LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვებითი ქცევის აშლილობა, წონის გადამეტებული კონტროლი და მკაცრი დიეტები – სპეციალისტის რჩევები

3221
70375567-387788201901049-8525078696044789760-n

რა არის კვებითი ქცევის აშლილობა, რამდენად ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას წონის გადამეტებული კონტროლი და მკაცრი დიეტები,  რას ნიშნავს საკვებზე ემოციური დამოკიდებულება და შეიძლება თუ არა მისგან განკურნება – ამ თემებზე პირველი არხის გადაცემაში ,,ნაშუადღევს” ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ და ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ისაუბრეს.

რა არის საკვებზე ემოციური დამოკიდებულება და შესაძლებელია თუ არა მისგან გათავისუფლება? ჩვენთვის ცნობილია, რომ კვებითი ქცევის დარღვევები სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებს მიეკუთვნება, საინტერესოა რა არის მისი გამომწვევი მთავარი მიზეზი.

მარინა კაჭარავა:  ძირითადად, კვებითი ქცევის დარღვევას ბევრი მიზეზის ერთობლიობა განაპირობებს, მათ შორის გენეტიკური , ფიზიოლოგიური და სოციალური ფაქტორები. ქცევის ჩამოყალიბების მიზეზი შესაძლოა მიმბაძველობაც იყოს. ზოგადად სიმსუქნეს ფიზიოლოგიურის გარდა, ფსიქოლოგიური მიზეზებიც აქვს.

კვებითი ქცევის დარღვევის მიზეზები შეგვიძლია ბავშვობაში ვეძიოთ. არსებობს კვლევები,რომელთა თანახმადაც მარტოხელა მშობლების შვილები მიდრეკილნი არიან სიმსუქნისაკენ, რადგან ისინი საკვების სიჭარბით იმ დანაკლისის ერთგვარ კომპენსაციას ახდენენ , რაც ოჯახში აქვთ. ხშირია ბავშვების წახალისება, მათთვის ტკბილეულის მიცემა რაღაცის გაკეთების ან რაღაცის გაკეთებაზე უარის თქმის სანაცვლოდ და ეს ბავშვისათვის მომავალში შესაძლოა ერთგვარ სტრატეგიად იქცეს . არსებობს ე.წ. ღამე კვების სინდრომი (NES) , რომლის ფესვებიც ასევე ბავშვობაში უნდა ვეძებოთ.

აღსანიშნავია, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში წონის მომატება შესაძლოა ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობოს.

ნატა გაგუა: ნამდვილად ხშირად ხდება,რომ კვებითი ქცევის აშლილობა ბავშვობიდან მოდის. ამის მიზეზი ის არის, რომ ბავშვობაშივე არ არის ამის მიმართ სწორი მიდგომა და ბავშვობაშივე არ ხდება ამის გამოსწორება.

– რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანს კვებითი ქცევის აშლილობამ?

მარინა კაჭარავა:  კვებითი ქცევის აშლილობა აისახება ადამიანის  როგორც ფსიქიკურ,ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზეც.  მას მრავალი სახე აქვს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. როგორც წესი, კვებითი ქცევის აშლილობის დროს საჭიროა არა მხოლოდ ნუტრიციოლოგის ან ფსიქოლოგის, ან ენდოკრინოლოგის ჩართვა, არამედ აუცილებელია რომ ყველა მათგანი ერთად მონაწილეობდეს მკურნალობის პროცესში. ასეთ დროს აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა, გათვალისწინებული უნდა იყოს გენეტიკური ფაქტორებიც.

სხვათა შორის, დღე-ღამის ძილის რიტმის დარღვევაც პირდაპირ აისახება წონის ცვლილებაზე.  ღამის ძილის ნაკლებობა გასუქებას უწყობს ხელს.

ნატა, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ მოგმართავენ დახმარებისათვის, მაგრამ საჭიროა არა მხოლოდ ნუტრიციოლოგის ჩარევა, არამედ კომპლექსური მკურნალობა?

ნატა გაგუა: როცა არის  ეჭვი, რომ საქმე ეხება ბულემიას ან ანორექსიას, პაციენტს აუცილებლად ვურჩევ ფსიქიატრის კონსულტაციას და შემდეგ უკვე კომპლექსური მკურნალობა იგეგმება. შეიძლება,რომ ადამიანი გასახდომად რაიმე პრეპარატს იღებდეს და საჭიროდ არც კი ჩათვალოს ექიმისთვის ამის თქმა. ასეთ დროს ექიმისთვის საქმის კურსში ყოფნა აუცილებელია.

თუ ადამიანმა ამოიცნო თავისი სიმპტომები და გაუჩნდა ეჭვი, რომ აქვს კვებითი ქცევის აშლილობა, რას ურჩევთ პირველ რიგში?

მარინა კაჭარავა:  ვფიქრობ, პირველ რიგში ადამიანმა უნდა გააცნობიეროს პრობლემის არსებობა და შემდეგ მშვიდად მიიღოს რეალობა, რომელშიც არის. არსებობს პრობლემა,არსებობს ჭარბი წონა, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის გზებიც არსებობს. უნდა იფიქროს იმაზე, რომ წონის კლება პირველ რიგში მისივე ჯანმრთელობისთვისვეა საჭირო. მნიშვნელოვანია იყოს ნორმალური დამოკიდებულება საკითხის მიმართ: რომ ეს არც ცხოვრებაში ყველაზე მთავარია და არც უმნიშვნელო.

 ნატა გაგუა:  ჩემი აზრით პაციენტისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ორ-სამ კვირაში შედეგს ვერ მიაღწევს. თუკი ადამიანი სერიოზულად მიუდგება ამ საკითხს და ენდომება როგორც წონის კორექცია, ასევე კვებითი ქცევის აშლილობის განკურნება, იგი მზად უნდა იყოს შეცვალოს კვების რეჟიმი და ცხოვრების სტილი. ექიმი გვაძლევს საჭირო ცოდნას, როგორ ვმართოთ ჩვენი მადა და წონაც ვაკონტროლოთ, მაგრამ ჩვენ თვითონ აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დროს დავკარგავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები