საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზის მიხედვით, საქართველო უახლოეს წლებში იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იყო 5 პროცენტი, წელს კი ამ ციფრის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. „ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება უფრო მეტად მოხდეს გლობალურ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, საქართველო იცავს და ყოველთვის დაიცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს“, – განაცხადა ბახტაძემ.

მანვე ისაუბრა საკრედიტო რეიტინგების დინამიკაზე. მისი თქმით, „მუდისმა“ შარშან შემოდგომაზე გააუმჯობესა რეიტინგი. „დარჩენილი ორი საკრედიტო სააგენტო ძალიან პოზიტიურად აფასებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. პარლამენტში წარდგენილი პროგრამის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ამოცანა იქნება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ინვესტორებისთვის საქართველო გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა“, -განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით შარშან დაფიქსირდა ისტორიული შედეგი. „ძალიან გვიხარია, რომ ამ მოზიდულ ინვესტიციებში იტალიური კომპანიების წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება იმ ნომენკლატურის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ სავაჭრო ბრუნვაში გვიფიქსირდება როგორც ევროკავშირთან, ასევე იტალიასთან, რაც ძალიან ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული რომელიმე ერთ სასაქონლო ჯგუფზე ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში, რაც ძალიან კარგი სიგნალია და შემდგომ სავაჭრო დივერსიფიკაციას ხელს შევუწყობთ“, – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა იტალიას ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად კონსულტაციების დაწყებაც შესთავაზა. 

„34 ქვეყანასთან ორმხრივი შეთანხმებაა ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ საქართველო-იტალიას შორის დავიწყოთ ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების თაობაზე კონსულტაციები. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავახალისოთ სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ბახტაძემ. მანვე იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები