კონფლიქტი. ამ სიტყვის გაფიქრებაც კი ნეგატიურ განცდებს აღძრავს. კონფლიქტი არავის მოსწონს და ნებისმიერი გეტყვით, რომ საშუალება რომ ჰქონდეს, აუცილებლად აიცილებდა თავიდან კონფლიქტურ სიტუაციებს.

თუმცა ყველა მედალს ორი მხარე აქვს და ისევე როგორც ყველაფერს, კონფლიქტსაც მოაქვს რაღაც კარგი.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის პროცესში ადამიანი თავს არაკომფორტულად გრძნობს, გაღიზიანებულია ან გაბრაზებული, კონფლიქტები ადამიანების ლიდერული თვისებების გაძლიერებას იწვევს. ის ეხმარება ლიდერებს, გახდნენ უკეთესები.

კონფლიქტები აყალიბებს წინააღმდეგობის გაწევის უნარს და აუმჯობესებს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების და დაცვის შესაძლებლობებს.

კონფლიქტი:

გვაიძულებს გავუგოთ სხვებს – შესაბამისად გვაიძულებს შევხედოთ საგნებსა და მოვლენებს სხვისი თვალით. რაც განაპირობებს იმას, რომ გვეძლევა საშუალება, შევხედოთ სიტუაციას არა მხოლოდ ჩვენი თვალით, არამედ „გვერდიდან“. ეს ყველაფერი კი პირველი ნაბიჯია საერთო წერტილის პოვნისა და კონფლიქტის მოგვარებისაკენ.

აყალიბებს მანამდე არარსებულ ურთიერთობებს – რაღაც საერთოს პოვნის შემდეგ შესაძლოა ადამიანებში რაღაც ისეთი აღმოვაჩინოთ, რასაც ძალიან ვაფასებთ და რაც მანამდე არ შეგვინიშნავს. ამ ყველაფერმა შესაძლოა მოგვიტანოს უკეთესი სამსახურეობრივი ურთიერთობა, ბიზნეს-პარტნიორობა, მეგობრობა ან სულაც სიყვარული.

გვეხმარება შიშის გადალახვაში – კონფლიქტისას თამამები ვართ და ჩვენს მოსაზრებებს და არგუმენტებს შიშის გარეშე გამოვთქვამთ. მათ შორის ისეთ საკითხებზე, რაზეც კონფლიქტის გარეშე შესაძლოა არც გვესაუბრა იმის შიშით, რომ ამას არასასურველი რეაქცია არ გამოეწვია.

გვაქცევს უკეთეს მსმენელებად –  კონფლიქტის დროს უნებურად ვუსმენთ სხვებს. ეს თვისებაც განსაკუთრებით საჭიროა ლიდერისათვის. თუ გვსურს გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები, კონფლიქტური სიტუაციები ამაში გვეხმარება.

გვასწავლის ცხოვრებას საკუთარი კომფორტის ზონის გარეთ – კონფლიქტის თავიდან აცილება, ეს იგივე საკუთარ კომფორტის ზონაში, საკუთარ ნაჭუჭში დარჩენაა. მაშინ როდესაც კონფლიქტის დროს იძულებული ვხდებით საკუთარი ცოდნა თუ შესაძლებლობები ჩვენი კომფორტის ზონის გარეთ გამოვიყენოთ.

ასე რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევხედავთ კონფლიქტს, როგორც ისეთ რამეს, რაც გვაფორიაქებს და გვაღიზიანებს თუ როგორც რაღაც ისეთს, რამაც შეიძლება გვასწავლოს რამე ახალი.

 

მსგავსი თემები