მაჭახელას ხეობის 6 საიდუმლო და რამდენიმე მიზეზი, რაც იქ წასვლას გადაგაწყვეტინებს”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ვებგვერდი gobatumi.com, რომელიც აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ეწევა და რეგიონში არსებული, მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულებების შესახებ წერს.

სანამ 6 საიდუმლოზე გადავალთ, გეტყვით, რომ თავად მაჭახელას ხეობა ბათუმიდან სამხრეთით 19 კმ-ის მანძილზე მდებარე გადასახვევიდან და ცენტრალური გზიდან სულ რაღაც 3 კმ-ში მდებარეობს. ხეობის დასაწყისიდან ცხემლარას ხიდამდე 10 კმ-ია. ტურისტებს შეუძლიათ სოფლებში ფეხით, ველოსიპედით ან ცხენით სეირნობა.

მაჭახელას ხეობაში მდებარეობს შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები, რომელთაგან ყველაზე დიდი ცხემლარას ხიდია (სიგრძე – 25 მ. სიგანე – 2 მ.); აქვე ნახავთ ციხეებს, ეკლესია-მონასტრებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს, რომლებიც თავიანთი სიძველით ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნებიან. მაჭახელას ხეობასთან არის დაკავშირებული რამდენიმე თქმულება თამარ მეფის შესახებ. ძველად ამ ხეობაში მდიდარი სამჭედლო სახელოსნოები მდებარეობდა, რომლებშიც საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო იარაღებთან ერთად იჭედებოდა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღიც.

ტურისტებს მაჭახელას ხეობაში შეუძლიათ შემდეგი ტურისტული ობიექტების დათვალიერება: ცხემლარას ხიდი, ჩხუტუნეთის ციხე, მაჭახელის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქოქოლეთის ხიდი, ჩხერის ხიდი. აქ ხეობაში მდებარეობს “მაჭახელას ეროვნული პარკი”, რომელიც წარმოადგენს ეკოლოგიური დერეფნის ნაწილს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს (მტირალას ეროვნულ პარკი, კინტრიშის დაცულ ტერიტორიები) და თურქეთის დაცულ ტერიტორიებს (ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს) შორის.

რაც შეეხება 6 საიდუმლოს, რომელზეც gobatumi.com წერს, ესენია:

საიდუმლო №1

თოფი “მაჭახელა” პირველი ქართული ცეცხლსასროლი იარაღია და ის პირველად  მე-16 საუკუნეში სწორედ ამ ხეობაში დამზადდა. ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრი ზაზა ნაგერვაძე თოფის ისტორიას თავად მოგიყვება თუ მის სამჭედლო-სახელოსნოს ეწვევი.

საიდუმლო №2 

ქვემეხი, რომელიც სოფელ სკურდიდში მეორე მსოფლიო ომის დროიდან დგას.

საიდუმლო № 3

გვარას ციხესაც იგივე ფუნქცია ჰქონდა, რაც ქვემეხს, თუმცა გაცილებით ადრე – სადღაც მე-6 მე-7 საუკუნეში. ციხე აშენებულია კლდოვან ბორცვზე. იქედან იშლება, როგორც ჭოროხის, ისე მაჭახლის ხეობის გამაოგნებელი სივრცე.

საიდუმლო №4 

ცხემლარას თაღოვანი ხიდი, რომელიც 7-10 საუკუნის წინ ქვითა და კირით ააგეს.

საიდუმლო №5 

ჰაერში დაკიდული ხიდი,  რომელიც თავიდან ბოლოში გასვლამდე ჰამაკივით ირწევა.

საიდუმლო №6

ადრე  მეჩეთი – ახლა ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05