LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოქდაუნზე ისინი არ უნდა ლაპარაკობდნენ, ვისაც ეკონომიკისა და „ბუტკის” დახურვა ერთი და იგივე ჰგონია – აფბა

89
shutterstock-1695531250-1-1168x657

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ახალი შეზღუდვებისთვის ქვეყანას დამცავი ბალიშები აღარ აქვს. მისივე განმარტებით, ისინი მაშინ გამოვიყენეთ, როცა გაზაფხულზე უბრალო “ნაკაწრის” გამო გავაჩერეთ ეკონომიკა.

„არანაირი დამცავი ბალიშები ეკონომიკისთვის აღარ და ვეღარ­ იქნება. ჩვენ ისინი მაშინ გამოვიყენეთ, როცა გაზაფხულზე უბრალო “ნაკაწრის” გამო გავაჩერეთ ეკონომიკა. დღეს მაშინდელი შეცდომების შედეგს ვიმკით და კრიზისის შემაკავებელი თუ შემარბილებელი საშუალება­ აღარ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ და ამიტომ გამორიცხავს ლოქდაუნს. თუმცა, ისიც პირობითია, ლოქდაუნს რას ვუწოდებთ. შევხედოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას: მშპ-ის ფორმირებაში დიდი წილი აქვს ვაჭრობას, დასაწ­ყობებას, ტრანსპორტის სექტორს, განთავსებასა თუ სამასპინძლო ბიზნესს, რომელიც ახლაც, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ეს ბიზნესი კი ჩვენი ეკონომიკის 20%-ზე მეტს შეადგენს. როგორ გგონიათ, ეკონომიკის 20%-ინი გაჩერება წერტილოვანი­ შეზღუდვაა? ლოქდაუნზე ისეთი პირები არ უნდა ლაპარაკობდნენ, ვისაც ეკონომიკისა და “ბუტკის” დახურვა ერთი და იგივე ჰგონია.

პირველი ტალღის დროს ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც უპირისპირდებოდა ეკონომიკის სრულ გაჩერებას. თუმცა დღეში 15 ინფიცირებულის გამო გააკეთეს ეს. ვინც ეს რეკომენდაცია გასცა, მისთვის შესაძლოა ეს უბრალოდ ჩაკეტვის მექანიზმი იყო, სინამდვილეში კი ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის ტრაგედია აღმოჩნდა. ეს გადაწყვეტილება ტრაგედია იყო მათთვის, ვინც სრული ჩაკეტვის გამო სამსახური დაკარგა, ტრაგედია იყო ეკონომიკისთვის, რომელმაც აპრილში 16%-ინი ვარდნა განიცადა. ეს დანაკარგები იმით მართლდებოდა, რომ ეს იყო ფასი, რომელიც ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის გადაიხადა, ყოველ შემთხვევაში, სამთავრობო კაბინეტებიდან ეს პათოსი ჟღერდებოდა. დღეს რა ხდება?! დღეს იმავე კაბინეტებიდან ვისმენთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა ასეთ რაოდენობას ვერ უძლებს და შეიძლება ჩამოიშალოს. მაშინ, რისთვის გადაიხადა ქვეყანამ გაზაფხულზე ამხელა ფასი?! რისთვის დაიკარგა ათასობით სამუშაო ადგილი?! ამაზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს?! სანამ ეს კითხვები არ დაისმება, ნებისმიერ ახალ გამოწვევას ისევ მსგავსი დილეტანტობით შევხვდებით”,- აცხადებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები