მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია.

მარიშკა ჯავახაძე:

ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი ხნის წინ, ჩემს ძაღლს ვასეირნებდი. წვიმიანი საღამო იყო. ჩემს ძაღლს ქუჩის ძაღლები გამოეკიდნენ, აიბლანდნენ ერთმანეთში და მეც… სამწუხაროდ, დავეცი, ვიტკინე ხელი და დავიზიანე ზურგი. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, მაგრამ ხელი გაბზარული მქონდა და ვერ დავდიოდი. გადაღებები დაგეგმილი იყო, სცენარი დაწერილი, ის ვერ გადაიწერებოდა და სერიალის გადაღებები ვერ გაჩერდებოდა, შესაბამისად, მოვიდა ახალი, მშვენიერი ბარბარიკა…

ახლაც წევხარ?

ერთი კვირა ვიწექი, ახლა აღარ ვწევარ, ნელ-ნელა დავდივარ და ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდები. არ ყოფილა არანაირი კონფლიქტი და გულის ტკენა. ძალიან დიდხანს მიდიოდა ფიქრი, რა და როგორ გვექნა, საერთო გადაწყვეტილებით მივედით იმ აზრამდე, რომ ბარბარიკა შეცვლილიყო. ჩემი უპასუხისმგებლობის გამო სერიალი არ უნდა დაზიანებულიყო, მას უნდა გაეგრძელებინა არსებობს, რა თქმა უნდა…

ალბათ, ძალიან გწყდება გული, რომ სერიალში აღარ იქნები…

რასაკვირველია, ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ თავიდანვე გააზრებული მქონდა, რადგან მსახიობი არ ვარ, ეს ჯადოსნური პერიოდი ჩემს ცხოვრებაში დამთავრდებოდა. სამწუხაროდ, უფრო ადრე დასრულდა, ვიდრე წარმოვიდგენდი…

სერიალში გამოჯანმრთელების შემდეგ დაბრუნება არ განიხილება?

არა მგონია, ეს არასერიოზული იქნებოდა. ახლა თაკო შრომობს და როლზე მუშაობს, ახლა უკვე მისი როლია…

არ იეჭვიანებ, შენს როლს რომ სხვა ასრულებს?

არანაირი ეჭვიანობის მომენტი არ მაქვს. როგორც კი თაკოს შესახებ გავიგე, იმ წამსვე მივწერე და მივულოცე, თვითონაც ძალიან კარგად მიმიღო, ვილაპარაკეთ ჯერ ბარბარიკას, მერე ძაღლების შესახებ, რომლებიც ორივეს ძალიან გვიყვარს. მიმაჩნია, რომ ნამდვილად ღირსეული შემცვლელი მყავს, არ ვეჭვიანობ და ძალიან მომწონს თაკო…

უყურე მისი მონაწილეობით ეპიზოდს?

მე ძალიან მომეწონა. მართლა კარგად თამაშობს, ნიჭიერია, როგორი ძნელია, სხვისი როლი რომ მოირგო…

შენგან მაინც განსხვავებული ბარბარიკაა…

რა თქმა უნდა, ჩემი გაკეთებული სხვაა, მისი სხვა იქნება. შესაძლოა, ჩემი ბარბარიკა უკვე მოსაბეზრებელიც კი იყო ხალხისთვის, ახალი სერიალს კიდევ უფრო მეტად გამოაცოცხლებს.

კიდევ უფრო კარგ შემოთავაზებებს გისურვებ…

დიდი მადლობა. მეც ძალიან მინდა (იღიმის).

ნინო მურღულია

კატეგორიები: ექსკლუზივი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05