LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეჩხუმში მომხდარი საზარელი ტრაგედიის დეტალები – „ლაჯანურჰესმა უკვე მეორმოცე ადამიანი შეიწირა…“

1137
crash-newssoc

შორენა ლაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ლეჩხუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელმაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა. როგორც სტატუსის ავტორი წერს, იმ ადგილას, სადაც მანქანა გადაიჩეხა, უკვე ორმოცი ადამიანი გარდაიცვალა. შორენა ლაბაძე გულგრილობის შესახებ წერს. გთავაზობთ მის სტატისს:

„სამი დღეა ჩამოვედი ლეჩხუმიდან… არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ, რომ ჩამოვედი.. რადგან სხეულის გარდა ყველაფერი იქ დამრჩა – გული… ფიქრი… ინსტინქტები… სიზმრები…

ამ ნაწერის მიზანი არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედიის არსის გადმოცემა.. თუმცა, ტრაგედიას, როგორც ცალკე აღებულს, იმხელა ზარი ახლავს, არ არის აუცილებელი კიდევ ცალკე სხვა მიზეზი არსებობდეს. მაგრამ არსებობს.. სამწუხაროდ… ამბავი დიდი მასშტაბით სცდება ოჯახურ, მეგობრულ, მეზობლურ, რაიონულ და გნებავთ, ეროვნულ საზღვრებსაც..

როცა გახმაურდა, რომ ახალგაზრდები მანქანით მოცურდნენ და წყალში გადაცვივდნენ, ალბათ, (ჩემსავით) იფიქრეთ, რომ სადღაც ხრამში, ადიდებულ მდინარეში გადაეშვნენ. ვამბობდით იმასაც, რომ ნასვამები იქნებოდნენ.. რომ საჭეს გადაჭარბებული სისწრაფით მართავდნენ… აბა, ისე როგორ იქნებოდა..?!

სინამდვილეში, ამ ბიჭებისთვის სიცოცხლე არც ციცაბო კლდეს, არც ბობოქარ მდინარეს, არც ალკოჰოლს და არც სისწრაფისკენ მიდრეკილებას წაურთმევია… საკუთარი ეზოების, ჭიშკრების წინ გამავალ არხში ჩაცვივდნენ, რომლის ბეტონის დამრეცი კედლები სულ რაღაც ექვსი მეტრის სიმაღლისაა, წყალი კი უზარმაზარი სიკვდილის ხახისკენ (შვიდკილომეტრიანი გვირაბი ერთვის არხს, სადაც ბიჭები ჩაცვივდნენ) საკუთარი ფეხით მიმავალ, დინებასთან მებრძოლ აკოს, რომელიც შველას ითხოვდა, თურმე, მხოლოდ მკერდამდე სცემდა.. საკუთარი ფეხით რატომ კილომეტრი არ გაიარა და უბრალოდ, ერთი პატარა ხელჩასაჭიდი, ერთი პატარა რკინის ნაგლეჯი ვერ იპოვა ზედ საკუთარი სიცოცხლის დროებით მისამაგრებლად… კიბეზე, უშუალოდ გვირაბის შესასვლელთან ჩამაგრებულ რკინის ბოძებზე (რომ იქ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ გაეტიოს) და მსგავს „ფუფუნებაზე“ აღარაა საუბარი…

უბრალოდ, მიწაზე დადებული იყო ( და არა ჯეროვნად ჩამაგრებული) ფილა, რომელსაც თორნიკეს Fit-ი დაეჯახა… დადებულმა ფილამ ვერ გაუძლო ამ სხვა მსუბუქ მანქანებზე ბევრად უფრო მსუბუქი ავტომანქანის დარტყმას და.. მოხდა ის, რაც უკვე გიამბეთ… ასე რომ, ამბის მთავარ პერსონაჟს ჩვენ დიდი ხანია კარგად ვიცნობთ და მას სახელად გულგრილობა ჰქვია… გულგრილობა ერთი, ორი, ათი.. დაბალი თუ მაღალი რანგის ადამიანების… გულგრილობა – ყველაზე საზარელ და შეუწყნარებელ დანაშაულად რომ მიმაჩნდა ყოველთვის… („სულ ყველაფერს ხედავს გია.. სულ ყველაფერს ხედავს რეზო..“)

25 წლის აკაკუნა (სხვანაირად, უბრალოდ, არც სახლში და არც გარეთ არავინ ეძახის აკაკის, რომლის უკვე მიცვალებულის ვარდისფერი ლოყები დარჩა ჩემთვის ძალით განადგურებული სიცოცხლის მარადიულ სიმბოლოდ), 29 წლის თორნიკე ჭიჭინაძე და 62 წლის ჯონი კვირიკაშვილი აგების დღიდან (1956 წელი) დღემდე ლაჯანურჰესის მეორმოცე მსხვერპლი აღმოჩნდნენ. სწორად კითხულობთ.. მეორმოცე… არხის, რომელიც ჭიშკრებს შორის გაედინება და ათეული წლების მანძილზე მის კიდეებზე იზრდებიან ბავშვები…

შიშში.. შიშში.. შიშში..

პანიკური შიში ჰქონდა ამ არხის აკაკუნასაც… თურმე…

იმ ღამეს.. ზუსტად ამბის განვითარებისთვის საჭირო დროით – ზუსტად ორი საათით მოვიდა თოვლი.. უზარმაზარი ფიფქები ცვიოდა, თურმე.. არადა, წლებია ლეჩხუმში თოვლი არ გვინახავსო – ამბობდნენ ადგილობრივები და სოფლის სამ მიცვალებულს დასტიროდნენ.. მოსულა თოვლი და კიდევ უფრო გასიპულან ბეტონის კედლები, კიდევ უფრო გართულებულა მათთან ბრძოლა რაღაც ჯადოსნობით უფსკრულის სისასტიკით რომ ხასიათდებიან.. მხოლოდ ორი საათით.. სამი ახალგაზრდა სიცოცხლის დასაზრობად..

უფალო, დაუმკვიდრე სასუფეველი… ჩვენ კი მოგვიტევე ჩვენი წილი გულგრილობა..

კითხვები თავად დასვით.. ამჯერად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები