LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მინდა დედა ჩემი მეგობარი იყოს“ – კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში ბავშვების 70%-ს ძალადობის სხვადასხვა ფორმა განუცდია

112
depressed-crying-little-boy-holding-head-in-hands-picture-id637968486

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ამასთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების და პოზიტიური მშობლობის კვირეული გაიხსნა.

რა ვითარებაა ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში და რა პრობლემებსა და გამოწვევებს ვაწყდებით ამ მიმართულებით.

წლებია, საქართველოში ბავშვთა უფლებები უმძიმესად ირღვევა: სახალხო დამცველი

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში გაძლიერდეს ოჯახები, იმისათვის, რომ ბავშვებისთვის სწორედ საოჯახო გარემო იყოს ყველა იმ პირობით დამაკმაყოფილებელი, რაც შემდგომ ბავშვებს შეუქმნის განვითარებისთვის აუცილებელ ნორმებს და პირობებს.

„ბავშვები ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევის და პრობლემის წინაშე არიან.

სამწუხაროდ საქართველოში არიან ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ სიღარიბეში და მათ არ აქვთ საშუალება, რომ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომლითაც მათი თანატოლები სარგებლობენ და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა.

ასევე არიან ბავშვები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები არიან, საკუთარ ოჯახებში ცხოვრობენ და სწორედ იქ არიან ძალადობის მსხვერპლები. ძალიან ბევრია ამ ბავშვების რაოდენობა, ჩვენი კვლევებით დასტურდება, რომ 70%-მდე ბავშვს განუცდია საქართველოში ამა თუ იმ ძალადობის ფორმა, ეს არის როგორც ფიზიკური ძალადობა ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა და სამწუხაროდ, ეს არის აღზრდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მეთოდი ბევრი მშობლისთვის.

დღეს, 1 ივნისია და ჩვენ ამ დღეს ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე იმ ბავშვებზე, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ, რომლებსაც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან.

ყოველ წელს ჩვენ გვაქვს კონკრეტული თემა, წელს კი გადავწყვიტეთ, რომ ყურადღება გაგვემახვილებინა ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების აუცილებლობაზე.

ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ნორმალური განვითარება, განათლება, დაცული იყვნენ ყველანაირი ძალადობისაგან, სიღარიბეში არ ცხოვრობდნენ, აი ამ ყველაფრისთვის სჭირდებათ ოჯახებს მხარდაჭერა და გაძლიერება.

დღეს დავიწყეთ პოზიტიური მშობლობის კვირეული, ჩვენ გვინდა საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ გამოიყენონ პოზიტიური მეთოდები ბავშვების აღზრდისას.

და ამასთანავე ჩვენ სახელმწიფოსაც მოვუწოდებთ, რომ მშობლებისთვისაც არსებობდეს პროგრამები, სადაც ისინი ისწავლიან თუ როგორია პოზიტიური მშობლობა.

ბევრმა არ იცის თუ რა არის პოზიტიური მშობლობა.

რას ნიშნავს ეს ალტერნატიული მეთოდი? არა დაყვირება, არა ცემა, არა მუქარა და ძალადობრივი მეთოდები.

ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში გვექნება მშობლებთან შეხვედრები.

დღესაც გვქონდა ასეთი შეხვედრა მშობლებთანაც და შვილებთანაც, სადაც ვსაუბრობდით იმაზე, რა არის პოზიტიური მშობლობა და ბავშვების აქტიურად გვიზიარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს, თუ როგორი მშობლები უნდათ მათ რომ ჰყავდეთ.

ერთ-ერთმა კვლევაში ბავშვმა ჩვენ გვითხრა-„მე მინდა დედა ჩემი მეგობარი იყოს“.

უნდათ მათ, რომ მშობლები იყვნენ მათი მეგობრები, რომ მათ უზიარებდნენ თავიანთ გულისტკივილს, სამწუხაროდ, ბევრ ბავშვს არ აქვს ამის საშუალება.“-აღნიშნა მაია ქურციკიძემ „ფორტუნას“ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები