხსნა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას გულისხმობს. როდესაც ჩვენ მკაცრი შეზღუდვების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ქვეყნის რესურსი და ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემა ამ შემთხვევაში არსებულ ვითარებას კარგად გაუმკლავდა. მკაცრი წესებით დაცვით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, მხოლოდ მარტივი წესების დაცვით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური იქნება. ეს არ იქნება ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში სწავლის პროცესის აღდგენის აუცილებლობაზე და განმარტა, რომ რისკების გათვალისწინებითა და წესების დაცვით ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს.

“დღე განვიხილავთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით და წესების დაცვით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის საწაავლო პროცესიც და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებს უნდა დაუბრუნდნენ”, – აღნიშნა გახარიამ.