LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძის მოძრაობა თუ პოლიტიკურად არ ჩამოყალიბდა, ჩვენ ისედაც ვმოძრაობდით – ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

623
BeFunky-collage (2)

მის მიერ დაფუძნებული მოძრაობა, პოლიტიკური იქნება თუ საზოგადოებრივი, იქნება ძალიან ძლიერი, ეს არის ცალსახა – ასე ეხმიანება ბიზნესმენი თემურ ჭყონია მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც “ფორტუნასთან” ბიზნესმენი ამბობს, მამუკა ხაზარაძესთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მასთან ღრმა შინაარსობრივი საუბარი არ ჰქონია, თუმცა, იცის, რომ გადაწყვეტილება სპონტანური არ არის და მის მიერ დაფუძნებული მოძრაობა უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე საზოგადოებრივი მოძრაობა შეიძლება იყოს. თემურ ჭყონია “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ხაზარაძესთან ამ მიმართულებით ითანამშრომლებს თავადაც და არა მხოლოდ.

 

  • როგორც თქვით, მასთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ და გარკვეულწილად მასთან ამ საკითხზე საუბარიც გქონდათ, რამდენად შეიძლება ეს საზოგადოებრივი მოძრაობა გარდაიქმნას შემდეგ უკვე პოლიტიკურ ძალად?

საზოგადოებრივი მოძრაობა თუ პოლიტიკურად არ ჩამოყალიბდა, ჩვენ ისედაც ვმოძრაობდით, როგორც საზოგადოების წევრები. აქედან გამომდინარე მომავალი, ვფიქრობ, უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე საზოგადოებრივი მოძრაობაა. როგორც ძალა ეს იქნება უსერიოზულესი ძალა. ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება მოვისმინე და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამას აკრიტიკებენ, უნდა დავუსვათ კითხვა, თვითონ არიან პოლიტიკოსები თუ არა? ადამიანები მიიჩნევენ თავს პოლიტიკოსებად, მაგრამ პოლიტიკოსებად უნდა ჩავთვალოთ ჩვენ, ხალხმა.

 

  • კითხვის ნიშნები დაისვა ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებითაც. თუკი ეს მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ ძალად, რამდენად მოახერხებს საკუთარი ბიზნესინტერესებისგან დისტანცირებას?

არა, გამორიცხულია. ესეც იარლიყების მიწებებაა, არ არის ეგ სწორი, იმიტომ რომ არ ვიცნობთ მამუკა ხაზარაძეს ისეთ ადამიანად, რომ პოლიტიკაში მივიდეს და თავის ბიზნესინტერესები დაიცვას, არასერიოზულია. ეს არის ძველი, 25 წლის წინანდელი მენტალიტეტი.

  • თუმცა, ჩვენ ვხედავთ დეპუტატებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესინტერესები აქვთ…

არა, კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ ათეული წლებია ვიცნობ მამუკა ხაზარაძეს და მისი შედარება მაჟორიტარებთან არის საერთოდ ცა და დედამიწა. აბსოლუტურად სხვა მიმარულება იქნება.

 

ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე; ფოტო: ნეტგაზეთი

 

 

ზოგიერთებმა 2-მეტრიანი სანთელი უნდა დაანთონ – ვის ვიხილავთ ხაზარაძესთან

  • რა არგუმენტებზე დაყრდნობით შეგიძლიათ ეს თქვათ?

გადახედეთ მამუკა ხაზარაძის მოღვაწეობას, მის მიერ შექმნილ გუნდს და ნახავთ, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო შემოკრებილია უამრავი ახალგაზრდა, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი და ისინი იგივეს გააკეთებენ პოლიტიკაში. წინა პლანზე გამოიყვანენ არაჩვეულებრივად, თანამედროვედ, არაკომუნისტურად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომლებიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის ძველი პოლიტიკოსები, რომლებიც ვეღარ მოიცილეს თავიდან, ამ პოლიტიკურ ელიტას რომ ეძახიან, მათი დრო წასულია, ახალგაზრდებზე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. წარსულის გამოცდილება როგორც ატყობთ არც ისეთი ძლიერია.

  • თქვენ ახსენეთ წარსული და ვარაუდობენ, რომ სულ ახლო წარსულში ხელისუფლებაში მყოფ პირებს იხილავენ მამუკა ხაზარაძის გვერდით, ვგულისხმობ თუნდაც ყოფილ პრემიერს და ა.შ.

პერსონალიებზე არ ვიცი, გეუბნებით ჩემს აზრს, რომ ახალგაზრდები… მხედველობაში აქ ასაკი კი არ მაქვს, ახალგაზრდულად მოაზროვნე ადამიანები შეიძლება იყვნენ. მთელი აქცენტი იქნება გაკეთებული ალბათ იმ თანამედროვე, განვითარებულ, მოაზროვნე ადამიანებზე, არ უნდა იყვნენ დატვირთული არავითარ შემთხვევაში სტერეოტიპებით და არ უნდა იყვნენ მლიქვნელები.

  • თქვენ თავში ახსენეთ, რომ გარკვეული კომუნიკაცია გქონდათ მასთან ამ საკითხზე, რა კრიტერმიუმებით შეირჩევიან ეს ადამიანები, ვინ იქნებიან?

მოძრაობაში ჩაერთვება ისეთი ხალხი, რომელთაც შეუძლიათ ეკონომიკის სწორ გზაზე დაყენება, ფინანსების სწორად განკარგვა, კომუნიკაციების სწორი მართვა, სწორი მენეჯმენტი, რაც კარგად იცის ამ კაცმა.

  • თქვენ თუ ითანამშრომლებთ მასთან ამ მოძრაობის ფარგლებში?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, ეკონომიკის აღორძინებისათვის და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო შეიძლება იყოს მდიდარი ქვეყანა სწორი მენეჯმენტის პირობებში, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ. არა მარტო მე, ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანი.

  • თქვით, რომ მოძრაობა პოლიტიკურ ძალად უნდა გარდაიქმნას და პრინციპში, ხაზარაძის გადაწყვეტილება უკვე არის პოლიტიკური. რამდენად ხედავთ პოლიტიკაში თქვენს თავს? 

პოლიტიკაში ჩვენ და თქვენც ასე ისედაც ვართ ასოცირებულები, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისთვის მე არ ვარ მზად, რადგან ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა, მე ვარ ბიზნესმენი.

  • რაც შეეხება ხაზარაძის პოლიტიკურ  მომავალს?

ჯერჯერობით რთულია დასკვნები გავაკეთოთ ხაზარაძის ნაცვლად, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს იქნება ძალიან კარგი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები