LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერისის ხეობა: საოცარი ადგილი მთიან აჭარაში, რომლის შესახებაც ბევრს არც კი სმენია

968

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას აგრძელებს.

ამჯერად, სააგენტომ გიდებსა და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო. ბათუმიდან 56 კილომეტრში არსებული, ჩანჩქერით, მინერალური წყლითა და ულამაზესი ბუნებით გამორჩეული მერისის ხეობა შესანიშნავი ადგილია ჰაიკინგის, კემპინგის, ისტორიულ-კულტურული ადგილებისა და ადგილობრივი მეურნეობის მართვის ტრადიციული ხერხების გასაცნობად.

ინფოტურის მონაწილეებმა მერისის ჩანჩქერი, ზენდიდის ციხე, გვახას საპიკნიკე ტერიტორია მოინახულეს და გუნდაურის მინერალური წყალი დააგემოვნეს. გარდა ამისა, დაათვალიერეს მერისში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები და იქ არსებულ სერვისებს გაეცნენ. სოფელ მერისში სამი საოჯახო-სასტუმრო სახლია მარკირებული, რომელთაგან ერთი – თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლი ფოლკლორის შესწავლის მსურველ ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ოჯახის ყველა წევრი მღერის და სხვადასახვა საკრავზე უკრავს, რის შესასწავლადაც სასტუმრო სახლს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ისინი ასევე სტუმრობდნენ ახალ საოჯახო-სასტუმრო სახლს სოფელ კორომხეთშიც, რომელიც მახუნცეთის ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს და კარგი ადგილია ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად.

წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ, რომელიც არასაზღვაო ზოლში არსებული ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე მუშაობს მთიან აჭარაში 8 ინფოტურს გაუწია ორგანიზება. ტურების შედეგად 150-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო აჭარის მთაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებსა და პროდუქტებს. წლის ბოლომდე, დამატებით 3 ინფოტურის ჩატარება იგეგმება, რომელშიც 50-ზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები