ივნისის ბოლოს ლეგენდარულ მსახიობს 72 წელი შეუსრულდა. სტრიპის დებიუტი 22 წლის ასაკში შედგა, 50-წლიანი კარიერის მანძილზე კი, მსახიობმა არაერთი შედევრი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, რომელთაც სწორედ მისი წყალობით შეიძინეს საკულტოს სტატუსი.

მერილ სტრიპის ფილმები, რომლებიც ყველა კინომანმა უნდა ნახოს:

„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ (Kramer vs. Kramer, 1979) – განქორწინების და გენდერული თანასწორობის თემა ერთ-ერთმა პირველმა სწორედ რობერტ ბენტონმა განიხილა თავის დრამაში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ. მართალია, საკუთარი თავის ძიებაში სტრიპის პერსონაჟი მეუღლესთან ერთად მცირეწლოვან შვილსაც ტოვებს, რისთვისაც პუბლიკის წყრომა დაიმსახურა, მაგრამ როლის საოცრად ბუნებრივი და დამაჯერებელი შესრულებისთვის 1980 წელს მსახიობი „ოსკარის“ პრემიით დაჯილდოვდა.

„სოფის არჩევანი“ (Sophie’s Choice, 1982) – ალან პაკულას ფილმი მაყურებელს ჰოლოკოსტის დროს სიკვდილს გადარჩენილ ქალზე მოუთხრობს, რომელიც იძულებულია გააკეთოს არჩევანი ორ მამაკაცს შორის. არაჩვეულებრივმა დრამამ მსახიობს მეორე „ოსკარი“ მოიუტანა.

„სილქვუდი“ (Silkwood, 1983) – მაიკ ნიკოლსის ფილმი, რომელშიც სტრიპს კურტ რასელმა და შერიმ გაუწიეს პარტნიორობა, რეალური ისტორიის მოტივებზე შეიქმნა. კარენ სილქვუდი გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომელია, რომელიც ხელმძღვანელობის გულგრილობით კოლეგებთან ერთად წლების მანძილზე განიცდის რადიაციის ძლიერ დასხივებას. კარენი საჯაროდ გამოსვლას და საწარმოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გასაჯაროებას გეგმავს, თუმცა The New York Times-ის ჟურნალისტთან შეხვედრამდე იღუპება ავტოკატასტროფაში. მსახიობი ამჯერადაც წარდგენილი იყო  ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიებზე, თუმცა მხოლოდ ნომინაციებით დაკმაყოფილდა.

„ჭეშმარიტი ფასეულობები“ (One True Thing, 1998) – კარლ ფრანკლინის დრამაში სტრიპმა სიმსივნით დაავადებული ქალი განასახიერა, რენე ზელვეგერმა კი, მისი ქალიშვილი, რომელიც დედის მოსავლელად ბრუნდება სახლში. ფილმი დედა-შვილის ურთიერთობას მიეძღვნა, რომლებიც მრავალწლიანი უთანხმოების შემდეგ საბოლოოდ მაინც პოულობენ საერთო ენას.

„ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“ (Florence Foster Jenkins, 2016) – სტივენ ფრირზის ბიოგრაფიულ ფილმში სტრიპმა მაღალი წრის ქალბატონის როლი შეასრულა, რომელიც საშინელი ხმის მიუხედავად მაინც ოპერის მომღერლობას ნატრობს. ბრიტანელმა რეჟისორმა სტივენ ფრირზმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი თვითმყოფადი იუმორით, სტრპმა კი, განსხვავებული ამპლუა მოირგო და არაჩვეულებრივად განასახიერა ტრაგიკომიკული პერსონაჟი.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები