LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარშუტკებში” კორონა არ არის?! – აღარ ეტევა ხალხი ტრანსპორტში, არადა სწავლა ჯერ არ დაწყებულა

654
TRANSPORTI

საზოგადოება მოდუნდა. საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, სახლიდან ნიღბებით გამოსულმა ხალხმა, ნელ-ნელა ისინი ჩამოიწია ან საერთოდ დაივიწყა. სოციალური დისტანცია კი, რაც გადაადგილებისას თავიდანვე პრობლემა იყო, საერთოდ დაივიწყა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მიკროავტობუსებში.

“მარშუტკებში” ფეხზე მდგარი მგზავრების პრობლემა კოვიდამდეც იყო და კოვიდის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა. აკრძალვა მგზავრების ფეხზე დგომასთან დაკავშირებით, ახლა უკვე აღარავის ახსოვს, არც კომპანიაში. “თბილისის მიკროავტობუსში” “ფორტუნას” ისიც კი არ უთხრეს, არის თუ არა კვლავ ძალაში აკრძალვა, კოვიდთან ბრძოლის ფარგლებში მაშინ შემოიღეს, როცა ორთვიანი გაჩერების შემდეგ “ყვითელი მარშუტკები” კვლავ ხაზებზე დაბრუნდნენ. სამდღიანი ლოდინის შემდეგ, მხოლოდ შეუსრულებელი დაპირება დაგვრჩა, რომ ამ საკითხს გაარკვევდნენ.

 

29 მაისს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დაუბრუნდა ქალაქის ქუჩებს, “თბილისის მიკროავტობუსების” გენერალური დირექტორი დავით ასანიძე ამბობდა, რომ შეზღუდვებს, რომლებიც მარშუტკების შემთხვევაში დაწესდა, თავად მძღოლები გააკონტროლებენ, აღსრულების მექანიზმი კი შემდეგი იყო – თუ მგზავრი არ დაიცავდა მითითებებს, მძღოლს შესაძლებლობა ჰქონდა მის ჩასვლამდე ამ მოთხოვნის შესრულებამდე ადგილიდან არ დაძრულიყო.

ეს კონტროლის მექანიზმი გარკვეულწილად ამართლებს ნიღბების შემთხვევაში, თუმცა ფეხზე დგომის აკრძალვაზე არა, რადგან ბევრი მგზავრი მძღოლის ინტერესშია. ხალხსაც ბევრი ცარიელი ტრანსპორტი არ ხვდება, რომ მისით გადაადგილდეს, ამიტომ სხვა გზა არაა – მარშუტკებში მგზავრების რაოდენობის თვალსაზრისით განუკითხაობაა.

ჩვენი რესპონდენტი 34 ნომრით მგზავრობს და არ იცის როგორ უნდა იაროს სამსახურში, როცა შვებულებების დრო დასრულდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო მეტი დატვირთვით იმუშავებს.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად ვმგზავრობ, თანაც ავტობუსით, მეტროთი და მარშუტკითაც. მას შემდეგ, რაც ტრანსპორტის მოძრაობა აღადგინეს, თავიდან უფრო იცავდნენ რეკომენდაციებს. მეტროს შესასვლელთან იდგნენ და არ უშვებდნენ პირბადის გარეშე, ავტობუსში მონიტორინგის წარმომადგენელი მგზავრებს თხოვდა პირბადე ბოლომდე აეწიათ, ანუ ცხვირი დაეფარათ. მარშუტკებში პირველი დღეები მხოლოდ იმდენი მგზავრს უშვებდნენ რამდენი სკამიცაა. თუმცა მალევე ჯერ თითო-ოროლა მგზავრი დააყენეს ფეხზე და ეტყობა მოსინჯეს რა მოხდებოდა, მერე და მერე გათამამდნენ და სულ უფრო მეტ მგზავრს აყენებდნენ ფეხზე. ახლა საერთოდ საშინელებაა, აღარ ეტევა ხალხი მარშუტკაში, არადა სწავლა არ დაწყებულა და ხალხი ჯერ კიდევ შვებულებაშია. არანაირი რეგულაციები, არანაირი შეზღუდვა და კონტროლი. თამამად ვიტყვი, მარშუტკაში იმდენი ხალხია, ქვეყანაში შემოღებულ არანაირ რეკომენდაცია-შეზღუდვებს აზრი არ აქვს და უბრალოდ სასაცილო ხდება. ჩემი თანამშრომლებიც ანალოგიურს ყვებიან. მე ბოლო გაჩერებაზე მივდივარ, რომ ავიდე მარშუტკაში, ხოლო სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდები, გაჭედილ მარშუტკაში აღარ ავდივარ და მეტროთი ვმგზავრობ, მიუხედავად იმისა, რომ არ მაწყობს”, – ამბობს ის.

 

“თბილისის მიკროავტობუსს” მთლიანობაში 2ათასი მარშუტკა ჰყავს, თუმცა ხაზზე 1300-დან 1500-მდე მანქანა მოძრაობს. თითო მარშუტკას მაქსიმუმ 16 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, იმ შემთხვევაში თუ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ რეგულაციები კვლავ ძალაშია და მგზავრებს ფეხზე არ დააყენებენ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტზე პასუხისმგებელი სატრანსპორტო კომპანიაა, თუმცა მიკროავტობუსები კერძო კომპანიაა და შესაბამისად მათი კომპეტენციის ზღვარს სცილდება.

სატრანსპორტო კომპანიაში “ფორტუნას” უთხრეს, რომ  მათ დაქვემდებარებაში მხოლოდ მეტრო, ავტობუსები და საბაგიროა. კონტროლის მექანიზმი კი მობილურ ჯგუფებზე, კონდუქტორებსა და მძღოლზეა გადანაწილებული. ჯარიმები მათთვის, ვისაც კოვიდის არ ეშინია, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მოწოდებები, რომელიც ავტობუსებშიც და მეტროებშიც ჩანაწერის სახით გადის.

“ჩვენ ნამდვილად არ გვყავს ასეთი საზედამხედველო ორგანო, რომელიც მგზავრებს გააკონტროლებს, უკეთიათ თუ არა პირბადე მიკროავტობუსში”, – განაცხადეს “ფორტუნასთან” მერიაში.

მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ტრანსპორტში მობულური ჯგუფების გარდა თავიდან წესით, სიტუაცია პატრულსაც უნდა გაეკონტროლებინა. თუმცა ეს პრაქტიკაში მხოლოდ მეტროში განხორციელდა, რადგან ქუჩაში ამის აღსრულება რთულია.

“იქნება პირბადეები მოთხოვნილი და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში”, – აცხადებდა ირაკლი ხმალაძე.

ავტობუსებსა და მეტროში შედარებით უკეთესი სიტუაციაა – სივრცე დიდია და იშვიათად, რომ კანონის დამრღვევი მოქალაქე გამოჩნდეს და მას არ მიუთითონ ნიღბის გაკეთება.

“ავტობუსით მგზავრობა მიწევს ხოლმე. ნიღბები, ისე არა როგორც წესია, თუმცა მაინც ყველას უკეთია. თუ ვინმეს შეამჩნევენ ნიღბის გარეშე, კონდუქტორი ან მძღოლი მოუწოდებს ხოლმე გაკეთებას. გუშინ მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ ამოვიდა ქალბატონი ნაყინის ჭამით, რომელსაც არ ეკეთა ნიღაბი, მოუწოდეს გაეკეთებინა და შეასრულა მოთხოვნა ნახევრად ისე, რომ ნაყინის ჭამა გააგრძელა”, – ამბობს ირინა თიკანაშვილი “ფორტუნასთან”.

ის, რომ მოდუნება არ შეიძლება, ის, რომ კორონა კვლავ ჩვენთანაა და ის, რომ ნიღბები და სოციალური დისტანცია თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, გუშინაც შეგვახსენა ამირან გამყრელიძემ, რომელსაც ერი ენდობა, თუმცა როგორც ჩანს არასაკმარისად.

ხალხს ნდობა და კოვიდ 19-ის შიში ნელ-ნელმა და შერჩევითად მოხსნილმა რეგულაციებმა გაუნელა.

ჩაკეტილ საზღვრებში შერჩევითად, კარანტინით და კარანტინის გარეშე შემოსული ხალხი, ჩაკეტილი და თავიდან გახსნილი რეგიონები… ზაფხული ასე გავიდა. ახლა კი შემოდგომა მოდის, დედაქალაქი სრული დატვირთვით ამუშავდება და საინტერესოა წინ რა გველის. ასევე საინტერესოა რისთვის არის საჭირო სხადასხვა დაწესებულებებში თავის დაცვა, რისთვის ცდილობს მთავრობა რიგების შემცირებას, რატომ ტარდება ტესტირებები, თუ ბოლოს ტრანსპორტში ყველა წესი უნდა დაირღვეს. ტრანსპორტში კორონა არ არის?!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები