LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მძიმე ტრავმები ჰქონდა, ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა” – როგორია ტყიბულის შახტში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

130
1

ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი ეხმიანება.

დავით ჩერქეზიშვილი “რუსთავი 2-თან” მომხდარს იხსენებს და აცხადებს, რომ სპეციალისტები მოკვლევას დილიდან დაიწყებენ:

“დაახლოებით, ღამის 11:00 საათზე მივიღეთ შეტყობინება, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. ტრავმირებული იყო 9 ადამიანი, ერთი საკმაოდ მძიმე ტრავმებით და ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა. რაც პირველადი ვერსიით ვიცით. აფეთქების შემდეგ გამოწვეული ტალღის დამაზიანებელი ფაქტორია ამის შედეგი.

როგორც ხდება ხოლმე, მოხდა კარიერის აფეთქება, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. შესაბამისი მოკვლევა დილიდან დაიწყება.

რასაკვირველია, ტყიბულის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გარდაცვლილის ოჯახს დაეხმაროს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს, ასევე დაშავებულებსაც”, – განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა.

დაშავებულების მდგომარეობაზე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე საუბრობს.

ქაშიბაძის განცხადებით, კლინიკაში მკურნალობას რვა პაციენტი გადის, მათგან სამი რეანიმაციაშია და მათი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.

“დანარჩენი ხუთი პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები”.

შეგახსენებთ, ტყიბულის შახტში აფეთქება გუშინ ღამით მოხდა. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია რვა პირი.

შახტში აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის ქვეშ სიღრმეში მაღაროელები იყვნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები