LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაციენტები საქართველოშიც მიმართავენ საავადმყოფოებს კოვიდის შემდგომი გართულებებით: გამყრელიძე

147
FORTUNA.GE- (5)

“გიდასტურებთ, რომ განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის, ოღონდ არა კოვიდის გამო, არამედ კოვიდის გართულებების გამო;” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბრობს და ამბობს, საჭიროა შესაბამისი კვლევის ჩატარება და იმ ადამიანების დაკვირვება, ვინც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდ-19-ისგან განკურნებული ადამიანების განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის შესახებ, სამედიცინო სტატისტიკიდან გარკვეული ინფორმაცია აქვთ, თუმცა ეს მონაცემები არ არის საბოლოო:

“რა თქმა უნდა, მე რაღაც ინფორმაცია მაქვს, თუმცა, სჯობს კლინიცისტებს დაუკავშირდეთ. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია სამედიცინო სტატისტიკიდან, თუმცა, ეს არ არის საბოლოო. დიდი ბრიტანეთის მსგავსი, ასეთი მიზანდასახული კვლევა, რაც ინგლისში ჩატარდა, ჩვენთან არ ტარდება, მაგრამ ე.წ. განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის. ვერ გეტყვით, რომ მათგან ყოველი მეათე დაიღუპა და ა.შ. რაც ბრიტანელების კვლევაშია. მათი კვლევა შესაბამისი დიზაინით ჩატარდა. ამ ტიპის კვლევა ჩვენთან არ გაკეთებულა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის, ოღონდ არა კოვიდის გამო, არამედ კოვიდის გართულებების გამო. ვერც იმას გეტყვით გარდაცვალების შემთხვევები ყოფილა თუ არა მათ შორის. ძალიან სენსიტიური საკითხია. იმიტომაა საჭირო, რომ შესაბამისი კვლევა ჩატარდეს. ისევე როგორც კოვიდგადატანილ პაციენტებში შემდგომი დაკვირვებები აუცილებელია.” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, გაწერილ პაციენტებს აძლევენ რეკომენდაციებს, რომ მუდმივად ეკონტაქტონ ოჯახის ექიმს და ასევე, გარკვეული პერიოდულობით, აწარმოონ თვითმონიტორინგი.

“ვინც გაწერილია, ყველას დარიგებას აძლევენ, რეკომენდაციებს, რომ იყვნენ თავის ოჯახის ექიმთან კონტაქტში და გარკვეული პერიოდულობით თვითმონიტორინგიც აწარმოონ. ძირითად პარამეტრებს ეუბნებიან, რაზე გაამახვილონ ყურადღება, ასევე, გარკვეული პერიოდულობით რიგი კვლევები ჩაიტარონ. განსაკუთრებით, ვისაც მომატებული რისკი აქვს, 70 წელს ზემოთაა და ვისაც სხვადასხვა დაავადება აღენიშნება – დიაბეტი, ჰიპერტენზია ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ა.შ. ეს რეკომენდაცია გაწერის შემდეგ ყველას ეხება.” – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები