LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მესხი: „არ მთრგუნავს, როცა სოფო ბედიას ქმარს მეძახიან…“

431

სოფო ბედიასა და მიშა მესხს, სოფოს პატარასთან, ნიკუშასთან ერთად, სასტუმრო „კოსტეს“ არაჩვეულებრივ გარემოში შევხვდით. ოჯახური ინტერვიუ საახალწლო თემებით დავიწყეთ, შემდეგ კი სოფოსა და მიშას ურთიერთობებზე და სიუპრიზებზე ვკითხეთ, რომლებსაც ერთმანეთს უკეთებენ.

მიშა:

მეოთხე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ. სამი წელია, რაც სოფოსთან ერთად ქუჩაში ვარ, კონცერტებზე დავყვები. ყველა რესტორანში, ფაქტობრივად, თითო მეგობარს მაინც ვხვდები.  სოფოს ძალიან ბევრი სიმღერის შესრულება უწევს და მისთვის არ არის ისეთი ადვილი, როგორც ჩემთვის, მაგრამ ვერთობით (იღიმის).

სოფო:

სახლში როდის შევხვდი ბოლოს ახალ წელს, აღარც მახსოვს, ალბათ, შორეულ ბავშვობაში. მენატრება ის დრო, სხვათა შორის, როცა თბილად, ტკბილად, გემრიელად ვხვდებოდით ახალ წელს და მიდიოდა ქეიფი და დროსტარება შინ. ახლა მიწევს კარდაკარ სიარული და სიმღერა. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა და მადლობა ღმერთს, რომ დაკავებული ვარ, ვინაიდან ასეთია ჩემი პროფესია. ნამდვილად არ ვწუწუნებ. 31 დეკემბრის ტრადიცია უკვე ასეთია, რომ მე და ჩემი მეუღლე ქუჩაში ვხვდებით ამ დღესასწაულს.

კერძების მომზადებას ახერხებ?

ბებია ჩემთან ცხოვრობს და მისი დახმარებით პატარა და ლამაზ სუფრას ვაწყობთ, საცივი და გოზინაყი გვაქვს ხოლმე. ძალიან დიდ პურმარილს არასდროს ვაკეთებ, რადგან მეორე დღიდან გავდივართ და მეგობრებისა და ნათესავების წრეში ვატარებთ ახალ წელს.

მიშა, სოფო კარგ გოზინაყს ამზადებს?

თუ მოინდომა, მართლა ძალიან კარგი ხელი აქვს. რადგან ჩემი ცოლია, იმიტომ არ ვაქებ, მართლა მომწონს ძალიან.

სოფო:

ვერ გეტყვით, რომ დიასახლისობაში დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ხორცთან და ცომთან ვმეგობრობ, ბლინები, ღვეზელი, ტკბილეული, კარგად გამომდის.

საახალწლო საჩუქრებზე რას გვეტყვით?

მიშა:

რა თქმა უნდა, საახალწლოდ ერთმანეთს საჩუქრებს ვუძღვნით. მაგრამ არა მხოლოდ ახალ წელს, სხვა დროსაც ვაკეთებთ სიუპრიზებს. შესაძლოა, ჩვეულებრივ დღეს მოგვინდეს ერთმანეთის გახარება. მხოლოდ ახალ წელს ან სიყვარულის დღეს არ ველოდებით.

სოფო:

თვითონ მიშოც ასეთია, ძალიან უყვარს ადამიანების გახარება, ვინც უყვარს და პატივს სცემს. ეს არის მისი ერთ-ერთი თვისება, რომელიც, როგორც ქალს, ძალიან მომწონს და არა მგონია, რომელიმე ქალს ეს არ მოეწონოს – მიშა ძალიან ყურადღებიანი ქმარია. სულ უნდა, რომ გამაკვირვოს, სიურპრიზი მომიწყოს, შესაძლოა, საჩუქარი არ იყოს, მაგრამ ისე მოიქცეს, რომ გაგახაროს.

მიშა:

ფული არ გვიჩერდება. სულ გვინდა, ვიღაცას პატივი ვცეთ. არ ვართ ისე, რომ უნდა ვაგროვოთ. ხელგაშლილები ვართ და ვფიქრობ, ეს კარგი კურსია. ვცდილობთ, ერთმანეთიც გავახაროთ და ჩვენი ახლობელი ადამიანები. ცხოვრებაში ერთხელ მოვდივართ და ეს სიამოვნება არ უნდა მოვიკლოთ…

ხელგაშლილობის გარდა, კიდევ რა თვისება გაქვთ საერთო, რაც თანაცხოვრებისას აღმოაჩინეთ?

სოფო:

ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ დიდი და ღრმა იუმორის მქონე ადამიანია. სრულყოფილი ვერ იქნები, თუ იუმორი არ გაქვს. მე ასე ვფიქრობ. მიშოს ის მოჭარბებული რაოდენობით აქვს და არც მე ვუჩივი. როცა პოზიტივს ასხივებს და ადამიანებს ღიმილს ჰგვრი, ეს ძალიან კარგია.

მიშა:

ჩემი ბევრი მეგობარი ხშირად მეუბნება და მეჩხუბება, რომ პირდაპირ მთქმელი ხარ და ალალ-მართალი, რაც არ შეიძლებაო. მე კი ეს თვისება მომწონს. არ ვქმნი ილუზიებს, რომ ვიღაცას რაღაც მოვაჩვენო და შინ სხვა სიტუაცია მქონდეს. ორივე ალალები ვართ. თუკი შეგვტკივა გული ვიღაცაზე, ერთად შეგვტკივა, პოლიტიკური ხედვაც ერთი გვაქვს (იღიმის).

მიშა, პოპულარული ქალის გვერდით ცხოვრება როგორია?

როცა სოფო შემიყვარდა, ამაზე არ მიფიქრია, რა და როგორ იქნებოდა. არიან მამაკაცები, რომელთაც ბოღმა კლავს, თუკი ცოლი მათზე პოპულარულია და მის ჩრდილქვეშ არიან. ბოლოს ბევრი ხუმრობა იყო ჩემზე, როგორც სოფო ბედიას ქმარზე (იცინის). ამ ყველაფერს მართლა არ დავუძაბივარ. სხვა მხარეზე თუ ვისაუბრებთ, მყავს ლამაზი და ჭკვიანი ცოლი, რომელიც პოპულარულია არა სკანდალებით, არამედ იმით, რომ პროფესიონალი მომღერალია. ეს რატომ არ უნდა მომწონდეს?!. მისით ვამაყობ. როცა შევდივარ ნებისმიერ ადგილას და ამბობენ, რომ სოფო ბედიას ქმარი ვარ და კარგად მხვდებიან, ეს პირიქით, მახარებს. არანაირად არ მთრგუნავს და არ ვამბობ, რატომ არ აყენებს ჩემს პოლიტიკურ კარიერას წინ-მეთქი…

ეჭვიანები ხართ?

სოფო:

სხვათა შორის, ამ შეკითხვას ბოლო დროს ძალიან ბევრი გვისვამს. სულ რომ ერთად ხართ, მიშა მარტო არსად გიშვებსო? ხანდახან მომღერლები გამეხუმრებიან ხოლმე, თუკი მიშა ჩემთან ერთად არ არის, სადაა, ხომ არ იჩხუბეთო (იცინის)? მე ამას ყურადღებად აღვიქვამ. ერთად ყოფნა გვსიამოვნებს და გვიხარია. წელს არჩევნებიდან გამომდინარე, მიშო ძალიან დაკავებული იყო, წელს ისე ვერ გავერთეთ და დავისვენეთ ზაფხულში. ბათუმში წავედი ნიკუშასთან ერთად. იმდენი ვეჯუჯღუნე, აღარ გახსოვარ, ძალიან მომენატრე-მეთქი, რომ კვირაში ხუთჯერ ჩამომყავდა.

მიშა:

თუ ადამიანი არ გედარდება და მასთან ყოფნა არ გინდა, სიყვარულიც გამქრალია. არც მოუცია სოფოს ეჭვიანობის მიზეზი, არც მე გამჩენია ეჭვი როდისმე. ეჭვიანი ქმარი რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ გავუშვებდი მარტო დასასვენებლად. ჩვენი მეგობრებიც ზღვაზე იყვნენ იმ დროს. ვეუბნებოდი, ჩემი მეგობრები მოგაკითხავენ და სადმე წაგიყვანენ გასართობად-მეთქი, მაგრამ თავად სოფოს არ უნდოდა უჩემოდ. მართლა ვერ ერთობა ჩემ გარეშე. ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ სოფო ბედიას ქმარი დაინახეს სადმე რესტორანში, ვინმეს ეცეკვებოდა ან ცალკე ქეიფობდაო. სოფო ბათუმიდან რომ ჩამოვიდა, სულ ერთად ვიყავით. სოფოც არ არის ეჭვიანი, არასდროს უთქვამს ჩემთვის, ტელეფონი შეგიმოწმოო.

მიშა, ღიმილით ამბობ სულ, სოფო ბედიას ქმარიო და როგორც ჩანს, ძალიან ხალისობ ამ თემაზე…

ხომ ვამბობ, არ არის ეს პრობლემა. რა არის დასამალი, სულ უჩურჩულებენ ერთმანეთს, აი, სოფოს ქმარიო. მზად ვარ, მთელი ცხოვრება ეს სტატუსი მქონდეს. სასიამოვნო და საამაყოა. ჩემს ცოლზე ამბობენ, რომ მისი ქმარი ვარ და რა პრობლემაა (იცინის).

ნიკუშაზე ვისაუბროთ. მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

პირველივე დღიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვართ ძმაკაცები. ამას წინათ ავტომატი მოეწონა და ორი ვიყიდე, რომ მეც მეთამაშა მასთან.

სოფო:

რომ ვკითხე, ორი ერთნაირი ავტომატი რად გინდოდა-მეთქი, მიპასუხა, ერთი ჩემთვის არისო და როგორც შეიძლება, რომ არ გიყვარდეს ასეთი ადამიანი?!.

მიშა:

მინდა, რომ ჩემი და ნიკუშას ასეთი ურთიერთობა გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გვაქვს, მთელი ცხოვრება. ნიკუშა ძალიან თბილი ბავშვია. როცა ბავშვი ხელს გიწყობს, ძალიან ადვილია ურთიერთობის აწყობა. ნიკუშა ჩემთან იზრდება, ვცდილობ, ყურადღება მივაქციო და გვერდში ვედგე. ასეთ დროს ბავშვისგან სითბო თუ არ მოდის, ძალიან ძნელია. ჩვენ შორის კი ძალიან  თბილი ურთიერთობაა.

სოფო:

ძალიან მიყვარს ბავშვები, მაგრამ ოთხზე ვერ დავდგები და ვერ გავივლი. მიშა და ნიკუშა ერთად რომ არიან, ინგრევა სახლი, ხან ცხოველობანას თამაშობენ, ხან რას და ხან – რას. მიხარია მათი ასეთი ურთიერთობა. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მეორედ გათხოვების გადაწყვეტილება ამის გამოც მივიღე. მადლობას ვუხდი უფალს, რომ ნიკუშას და მიშას ასეთი იდილიური, თბილი და ტკბილი ურთიერთობა აქვთ და მიშა მეც მიყვარს და ნიკუშასაც.

სოფო, კარიერაში არის რაიმე ახალი?

მაქვს ჩემთვის დაწერილი ახალი სიმღერები, რომლებიც ჩავწერე კიდეც. დღევანდელი მაყურებელი უფრო ტაშფანდურა სიმღერებს ითხოვს. მე ჩემი რეპერტუარი მაქვს. მინდა, ჩემთვის შექმნილი სიმღერები, შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორების მარგალიტებთან ერთად, 2017 წელს ჩემს სოლოკონცერტზე წარმოვადგინო. მინდა, ბევრი ახალი სიმღერა ჩაიწეროს, რომ ყველა მომღერალი კმაყოფილი იყოს და ჰქონდეთ ფინანსური შემოსავალი, რომ ქართული შოუბიზნესი გააქტიურდეს.

მიშა:

მე სოფოს კარიერაში ძალიან ვარ ჩართული. ბევრ რამეში ვცდილობ დავეხმარო, ჩემს მოსაზრებებს ვუზიარებ, კონცერტთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. პროდიუსერობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ხელს ვუწყობ. ჩემი ცოლის წარმატება ჩემი წარმატებაა. ვქმნით ერთმანეთს და წინ და წინ მივდივართ.

გადაღების ადგილი: სასტუმრო „კოსტე“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები