LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედპერსონალის შეურაცხყოფა, მასზე ძალადობა ან მუქარა კანონით დაისჯება

349
dt-190319-doctor-angry-violence-patient-800x450

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.

ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში პაციენტმა მკურნალ ექიმს სცემა. ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ საავადმყოფოს თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ამბობდნენ, რომ საჭიროა მექანიზმის შემუშავება, რომლითაც როგორც პაციენტის ჯანმრთელობის, ისე ექიმების უფლებებს დაიცავენ.

პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დევნილთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა.

ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ  სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

2018-2019 წლებში თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრში მედპერსონალის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის 6 ფაქტი დაფიქსირდა- ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები. უწყების ცნობით, მათ შორის ორ შემთხვევაში ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი იყო გამოყენებული.

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ ვითარებს, 15 თვის მონაცემებით 10 ფიზიკური და 25 სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.

კანონპროექტი ამ დროისთვის საკომიტეტო მოსმენაზე განიხილება და უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები