LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტო სახლში“: საინტერესო ფაქტები ფილმზე, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

kevin

ოჯახურ კომედიას „მარტი სახლში“, რომელიც საახალწლო დღესასწაულების მთავარ ატრიბუტად ითვლება, ნებისმიერი ასაკის კინომოყვარული ერთნაირი სიამოვნებით უყურებს, თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენად შრომატევადი იყო ფილმზე მუშაობა.

დღეს შუძლებელია ფილმის განსხვავებული სამსახიობო დასით წარმოდგენა, თუმცა თავის დროზე, კევინის როლზე 100-მდე ბიჭუნა აცხადებდა პრეტენზიას, მძარცველი ჰარის განსახიერება კი, პროდიუსერებმა რობერტ დე ნიროს შესთავაზეს, რომელმაც უარი განაცხადა „არასერიოზულ“ პროექტში მონაწილეობაზე.

მართალია, თავისი უიღბლობითა და მოუხერხებლობით მძარცველებმა დიდხანს ახალისეს  მაყურებელი, მაგრამ სინამდვილეში, მათი ტრიუკები ძალიან სახიფათო იყო, რადგან ტრიუკების ოსტატთა მცირე შეცდომაც თავისუფლად შეიძლება დასრულებულიყო ტრაგედიით.

სარისკო აღმოჩნდა დენიელ სტერნისა და ტარანტულის „პარტნიორობაც“, რადგან მსახიობს, დამაჯერებლად, თუმცა ნაკლები ემოციით უნდა გამოეხატა პანიკა და რაც მთავარია, უხმოდ ეყვირა, რათა არ დაეფრთხო მის სახეზე კომფორტულად მოკალათებული შხამიანი ობობა. სტერნიმ წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მისიას – მისი შიში აბსოლუტურად ბუნებრივი აღმოჩნდა, ყვირილი კი, მოგვიანებით გაახმოვანა.

მართალია, შავ-თეთრ ფილმს, რომელსაც კევინი ტელევიზორში უყურებს, საკმაოდ სოლიდური სახელი „ანგელოზები ბინძური სულებით“ ჰქვია, მაგრამ მსგავსი ფილმი სინამდვილეში არასდროს არსებობდა, რადგან კოლამბუსმა მხოლოდ რამდენიმე კადრი გადაიღო სპეციალურად თავისი კომედიისთვის. კევინის საყვარელი დიკტოფონი კი, ერთგავრი საცდელი მოდელია, რომელიც მხოლოდ მისთვის შეიქმნა, თუმცა ფილმის წარმატების შემდეგ, თაყვანისმცემელთა მოთხოვნით ერთ-ერთმა კომპანიამ მოდელი მასიურ წარმოებაში ჩაუშვა და სერიოზული მოგებაც ნახა.

მსოფლიო გაქირავებაში კომედიამ 476 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა, გინესის რეკორდების წიგნში კი, ყველაზე გაყიდვადი ფილმის სტატუსით შევიდა.

ფილმის ოფიციალურ „ემბლემად“ ლოყებზე ხელებაფარებული კევინის კადრი იქცა, რომელიც შეშინებული ყვირის. სცენის დადგმა რეჟისორს ედვარდ მუნკის ცნობილმა ნახატმა „ყვირილი“ შთააგონა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები