LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე რომ არ ვყოფილიყავი ადგილზე, ვინმეს რომ მოეყოლა ნამდვილად არ დავიჯერებდი” – ვატო წერეთელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს იხსენებს

184
BeFunky-collage (12)

დღეს “ტვ პირველმა”, “მთავარი არხმა”, “ფორმულამ” და “კავკასიამ” მაუწყებლობა გააჩერეს.

დღის ბოლომდე ოთხივე ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონი იქნება გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.

მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია შაბათს, 17 ივლისს, 18 საათზე გაიმართება.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ისაუბრა.

„4 არხი გავითიშეთ, თუმცა გუშინ რეგიონალური არხებიც გათიშული იყო. ამდენი არხი გათიშულიყო, ასეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

ამ მდუმარე პროტესტით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას და ვუთხრათ, რომ მათ არ გაუვათ ჟურნალისტების და მედიის ჩაგვრა და დასახიჩრება.

შაბათს, 17 ივლისს 6 საათზე მასშტაბურ აქციას ვგეგმავთ, ყველა ერთად შევიკრიბებით და მოვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი, სადაც უნდა, თუ უნდა „ქართუ“ ბანკში, სადაც გაუხარდება თავის მინისტრებთან ერთად.

მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნაა-გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი.

ეს ადამიანი ჯერ იყო ჯალათი ბავშვებზე, ახლა ვნახეთ ის სასაკლაო რაც მოაწყვეს 5 ივლისს.

“შაბათს ყველაფერს გავაჩერებთ” – მედიის წარმომადგენლები 17 ივლისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ

ვატო წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს არავინ ეკითხება დატოვებს თუ არა თანამდებობას.

„ვფიქრობ არც უკვე ბიძინას გადასაწყვეტია წავა თუ არ წავა, ეს ხალხის გადასაწყვეტია.

ჩვენმა ქვეყანამ ბევრი რამ დაკარგა, ტერიტორიები, ბევრი ადამიანი უმუშევრად დარჩა, ბევრი რამ დაიკარგა თუმცა სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ არ დაგვიკარგავს.

ის არის ჯალათი, ის ახდენდა ზეწოლას ბავშვებზე, ის ახდენდა ზეწოლას მედიაზე, ასახიჩრებს ხალხს, ის აუცილებლად უნდა წავიდეს!“-აღნიშნა ვატო წერეთელმა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, როგორ აფასებს შსს-ს გამოძიებას, “ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღე გაიხსენა.

კითხვები ჩნდება, როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში: ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

„მე რომ არ ვყოფილიყავი ადგილზე, ვინმეს რომ მოეყოლა ნამდვილად არ დავიჯერებდი, ადამიანი, მიცვალებული ოთხად დაკეცეს, შტურმით აიღეს სახლი, 30-40-მა პოლიციელმა დედა გათელა, რამდენიმე საათის გარდაცვლილი ჰყავდა დედას შვილი და გათელეს.

არავინ არ მოვიდა რომ აეხსნა, როგორი პროცედურაა, რა უნდა გაკეთებულიყო, დაკეცეს ოთხად, ჩაკეცეს პარკში, არც საკაცეზე დააწვინეს, გაიტაცეს, ჯერ ლიფტში გაჭედეს, მერე კიბეებზე ჩაიტანეს, საკაცე უკან მიყვებოდა, წარმოუდგენელი სიგიჟე იყო.

რამდენიმე საათი, შეიძლება 3-4 საათი, არც ვიცოდით სად იყო და ამდენი ხნის განმავლობაში ვერ იწყებდნენ ექსპერტიზას, ამბობდნენ რომ საბუთები უნდა მოვაგვაროთო.

რისთვის გაიტაცეს თუ არ უნდოდათ ეს შარლატანობა და იმ სიბინძურის აგორება, რაც ააგორა ჯერ პრემიერმა და მერე პრემიერის ტროლებმა? კითხვებს კი არ აჩენს ეს, ძალიან სიბინძურეა.

ჯერ ცოცხლად იძალადეს, მერე მკვდარზე იძალადეს.

თუმცა ხედავდით თქვენ დაკრძალვის დღეს ადამიანები ფანჯრებიდან ტაშს უკრავდნენ და უცხო ადამიანები ტაშით აცილებდნენ ლექსოს.“-აღნიშნა ვატო წერეთელმა „ფორტუნას“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები