LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელმისაწვდომია თუ არა თბილისელებისთვის ფიტნესკლუბებში ვარჯიში

314

ჭარბი წონა საქართველოში ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩევა, ამისი მიზეზი კი, უმეტეს შემთხვევაში, არასწორი კვების რეჟიმი და ნაკლები ფიზიკური აქტივობაა.

ბოლო პერიოდში დედაქალაქში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება, ფიტნესკლუბების და შესაბამისად – მათი მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება.

„ფორტუნასთან“ კარდიოლოგი ხათუნა ჯალაბაძე ამბობს, რომ ვარჯიში გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის აუცილებელია და ადამიანს იმუნიტეტის გაძლიერებაში და  გაახალგაზრდავებაში ეხმარება.

რა სერვისებს სთავაზობენ თბილისელებს ფიტნესდარბაზები და რა დაგიჯდებათ ვარჯიში?

Oregon, USA --- Group of women working out in fitness studio --- Image by © BUCK Studio/Corbis

ტარიფები ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და გარეუბნებში სხვადასხვაა. მაგალითად – საბურთალოზე მდებარე New York Prolife Fitness & Spa-ში 1 თვე ულიმიტო პაკეტი, გარკვეული საათების მიხედვით,  55 ლარიდან 290 ლარამდე დაგიჯდებათ; Aspria Fitness-ის ფილიალებში  1 თვიანი ულიმიტო პაკეტი 100 ლარი ღირს,  Snap Fitness Georgia-ში კი 1 თვე ულიმიტოდ  119 ლარად ივარჯიშებთ. ფიტნესდარბაზები რამდენიმე მომსახურებას გთავაზობენ, გარდა ტრენაჟორებისა, უმეტეს მათგანში, შეგიძლიათ ივარჯიშოთ იოგა, ბოქსი, სპინინგი, აერობიკა, ტაებო და ა.შ.

გარეუბნებში ვარჯიში შედარებით იაფი დაგიჯდებათ, მაგალითად – დიდ დიღომში მდებარე დარბაზში Lady Fitness Lab 1 თვიანი ულიმიტო პაკეტი, რომელიც აერობიკას, ტაებოს, სტეპ-აერობიკას და ტრენაჟორებზე ვარჯიშს მოიცავს, 65 ლარი ღირს. ვარკეთილში Fitness House-ში ვარჯიში 45-დან  65 ლარამდე ღირს.

რაც შეეხება საცურაო აუზებს, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირი საქართველოში ცურვა ღირს.მაგალითად – „ვაკის საცურაო აუზში“ 1 თვიანი ულიმიტო აბონემენტი 440 ლარი ღირს, „არენაზე“ კი 10 ვიზიტი  190 ლარი ღირს, საცურაო აუზის გარდა კი საუნას და გასარუჯ ვერანდას გთავაზობენ.

დიღმის მასივში მდებარე საცურაო აუზ „ნემოში“ 12 ვიზიტი 130 ლარი ღირს, ამდენივე დაგიჯდებათ აკვა-აერობიკაც.

riversidepoollg

არის თუ არა ეს ფასები თბილისელებისთვის ხელმისაწვდომი –  „ფორტუნასთან“ საუბარში ქეთი ამბობს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი ვარჯიშის საშუალებას არ აძლევს.

მაშინ როდესაც ჩემი შემოსავალი არის 600 ლარი, ყოველთვე ვარჯიშისთვის 100 ლარის გადახდა დიდი ფუფუნებაა, აქედან გამომდინარე, სურვილის მიუხედავად, ვერ ვახერხებ სავარჯიშოდ სიარულს.

 „ვარკეთილში, ერთერთ სპორტდარბაზში ვვარჯიშობ. სხვა პრესტიჟულ დარბაზებთან შედარებით იაფი ღირს, მომსახურებაც ნორმალურია. შესაბამისად კმაყოფილი ვარ. ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, – ამბობს ფორტუნასთან საუბარში გიორგი.

თუმცა, ის ფიტნეს-დარბაზები, სადაც მომსახურება საკმაოდ მაღალი ფასი ღირს, მომხმარებლების სიმცირეს არ განიცდის. ვარჯიშის მოყვარულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კარგ დარბაზში, სადაც მაღალი დონის მომსახურებაა და გარდა ვარჯიშისა, საუნით და სხვა სპა-პროცედურებით სარგებლობაა შესაძლებელი, “ფული არ უნდა დაინანონ”.

 

ავტორი გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები