LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილის ოჯახი: „ჩვენი ურთიერთობის სიმყარის გარანტია სიყვარულია!..“

9067
exsxs

მსახიობ ლევან ხურციასა და ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის წყვილის ერთობლივი თანაცხოვრება და ქორწინება უკვე 5 წელზე მეტს ითვლის. Fortuna.ge-მ, მათი დაკავებული გრაფიკის მიუხედავად, წყვილთან შეხვედრა მოახერხა ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

პატარა ალექსანდრეს ძალიან გაუხარდა თქვენთან ერთად „მზიურში“ გამოსეირნება. მშობლების გარემოცვაში ხშირად ვერ ახერხებს ყოფნას თქვენი დაკავებული გრაფიკის გამო?

ლევან ხურცია:

მადლობა ღმერთს, რომ დაკავებულები ვართ ზოგადად. მარის თავისი საქმეები აქვს, მე – ჩემი, სამსახურებრივი საქმიანობების მიღმა კიდევ რაღაცებით ვართ დაკავებულები. დრო საკმაოდ შეზღუდულად გვაქვს. სამუშაო დღეებში დედა უფრო ახერხებს, ბავშვს ყურადღება მიაქციოს, შაბათ-კვირას კი – მე. სხვანაირად არ გამოდის.

მარიამ კუბლაშვილი:

წინასწარ არასდროს ვიცით, გეგმა არ გვაქვს, მაგრამ გადანაწილებული გვაქვს დრო. მე მაინც უფრო თავისუფალი პროფესია მაქვს. დილის ცხრიდან კონკრეტულ დრომდე არ ვმუშაობ. შეიძლება, იყოს პერიოდი, როცა მთელი კვირა ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ შემდეგში თავისუფალი ვიყო.

ოჯახური შეკრებების დრო როდისაა?

ლევანი:

ღამე და დილას, სხვა დროს იშვიათად ვახერხებთ ერთად ყოფნას.

მარიამი:

ბოლო დროს განსაკუთრებით ასეა – დილას ადრე გავდივართ და საღამოს გვიან ვბრუნდებით. ისეთი დაღლილები ვბრუნდებით შინ, ზოგჯერ ერთმანეთის სილუეტებსაც რომ ძლივს ვხედავთ. ამას წინათ, ლევანს ვეუბნებოდი, ეს ცხოვრების რა განრიგია, რისთვის წვალობ ადამიანი ამდენს, რომ სახლში მიხვიდე, ერთმანეთი დაინახო, გაითიშო, დილას გაიღვიძო და ისევ საქმეზე გაიქცე-მეთქი.

ლევანი:

სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით, მარიც ასე ცხოვრობდა და მეც – ასე ვთქვათ, გამზადებული არაფერი დაგვხვედრია (იღიმის). ყველაფერი, რაც გვაქვს, ვცდილობთ, ჩვენი შრომით მოვიპოვოთ. ამას მიაქვს დიდი დრო ენერგია და შრომა. თუ არ გააკეთე, არ გამოდის… მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს იმის საშუალება, რაღაც ვაკეთოთ. სხვანაირად არ შეგვიძლია.

ერთმანეთს, როგორც ჩანს, ძალიან ჰგავხართ. ბევრ მამაკაცს არ უყვარს, როცა მისი მეორე ნახევარი ასეთი დაკავებულია…

ყველას თავისი შეხედულება აქვს, მე ჩემსაზე ვისაუბრებ – მე ძალიან მომწონს, როდესაც ქალი რეალიზებულია, აქვს თავისი საქმე, ხანდახან თავისი პრობლემებიც, თავისი ცხოვრებაც. უნდა გაიმიჯნოს ერთობლივი ცხოვრება და პირადი სივრცე, რომელიც არ უნდა დაირღვეს ზოგადად, ურთიერთობებში, მეორე ნახევართან იქნება თუ მეგობრებს შორის.

მარიამი:

ეს არის ჩვენი ურთიერთობის წესი: ჩვენ ორივეს გვაქვს ჩვენი პირადი სივრცე, რასაც ვეძახით ჩვენს სამსახურს, მეგობრებთან ურთიერთობას. ზოგჯერ გვინდა, მარტო წავიდეთ მეგობრებთან ერთად და ვისაუბროთ, ლევანსაც იგივე სურვილი უჩნდება ხოლმე. ყველგან რომ მეუღლესთან ერთად დავდიოდე, საქმესაც რომ ერთად ვაკეთებდეთ, ერთმანეთის ტელეფონებში ვიყოთ 24 საათი და ერთმანეთის სოციალურ ქსელებში, ეს მიგვაჩნია ძალიან დიდ შეცდომად. იქ აღარ არის ზღვარი და არაფერი საინტერესო აღარ რჩება. კი, ცოლ-ქმარი ერთიანობაა, მაგრამ ამასთან, დამოუკიდებელი თავისი საქმით, შემოქმედებით, ცხოვრებითა და ხასიათით. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც ჩვენს წყვილს აქვს. წინასწარ ვერაფერს იტყვი, მაგრამ ურთიერთობისთვის ასე უფრო კარგია.

ეს არის თქვენი ურთიერთობის სიმყარის გარანტია?

ლევანი:

ჩვენი ურთიერთობის სიმყარის გარანტია სიყვარულია!.. (იღიმის). გარანტია საერთოდ არაფრის არსებობს ცხოვრებაში. მარიამს ვეუბნები ხოლმე და თავადაც მეთანხმება, ყოველდღიურად ვცდილობთ, გაზვიადებულად რომ ვთქვათ, ახლიდან შევიყვაროთ ერთმანეთი, რუტინად რომ არ ვაქციოთ. ვცდილობთ, არ ვიყოთ ბანალურად. თვითონ ვიგონებთ ხოლმე რაღაცებს.

ბოლოს რა „მოიგონა“ ლევანმა?

მარიამი:

ლევანს უყვარს სპონტანური გადაწყვეტილებები. მაგალითად, მოულოდნელად მივდივართ სადღაც, გავდივართ ბუნებაში. ეს თითქოს ბანალურად ჟღერს, მაგრამ მთელი კვირა რომ დაგეგმილი გაქვს და უცებ გეტყვის, ყველაფერი დაორგანიზებული მაქვს და ქალაქიდან გავდივართო, ძალიან კარგია და რომ არა ხანდახან ასეთი გამობრწყინებები, ძალიან ცოდოა ადამიანი. ძალიან ვიღლებით. ახალგაზრდები დაღლილები დადიან. მგონი, ყველა ჩვენნაირად არის.

ლევანს არ უყვარს დაძაბულობა,  არ უყვარს ერთფეროვნება. ვთქვათ, ვამზადებთ საუზმეს ერთად. დარწმუნებული ვარ, ყოველდღე ერთად რომ ვსაუზმობდეთ, არ მოეწონება. კარგად ვიცი მისი ხასიათი. ყოველდღე ერთი და იგივე რომ ვაკეთო, მობეზრდება (იცინის). ხანდახან თუ არ გავაბრაზე, არ გადავაბი ჩემი სამუშაო გრაფიკი, რომელიც მართლა აღიზიანებს, იმასაც ვერ აიტანს, სულ რომ სახლში ვიყო, ან სულ სამსახურში. ამ ბალანსს რაღაცნაირად ვგრძნობ…

მარიამს არცთუ მარტივი პროფესია აქვს, ამის გამო ხშირად ხვდება თავგადასავლებში. ლევან, თქვენთვის როგორია ეს ყველაფერი?

რომ ვხედავდე, მარიამი იმ დავიდარაბებში დიდი ფინანსური ინტერესის გამო ეხვევა, აუცილებლად შევეწინააღმდეგებოდი. მაგრამ როცა ვხედავ, გულით და მთელი არსებით ცდილობს ადამიანის დაცვას, ვერ ვეწინააღმდეგები. რა გამოდის და რა არ გამოდის, მეორე საკითხია, მთავარია, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ შენი საქმე შეასრულო. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც ადამიანი მთელი გულით და სულით ცდილობს საქმის გაკეთებას, სჯერა იმის, რასაც აკეთებს და ამ დროს ხშირად არასწორი კუთხით იღებს კრიტიკას. ეს საწყენია, მაგრამ რას ვიზამთ… ყველაზე მეტად ეს არ მიყვარს ადამიანებში, როდესაც სხვას ხაზს გადაუსვამენ ხოლმე. არ მგონია, რადიკალიზმი კარგი იყოს…

კამათში ვინ იგებს?

მარიამი!.. (იცინიან).

მარიამი:

აღიარე, რატომ ვიგებ კამათში? არ გეკამათები არასდროს და იმიტომ…

ლევანი:

შეიძლება, ასე ვთქვა, ისე ვთქვა, მაგრამ არავინ თქვას, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცია – ოჯახი არის ქალი…

ლევანი:

არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი არის ოჯახი ღერძი. კამათი იმიტომ არ მწვავდება, რომ როცა ლევანი იწყებს კამათს, მე მას სიტყვას არასდროს ვუბრუნებ. ხომ იწერება ეს ინტერვიუ? ფაქტები დაფიქსირდეს. ბევრ საოჯახო დავას განვიხილავ, ბევრი ოჯახის განქორწინების საქმე ვიცი, წყვილები ჩხუბობენ, ხმაურია ოჯახში და მეუბნებიან, რომ ერთმანეთს ვერაფერს უთმობენ. ყოველთვის ვეუბნები, როცა კაცი განრისხებულია, რაც უნდა საშინელება გითხრას, გაჩუმდი, ეს კამათი მოგებული გაქვს. გადის დრო და ლევანი შემოდის, აღარ იცის, როგორ გამოასწოროს ხოლმე… არც არის სწორი, კაცს კაცივით რომ ეკამათები და სიტყვაში მოუგებ.

მარიამი ოჯახში თავისი პროფესიის ერთგული არ ყოფილა…

ლევანი:

ვცდილობთ, პროფესია ოჯახში არ შემოვიტანოთ.

მარიამი:

ზოგჯერ განერვიულებულები რომ ვართ ხოლმე, მაშინ შემოგვაქვს. არცთუ იშვიათად მართლა გავნერვიულდები ხოლმე, წარუმატებელია თუ წარმატებული პროცესი, მაინც ჩემს ხასიათზე გადმოდის. ეს ვერ ვისწავლე. მინდა, ჩემი მეუღლისგან სამსახიობო უნარები ავიღო და კარს გარეთ დავტოვო ეს ემოციები. არ მინდა, საღამოს წაშლილი მქონდეს სახე, მაგრამ ეს ბოლომდე მაინც ვერ შევძელი.

ერთ მხარეს არის ლამაზი ქალი, თავისი პროფესიით, მეორე მხარეს წარმატებული მსახიობი, სიმპათიური მამაკაცი. ეჭვიანობას როგორ არიდებთ თავს?

თავიდანვე გავიაზრეთ ორივემ კარგად – უნდა გააცნობიერო, ვინ იქნება შენი მეორე ნახევარი. მარტო „მიყვარს“ არ გამოდის… მე იცით, რამდენი ვიფიქრე ამაზე? ეგოისტი ვარ… ადვილი არაა, მეორე ნახევარი წავიდეს როლის შესასრულებლად დიდი ხნით სხვაგან… ავმაღლდით ამ ეჭვიანობაზე. მას დავარქვით სენი, სულიერი ნაკლი და პრობლემა, ტკივილი, რომელიც არ არის ჯანსაღი. ან ხარ დაავადებული, ან – არა. თუ ხარ ასეთი, უნდა გამოააშკარავო და უმკურნალო. თავდაჯერება ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ უნდა იყოს წყვილში ორივე შემდგარი. თუ ვეჭვიანობ, ე.ი. წარმოვიდგენ, რომ ეს მაკადრეს, მეუღლეს სათანადოდ არ ვუყვარვარ… ია-ვარდით არ არის ყველაფერი მოფენილი, შეიძლება, მომავალში რომელიმემ იეჭვიანოს, მაგრამ ახლა ეს პრობლემა არ დგას.

ლევანი:

პირველი არის ნდობა. მეორე ისაა, რომ თუკი ტყუილში ცხოვრობ, საკუთარ თავს არ სცემ პატივს. როცა გადავწყვიტე, რომ ოჯახი შემექმნა, 33 წლის ასაკში, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს მინდოდა. გაიარა იმ პერიოდმა, როცა ჩამოყალიბებული არ იყავი, რაღაც სიყვარული გეგონა და არ აღმოჩნდა… ამ წლების განმავლობაში არ მქონია არანაირი საფუძველი არც მარიამისგან და არც ჩემი ცხოვრებისგან, რომ რაღაც ნაბიჯი გადამედგა. ჩემთვის ასეთი რამ არ არსებობს. ღმერთმა ქნას, რომ სულ ასე გაგრძელდეს. წინასწარ არაფრის ლაპარაკი არ მიყვარს. ვცდილობთ ყველანაირად, რომ ერთად ვიყოთ, უაზრო ეჭვიანობა კი გვერდზე გადავდოთ.

ერთმანეთი დაგვიხასიათეთ…

ლევანს აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, არის მოწესრიგებული, სანდო საყრდენი. ხასიათით მარტივი ადამიანი არ არის, საკმაოდ რთული და თავისებური ხასიათი აქვს, მაგრამ მართალი. არის ზედმეტად პირდაპირი. ეს ზოგჯერ არ არის ხოლმე სასიამოვნო. ზომიერად მხიარული, ზომიერად სერიოზული. ძალიან ჭკვიანია და ადამიანებში ძალიან კარგად ერკვევა. მას შეუძლია, ადამიანს მოუსმინოს და თქვას, რა კატეგორიის ადამიანია. ჯერჯერობით არ შემცდარა, ჩემგან განსხვავებით. მე შევმცდარვარ.

ლევანი:

ადამიანების ამოცნობა მართლა შემიძლია, ჩემი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, ისეთ ინტრიგებში გამივლია, რამაც ბევრი რამ მასწავლა, ბევრი იმედგაცრუებაც ვიწვნიე. მერე უკვე ფრთხილი გავხდი.

რაც შეეხება მარიამს, ასე დავახასიათებდი – ეს არის ადამიანი, რომელიც, პირველ რიგში, არის კარგი მეორე ნახევარი, მაგარი კულინარია სხვათა შორის, ძალიან კარგად ახუჭუჭებს ხოლმე ამ მხრივ, არის ერთგული, რაც ყველაზე მთავარია, ზოგადად, ერთგულებას ვგულისხმობ, არა მხოლოდ ცოლ-ქმრულს, სულ ცდილობს, არ დაუშვას შეცდომა, სულ ცდილობს, ნაბიჯები სწორად გადადგას. მის პროფესიაში მუდამ ბეწვის ხიდია გასავლელი. ორივეს რთული პროფესიები გვაქვს არჩეული, ვცდილობთ, ერთმანეთი შევავსოთ, შვილები ძალიან მნიშვნელოვანია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

    

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები