რთული ეპიდსიტუაციის გამო ჩაკეტილ მესტიის მუნიციპალიტეტში ამ დროის მონაცემებით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სიტუაციას შს სამინისტრო აკონტროლებს. დაბა მესტიაში, უშგულსა და სხვა ტურისტულ ზონებში მოგზაური ვიზიტორების ნაწილი საკარანტინო სივრცეებში უკვე გადაიყვანეს, ნაწილი კი ამ წუთებშიც გადაყვათ.

როგორც მესტიის მერიის ტურიზმის განყოფილებაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტში დამსავენებელთა რაოდენობა დიდია, მათ შორის არიან უცხოეთის მოქალაქეები. “ფორტუნასთან” საუბარში განყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მიმდინარეობს ტურისტთა აღრიცხვა და სიების შედგენა.

ლანა მჭედლიანის განცხადებით, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მისივე თქმით, შესაძლოა საკარანტინე სივრცეების დამატებაც გახდეს საჭირო.

“ამ წუთებშიც მიმდინარეობს ტურისტთა რაოდენობის აღრიცხვა და სიების შედგენა. გუშინდელი დღიდან ვიზიტორები გადაგვყავს საკარანტინე სივრცეებში. დღეს მთელი დღე ამ სამუშაოებს დასჭირდება. არიან უცხოელებიც, მაგრამ უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტში 18 სასტუმრო არის მზად მოქალაქეების მისაღებად, თუმცა ვვარაუდობთ, რომ საკარანტინე სივრცეების დამატება გახდება საჭირო. რეგიონში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არ გვქონია შემთხვევა მუნიციპალიტეტიდან ტურისტის გასვლის მოთხოვნაზე” – განაცხადა ლანა მჭედლიანმა.

რა ვითარებაა მესტიაში – შსს განცხადებას ავრცელებს

მისივე განმარტებით, ის მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი ექნებათ მუნიციპალიტეტი დატოვონ, საკარანტინე პერიოდს სხვადასხვა ქალაქებში გაივლიან.

რაც შეეხება საკარანტინე პერიოდში გადასახდელ თანხას, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ პერიოდში განსაზღვრულ თანხას სახელმწიფო აუნაზღაურებს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასტუმროს მომსახურეობა ფასიანია.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 28 დღიან პერიოდში რაიმე სახის შეღავათი, განყოფილებაში აცხადებენ, რომ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, სვანეთში 20 სასტუმრო, 340 ოთახით საკარანტინო ზონად უკვე მომზადდა.

საკარანტინე სივრცეები მოეწყო ყველა იმ სასტუმროში რომელიც ჯანდაცვის სტანდარტებს აკმაყოფილებს. საკარანტინო ზონების შერჩევა გრძელდება.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოქალაქეების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. აქვე განმარტებულია, რომ მოქალაქეებს, რომლებიც სვანეთში იმ სასტუმროში იმყოფებიან, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცედ მოეწყო, დღეიდან 14 დღის განმავლობაში სახელმწიფო აანაზღაურებს მათი განთავსების და კვების ხარჯებს.

 

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები