LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების გათავისუფლების პირობა არ დაგვიდვია”: არჩილ თალაკვაძე ელჩებს ამის დადასტურებას სთხოვს

140
talakvadze

პარტია “ქართული ოცნების” ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან 8 მარტის შეთანხმების საკითხზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავრობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს ოპონენტების უპასუხისმგებლობის გამო. მისი განმარტებით, მმართველი პარტია შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს, ხოლო ოპოზიცია ისევ პატიმრების საკითხით სპეკულირებას განაგრძობს. თალაკვაძე განმარტავს, რომ მმართველ გუნდს არსად და არავისთან ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა არ დაუდია და მათ შორის აღნიშნული საკითხი არ შეთანხმებულა არც 8 მარტის შეხვედრაზე.

“8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა 2 თვე. მმართველი გუნდი ზედმიწევნით ასრულებს პირობებს, ოპოზიცია კი აგრძელებს საკითხით სპეკულირებას. “ნაციონალური მოძრაობა”, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები, შეთანხმებაზე მითითებით, ითხოვენ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას, მისცენ დავალება პატიმრობიდან გაანთავისუფლონ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული და ბრალდებული 3 პირი, რომელთა წარსული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება არ და ვერ იქნებოდა არანაირი მოლაპარაკების თემა. მმართველ გუნდს მათი გათავისუფლების შესახებ პირობა არავისთან არ დაგვიდვია. ამით რადიკალური ოპოზიცია სპეკულირებს და მათი უპასუხისმგებლობის გამო შესაძლოა 8 მარტის შეთანხმებას საფრთხე შეექმნას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია საკითხით სპეკულირებას განაგრძობს იმ მიზეზით, რომ 8 მარტის შეხვედრა იყო დახურული და არასაჯარო. თალაკვაძე თხოვს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საჯარო გახადონ და ხელმოწერით დაადასტურონ, რომ პატიმრების გათავისუფლებაზე მმართველ გუნდს ვალდებულება არ აუღია.

“რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საჯარო არ ყოფილა, აგრეთვე სარგებლობს იმით, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებენ სპეკულირებისთვის. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ მოლაპარაკების შინაარსს. კერძოდ, ვთხოვთ მათ, რომ საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება. ასევე ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.