LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მესხი: „მე და სოფოს იმდენი ტალახი გვესროლეს, ხანდახან კითხვას ვსვამ: რა დავაშავეთ?“

3347
sofobedi232030245

მიშა მესხი ახლახან „ქართული ოცნების“ სიიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატი გახდა. მისი მეუღლე, მომღერალი სოფო ბედია მეორე ნახევარს ხელს მაქსიმალურად უწყობს, ისევე, როგორც მიშა უდგას გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში… წყვილი უკვე მერვე წელია ერთად არის და ბევრი ქარტეხილი და კრიტიკა გამოიარა. ამ ბოლო დროს – მიშას ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა, რომლის დროსაც ბევრი რამ გადააფასა…

მიშა მესხსა და სოფო ბედიას ოჯახურ და პირად თემებზე დავუსვით შეკითხვები…

მიშა, საკრებულოს დეპუტატობაზე და ამ პასუხისმგებლობაზე საუბრით მინდა დავიწყოთ.

პოლიტიკისგან შორს არც არასდროს ვყოფილვარ. ფაქტობრივად, ბავშვობიდან ამ თემაში ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო საქმე მაკისრია, მაგრამ ვცდილობ, თავი გავართვა. ვცდილობ, ვიყო აქტიური, გავაკეთო ბევრი კარგი საქმე. საქმე ლაპარაკის ნაცვლადო, ხომ იცით, წინ დიდი დროა და ვნახოთ, რას ვიზამ, თუმცა ძალიან გამიხარდა ეს ამბავი.

როდესაც საზოგადოება არაერთი წელია, გიცნობს, ალბათ, უფრო მეტადაც ხარ ყურადღების ცენტრში. ხომ არ ღელავ ამის გამო?

არა. ფრთხილი ადამიანი ვარ. ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ, რომ ვიღაცამ ტალახი მესროლოს. ჩემს საქმეს სერიოზულად ვუდგები. შენ უკან დგას ხალხი, ამხელა პარტია – „ქართული ოცნება“, უნდა მოიქცე სწორად, გუნდური პრინციპებია. ვარ ჯანდაცვისა და ტრანსპორტის კომისიებში. ვცდილობ, ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად ჩავერთო. მინდა, კარგი საქმეები გავაკეთო თბილისისა და თბილისელებისთვის.

სოფო, შენ როგორი განწყობით შეხვდი ამ ამბავს?

რა თქმა უნდა, მიხარია. მეუღლის წარმატება ხომ ჩემი წარმატებაა. მიშა ზოგადად, ძალიან ერთგული ბიჭია მეგობრობაში, ოჯახში, ადამიანობაში და თავისი ქვეყნის ერთგულია, რაც ყველაზე მთავარია. მის ისტორიას რომ გადავხედოთ, როგორ მოვიდა აქამდე, მიხარია, რომ დაუფასდა ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას კეთილად გამოიყენებს საკუთარი ხალხისთვის.

რა შეცვალა ამ სიახლემ თქვენს ცხოვრებაში?

ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, უბრალოდ, რეჟიმი შეიცვალა, მიშა უფრო აქტიური და დაკავებულია, გადართულია თავის საქმეზე. ეს, რა თქმა უნდა, არ აზიანებს ჩვენს ოჯახურ ურთიერთობას. პირიქით, ყველანაირად, როგორც შემიძლია, ხელს ვუწყობ. როგორც წესი და რიგია, ცოლ-ქმარი ერთმანეთს გვერდით უნდა ედგას და გაგებით მოეკიდოს ყველაფერს, მით უმეტეს, როცა კეთილ საქმეში ჩაება, ეს უფრო მეტად მახარებს და მაბედნიერებს.

სოფო, ისე აღმოჩნდა, რომ მიშა უფრო აქტიურია დღეს, ვიდრე შენ…

ასე გამოვიდა (იღიმის). თუმცა პირადად მე არ გავჩერებულვარ, ვწერ ახალ სიმღერებს და მაქვს პროექტები. სამუდამო ხომ არაა ეს ჯანდაბა კოვიდი… იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე დასრულდება და დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, როგორც ხელოვანები, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლები. აპრილის ბოლოს ისრაელში კონცერტი იგეგმება, სადაც მეც ვარ მიწვეული. მგონი, ისრაელში 15% დარჩა მხოლოდ ვაქცინის გარეშე და მათაც აცრიან. საქართველოში როდის იქნება კონცერტები, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ძალიან ბევრ ოჯახს გაუჭირდა კოვიდის პერიოდში სულ შინ ყოფნა. თქვენ როგორ გამოსცადეთ საკუთარი თავი ამ ჩაკეტილობაში?

ძალიან რთულად გადავიტანეთ ჩაკეტილობა მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვხვედრია ვირუსი. სიფრთხილეს ვიცავთ, ვიცავთ რეგულაციებს, მაგრამ საშინლად მაღიზიანებს პირბადე, როცა სუნთქვა არ შეგიძლია, ცუდია, მაგრამ მის ტარებას ვერ გავექცევით. პირბადეების ქალაქი ძალიან შემზარავია ჩემთვის. ძალიან ვნერვიულობ, მინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს!.. ხანდახან მგონია, რომ ცუდ, დაუსრულებელ სიზმარში ვარ… ხალხს არაფერი გვიხარია, სტრესი გვაქვს.

მიშა:

პირველი ეტაპი უფრო გაგვიჭირდა, რადგან აქტიური ადამიანები ვართ. მე და ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად, კვირიდან ხუთი დღე შინ არ ვიყავით ხოლმე, მაგრამ როცა დაწესებულია რეგულაციები და ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, აუცილებლად უნდა დაიცვა. კანონი კანონია და მის ზევით არაფერი დგას. ადამიანები, ვფიქრობ, ყველაფრის ამტანები ვართ და ვეგუებით რეალობას. მე და სოფოს რა უნდა გაგვეკეთებინა, ვერაფერს ვიზამდით. მივყევით და შევეჩვიეთ. მთელი ცხოვრებაც რომ მოგვიწიოს, ჯვარი გვწერია, ალბათ, მაინც დავიცავთ წესებს, ისე მივეჩვიეთ.

როგორ იმრავალფეროვნებდით დღეებს, რომლებსაც სახლში ატარებდით?

სოფო:

ჩვენ არც არასდროს დაგვიმალავს, რომ „ცხოვრება გვიხარია წყვილი“ ვართ. სტუმრიანობითა და ჟრიამულით, ტაში-ტუშით გამოვირჩევით. ძალიან მხიარული წყვილი ვართ. ორივე მერწყული ვართ და ძალიან გიჟები. ცოტა კი არა, კარგად მოგვაკლდა ეს და განვიცადეთ, ვინერვიულეთ. ბავშვებთან მეტი დროის გატარება და მათ აღმზრდელობით ამბებში ჩართვა იყო მხოლოდ დადებითი. ნიკა უკვე მეექვსე კლასშია, სულ მასწავლებლები ჰყავდა და ბოლომდე ვიყავი მინდობილი რეპეტიტორებს. ახლა ერთად ვმეცადინეობთ ყველა საგანს.

მიშა:

მე, ზოგადად, სპორტი მიყვარს, მაგრამ სპორტის ყურებასაც კი არ აქვს აზრი გულშემატკივრების გარეშე. ყველაფერმა უკან დაიხია. მეგობრებთან შეხვედრისას მაინც ვეღარ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, როცა იცი, რომ აღარაა ის ცხოვრება. ხანდახან ვხვდებით მეგობრები და ფეხბურთს ვთამაშობთ. იშვიათად მეგობრებთან ერთად ვიხსენებ წარსულ ცხოვრებას და ერთად ვიკრიბებით. ვოცნებობთ, როცა გაიხსნება ყველაფერი, სად გავემგზავრებით. ძალიან მომბეზრდა ამდენი მანქანის და კორპუსის ყურება. გაზაფხულზე რაჭაში რამდენიმე დღით სიამოვნებით წავიდოდი.

თქვენს ვაჟზე გკითხავთ, როგორი ბიჭია?

მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი, ხშირად მიფიქრია ამაზე. ძმისშვილებიც მყავს, სოფოს ჰყავს ნიკა… პირადად ჩემი შვილი რომ არ მყოლია, ეს განცდა მაინც განსხვავებულია, ეს ჩემი პირველი შვილია… თან, მე რომ მგავს, კიდევ უფრო საინტერესოა.

სოფო:

მამამისის „ქოფი-ფეისთია“ ყველანაირად. დაპატარავებული მიშა ჯუნიორია, ვიზუალითაც ჰგავს და ხასიათით. მამამისივით მჭამელი შვილია. ჩემი შვილები ძალიან კონტაქტურები არიან და სიამოვნება და დიდი ბედნიერებაა მათთან ურთიერთობა. მოკლედ, კაი პონტში ვართ (იცინის).

მიშა:

მისი დაბადებიდან აქტიურად ვართ ჩართული მის აღზრდაში. დედაჩემი ძალიან გვეხმარება, მაგრამ ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. ვფიქრობ, ყველა მამა ასე უნდა იყოს. ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ მასთან ყოფნით. ხანდახან ისე მღლის, მინდა, გავერიდო ერთი საათით, მაგრამ როცა სახლიდან გავდივარ, ცოტა ხანში ვრეკავ, მაინტერესებს, რას შვრება. ადრე ვფიქრობდი, რომ როცა შვილი შემეძინებოდა, მომინდებოდა მისთვის ვარსკვლავური ცხოვრება, სპორტსმენობა, უცხოეთში სწავლა და ა.შ. მაგრამ აქედანვე ვნერვიულობ, სადმე რომ წავიდეს, დისტანციაზე როგორ მექნება მასთან ურთიერთობა?!.

რამდენი წელია, ერთად ხართ? რა არის თქვენი წარმატებული ცოლ-ქმრობის საიდუმლო?

სოფო:

მერვე წელია, ერთად ვართ. ურთიერთგაგებაზე მთავარი არაფერია. შეიძლება, ბევრ წყვილს უყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები იყვნენ. როცა ორი ადამიანი მართლა ერთნაირია, მხიარული, სიგიჟეებში ერთმანეთს მიჰყვებიან, ერთმანეთის ცხოვრებას მიჰყვებიან და ხელს უწყობენ, ალბათ, ეს განაპირობებს ჩვენი ოჯახის წარმატებას.

მიშა:

ჩვენი ერთად ყოფნა რაც ხმამაღლა გაჟღერდა, ბევრი არაკეთილმოსურნე გამოგვიჩნდა. იმდენი ტალახი გვესროლეს, „ჩორტები“ ჩააგდეს, რა არ თქვეს, მაგრამ ვერ დაგვაშორეს. პრესით ცდილობენ დაგვაშორონ, ენებით…

სოფო:

მე და ჩემი ქმარი სულ განხილვის თემა ვართ.

მიშა:

ჰო, მაგრამ ხანდახან კითხვას ვსვამ: რა დავაშავეთ? რომ ვყოფილიყავი, მაგალითად, ციხის უფროსი, რომელმაც ვიღაცას ქმარი უწამა… წამლის ბარიგა ან ცუდი პოლიციელი, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს იჭერს, ან კრიმინალი, რომელიც ადამიანებს აყაჩაღებს. რაღაც ასეთ სფეროში ხომ უნდა ვყოფილიყავით ან მე, ან ჩემი ცოლი? როცა გადახედავ ადამიანების კომენტარებს, სარკეში რომ არ იხედებიან და ადამიანის ვიზუალს ცუდად ეხებიან, ან მაგალითად, სოფოზე რომ იტყვიან, ეს რას მღერისო, ყველაფერი დამთავრებულია, ყურადღებაც არ უნდა მიაქციო… უბრალოდ, საწყენია…

სოფო:

გემოვნების საკითხია, შეიძლება, ვიღაცას არ ვუყვარვარ, არ მოვწონვარ არც ვიზუალურად, არც სხვანაირად, სულ რომ ყირაზე დავდგე, მათ თავს ვერ შევაყვარებ, ეს გააზრებული მაქვს ბოლომდე, უბრალოდ, გამოხატვის ფორმაა საწყენი, როდესაც აშკარად ბოღმით და ბოროტებით წერენ. მართლა, მიშას თქმის არ იყოს, არავისთვის არაფერი დაგვიშავებია, ჩვენს საქმეს ვემსახურებით პასუხისმგებლობითა და სიყვარულით, ყოელთვის ვცდილობთ ვიყოთ საზოგადოებაში კეთილები, ადამიანურები, ვაკეთოთ მხოლოდ კარგი და ვიყოთ ფორმაში. საწყენია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ ვრცელდება, ზოგადად, ცნობილ ადამიანებზე.

ახლა უკვე გადავხარშეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ზოგჯერ კომენტარს ჩამიგდებენ ხოლმე, აი, ხომ ხედავ, რა დაწერეს შენზეო?! არ მინდა, არ მაინტერესებს. არ ვუყვარვარ? თავს ძალით ვერ შევაყვარებ. მთავარია, ყველა ადამიანმა თავის ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს, რომ კლავიატურაზე სისულელეების ბეჭდვისთვის აღარ ეცალოთ და იპოვონ საკუთარი პირადი ბედნიერება.

ოჯახზე და ურთიერთგაგებაზე ვსაუბრობდით. ყველაზე მეტად ერთმანეთის გვერდში დგომა რა პერიოდში იგრძენით?

ყოველთვის ეგრეა. ვერ გამოვყოფ. კოვიდკლიპს რომ მთელი ამბები მოჰყვა, რა თქმა უნდა, მიშა გვერდით მედგა. ამის გარეშე საერთოდ არაფერი არსებობს. თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს, ტკივილიც საერთოა და წარმატებაც.

მიშა:

ერთს მივხვდით – თუ არანაირად აქტიური არ იქნები და შენთვის იცხოვრებ, შეიძლება, უბრალოდ, ერთხელ თქვან რაღაც ცუდად, ფუ, რას ჰგავსო… თუკი აქტიური იქნები და წარმატებული, უფრო მეტად გაგლანძღავენ. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდექით და ამის შემდეგაც ასე გავაგრძელებთ.

როცა ძმა დამეღუპა, ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია და მძიმე პერიოდი, ვიღაცებს დავუჭერივარ, გავუტაცებივარ, გავულახივარ, მაგრამ ასეთი ტკივილი ცხოვრებაში არ მიმიღია, როცა ჩემი ძმა წავიდა ამქვეყნიდან და დაგვტოვა… ყოველთვის ვგრძნობ, როცა ჩემს ცხოვრებაში არის მძიმე პერიოდი, რომ ჩემი ცოლი ჩემ გვერდით დგას.

სოფო:

შეიძლება, გყავდეს მაზლი, გქონდეს დელიკატური და კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩემთვის ბაჩო იყო ძმასავით, ისე მიმიღო და შემიყვარა. ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და ვერ გეტყვით, რამხელა ტკივილი მოგვაყენა. ახლაც მეცრემლება თვალები, რადგან საოცარი ადამიანი დავკარგეთ.

მიშა:

ჩემს ცხოვრებაში არცთუ ხშირად არის მძიმე პერიოდები. მქონია პოლიტიკური კარიერის დროს „პადნოჟკები“, რაც წინ დამხვედრია, ბიზნესში მქონია წარუმატებლობა. ცხოვრებაა და ბევრი რამ ხდება, მაგრამ ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ეს ცხოვრება წუთისოფელია. სანამ ვართ და კარგად ვართ, უფრო მეტად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი. ვფიქრობ, ოჯახი ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, რომ ვერავინ და ვერაფერმა გატეხოს და ოდნავი ბზარიც კი არ გაჩნდეს.

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები