LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც ევროპაში არიან, ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ” – ნათია თურნავა

327
ნათია

ბერლინი, ამსტერდამი და პარიზი – ეს ის ძირითადი ქალაქებია, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავთ. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს. კორონავირუსთან გამკლავების ჩვენი მთლიანი სტრატეგია არის დაყრდნობილი ეფექტურ პრევენციაზე, რაც დღესდღეობით ძალიან კარგად გამოგვდის. პრევენციის დიდი ნაწილია ის, რომ ჩვენ ორგანიზებულად მოვახერხოთ ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა, განსაკუთრებით რისკის მატარებელი ქვეყნებიდან და მათ შესაბამისი პირობები დავახვედროთ. იქნება ეს კარანტინი, თვითიზოლაცია, თუ რაიმე სხვა ადეკვატური პირობა, რაზეც ჯანდაცვის სისტემა მიგვითითებს.

აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება და შევწყვიტეთ ყველა სახის კომერციული ფრენა, ზოგიერთ წყდება უახლოეს 1-2 დღეში და დავტოვებთ ამ კომუნიკაციას მხოლოდ ქართული კომპანია „აირზენას“ მეშვეობით. განვსაზღვრეთ წინასწარ ის ჰაბები, ევროპული ქალაქები, საიდანაც ჩვენთან შეთანხმებული გრაფიკით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა. ამის შესახებ ინფორმაცაის სრულად ფლობენ ჩვენი საელჩოები. მე მინდა ასევე დავამშვიდო ჩვენი თანამემამულეები, ვინც იმყოფებიან ევროპაში, დროულად მიეწოდებათ ინფორმაცია და ორგანიზებულად მოხდება მათი ჩამოყვანა. რამდენიმე ქალაქია ამ სიაში. თუმცა შემდეგში ეს სია შეიძლება დავაზუსტოთ. ეს არის ბერლინი, ამსტერდამი, პარიზი და კიდევ დავამატებთ სხვა ქალაქებს საჭიროების შემთხვევაში“,- განაცხადა მინისტრმა.

პოპულალურები