ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის სატარიფო პოლიტიკა, შესაძლოა, გადაიხედოს. კლინიკების ტარიფების რეგულირებაში საქართველოს ბიზნესასოციაცია ჩაერთვება.

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ განაცხადა, ტარიფები 2019 წელს განისაზღვრა, მას შემდეგ კი, ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა.

,,ჰოსპიტალურ სექტორს, ამ ეტაპზე, ყველაზე მწვავედ სატარიფო პოლიტიკის საკითხი უდგას, რომელიც წლების წინ განისაზღვრა და მას შემდეგ, გადახედვა არ მომხდარა. ამ დროში გაძვირდა ელექტროენერგია, სახარჯი მასალები, რაც გამოიწვია კურსის გაუფასურებამ, თუმცა მიუხედავად ამისა, არ შეცვლილა ტარიფები სექტორში. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან და მათი ჩართულობით შევქმნით ჩარჩო დოკუმენტს, სადაც იქნება გაწერილი ყველა პრობლემა და ყველა საკითხი, რაც სექტორს უდგას. შევთავაზებთ გადაჭრის გზებს და წარვუდგენთ აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – აღნიშნა მორგოშიამ.

მისივე განმარტებით, დღევანდელ პირობებში, ჰოსპიტალური სექტორის სატარიფო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. „რადგან ეროვნული ვალუტა ხშირად მერყეობს, პრობლემის გადაჭრის გზა, ალბათ, იქნება სატარიფო ინდექსაცია, რაც ნათელ მოლოდინებს შექმნის“, – დასძინა ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები