LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: კოვიდ-19 და აუტოანტისხეულები – რა ხდება ზოგჯერ ვირუსისგან განკურნების შემდეგ?

327
covid19291928

ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც ახალი კორონავირუსი დაამარცხა, სისხლში აუტოანტისხეულები აღმოაჩნდა, რომლებიც ვირუსის მაგიერ ადამიანის დაავადებული უჯრედებიდან დარჩენილ გენეტიკურ მასალას ებრძვიან. ახალი კვლევის შედეგების შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

კვლევის მიხედვით, ორგანიზმში კოვიდ-19-ის შემდეგ გაჩენილი აუტოანტისხეულები მსგავსია აუტოიმუნური დაავადებების – წითელი მგლურასა და რევმატოიდული ართრიტის აუტოანტისხეულებისა. ხსენებული ანტისხეულები მიზანში იღებენ და ებრძვიან არა ვირუსს, არამედ ადამიანის უჯრედის ბირთვის „აფეთქების“ შედეგად ღიად დარჩენილ გენეტიკურ მასალას.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსმა ადამიანის ორგანიზმს მისივე იმუნიტეტი დაუპირისპირა. ამერიკელი მეცნიერების აზრით, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ყოფილი პაციენტების კატეგორიის, ე.წ. ,,ლონგ ჰაულერების” არსებობა, რომლებსაც ვირუსის დამარცხებიდან რამდენიმე თვის მერეც კი აწუხებთ მისი სიმპტომები მიუხედავად იმისა, რომ თავად ვირუსი მათ ორგანიზმში აღარ ფიქსირდება.

თვეების განმავლობაში დაგროვილი მასალის შესწავლის შემდეგ მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი კორონავირუსი მძაფრ იმუნურ რეაქციას იწვევს, რომელიც ვირუსზე მეტად ადამიანის ორგანიზმს აზიანებს. ახალი კვლევის ფარგლებში დოქტორი  მეტიუ ვუდროფი და მისი კოლეგები 52 მძიმე და კრიტიკულ კოვიდპაციენტს აკვირდებოდნენ, რომლებსაც აქამდე არასდროს ჰქონიათ აუტოიმუნური დაავადებები ან პრობლემები იმუნურ სისტემასთან. მათ ნახევარს ორგანიზმში აუტოანტისხეულები აღმოუჩინეს.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორის, იმუნოლოგისა და წითელი მგლურას სპეციალისტის, ენ მარშალ-როთშტაინის თქმით, აუტოანტისხეულების ნაწილი იმ ტიპისაა, რომელიც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ ცირკულაციას და კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებში საკმაოდ გავრცელებული კოაგულაციის პრობლემები შეიძლება სწორედ მათით იყოს გამოწვეული.

ატლანტის უნივერსიტეტის პროფესორის, კვლევის თანაავტორის, იმუნოლოგ მეტიუ ვუდროფის თქმით, აღნიშნული აუტოანტისხეულების აღმოჩენა სპეციალური ტესტის საშუალებითაა შესაძლებელი, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი შესაძლოა ყოფილ კოვიდპაციენტებთან ის პრეპარატები იქნას გამოყენებული, რომლებსაც წითელი მგლურას და რევმატოიდული ართრიტის დროს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადებები არ იკურნება, არსებობს მათი მართვის ეფექტური მეთოდები, რომლებიც მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს.

„ჯერჯერობით საბოლოოდ არაფერია ცნობილი. წინ დიდი გზაა და ამ მიმართულებით კვლევას აუცილებლად განვაგრძობთ“ – განუცხადა ვუდროფმა „ნიუ იორკ თაიმსს“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები