LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.2 მლრდ ლარით გაიზარდა

59

2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.1 პროცენტი შეადგინა) და პირველი ნოემბრისათვის 33.5 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.7 პროცენტია.

რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობას, მან 2017 წლის პირველი ნოემბრისათვის 19.0 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 645.2 მლნ ლარით ანუ 3.5 პროცენტით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით მეტი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 357.7 მლნ ლარით ანუ 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 287.5 მლნ ლარით, ანუ 3.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.2 პროცენტით).

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 33.61 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.06 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.2 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები