LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეზობელ 4 სახელმწიფოში სიტუაცია არასახარბიელოა, ფრთხილად უნდა ვიყოთ“ – ამირან გამყრელიძე

73
95850940-3198103436875967-7566953990039011328-o

“საყურადღებოა ჩვენი სამეზობლო სახელმწიფოები. 4 ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ საზღვარი გვაქვს (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი), სიტუაცია არასახარბიელოა, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შედარებით დაწყნარების ტენდენცია გამოჩნდა თურქეთში. მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება გამწვავდეს. თუ ჩვენ სწრაფად გადავდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს საზღვრის გახსნის შესახებ, სწრაფად შეიძლება მივიღოთ ეპიდაფეთქება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოფლები, მუშევანი და გეტა ისევ დაკეტილი იქნება.

„ორი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში მუშევანი და გეტა ჩაკეტილი დარჩება. როდესაც ყველას გამოვიკვლევთ და ყველას იდენტიფიცირება მოხდება, ორი 14-დღიანი პერიოდი გავა, ამის შემდეგ შესაძლებელია ამ სოფლების გახსნაზე საუბარი.

გამყრელიძის განცხადებით, თითქმის მთლიანი სოფლის მოსახლეობის გამოკვლევა მოხდა.

„გეტაში ჩვენ მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ. ეს არ არის დიდი სოფელი, დაახლოებით 400-მდე ადამიანია. გამოვიკვლიეთ 320 ნიმუში და 18 დადებითი იყო ანუ 7%. ყველა გადაყვანილია საავადმყოფოში და მიმდინარეობს მკურნალობა. რაც შეეხება სოფელ მუშევანს, ეს უფრო მოზრდილი სოფელია და აქ ჩვენ გამოვიკვლიეთ 522 ადამიანი. სულ არის 700-მდე მოსახლე და დამყოლობა არ ყოფილა ძალიან მაღალი, ანუ აქტიურად არ თანამშრომლობდნენ გამოკვლევებზე, მაგრამ დავარწმუნეთ და დღესაც გრძელდება ეს პროცესი. იქ 55 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, ანუ 10%-ში გვაქვს დადებითობა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ სოფელ მუშევანშია. 12 სიკვდილიდან 3 ბოლნისის მუნიციპალიტეტშია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას გაუჭირდება ვირუსის გავრცელების ინდექსის ნიშნულის დასახელება, რომლის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც ქვეყანამ მიიღო, იყო მობილობის შემცირების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი გახლავთ ყველაზე დიდი მობილობის საშუალება. ეს არის ავტობუსი, მეტრო და გადაადგილების სხვა საშუალებები. დღეს კარგი მაჩვენებელი გვაქვს, სულ 2 ახალი შემთხვევა, გუშინ და გუშინწინ გვქონდა 10, 12 და ა.შ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ამ ფარგლებში და ყოველდღიურად იქნება 2, 5, 10, 15 ახალი შემთხვევა, ეს არ არის დიდი პრობლემა, ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამის მართვას კარგად გაუძღვება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები