პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. კენჭისყრამდე  პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ მთავრობის ძირითად სამოქმედო მიმართულებებზე, მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

 

საქმე, შედეგი და ეფექტურობაეს იქნება გახარიას თქმით ძირითადი პრინციპები, მთავარი მაკოორდინირებელი ძალა კი ხალხი იქნება. 

“ჩვენ კარგად გვესმის ხალხის შეფასება. ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. ჩვენ ასევე, გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, ქალაქში თუ სოფელში, არ აინტერესებს ჩვენი პროგრამები, ინიციატივები, რეფორმები და გეგმები. მისთვის სახელმწიფოს განსახიერება არის რიგითი სახელმწიფო მოხელე, რომელიც ვერ ასრულებს, ხშირ შემთხვევაში, ან ასრულებს მის დაკვეთას, უგვარებს მას ყოველდღიურ პრობლემებს. ამიტომ, მიზნის მისაღწევად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვიშრომოთ ერთად: მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ ერთად, ოპოზიციამ, მათ შორის და რა თქმა უნდა, ჩვენმა მოქალაქეებმა. სხვანაირად ჩვენ ჩვენს მიზანს – წარმატებულ ხვალინდელ დღეს, ვერ მივაღწევთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გონივრული ვადა და კეთილსინდისიერება

„შეუძლებელია, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეს არ ვუთხრათ რას ვაკეთებთ, რა გეგმა გვაქვს და ეს გეგმა როდის იქნება შესრულებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რა თქმა უნდა, იქნება კეთილსინდისიერება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეფექტურობა, გონივრულ ვადაში და კეთილსინდისიერება – ეს იქნება ძირითადი პრინციპი და აქ კეთილსინდისიერებასთან ბმაში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობისთვის ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა იქნება. ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ჩვენს მსგავს ეკონომიკებში, გარდამავალ ეკონომიკებში, სუსტი ინსტიტუციებით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი პროცესი და შემდგომი 10-20 წელი ეს პრიორიტეტი ყოველდღიურად უნდა იდგეს ჩვენს წინაშე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

სიმართლე – “ზოგჯერ სიმართლე შეიძლება გამოწვევა იყოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია” 

„არის კიდევ ერთი პრინციპი, რომელზე საუბარიც მაიძულა ბოლო დღეებში, თუნდაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა და, რომლის გარეშეც ალბათ ქვეყნის განვითარებაზე საუბარი იქნება ზედმეტი, ეს არის სიმართლე. დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სიცრუით და მოდელირებული რეალობით ხდება ჩვენს მოქალაქეებზე ელემენტარული ზემოქმედება, მათ ფსიქიკასა და მორალზე. ეს არის დამანგრეველი ძალა, რომელიც ქმნის ილუზიებს, როდესაც ხდება სიცრუით სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც უბრალოდ არ ვაძლევთ საშუალებას მოქალაქეს, ობიექტური რეალობა შეაფასოს ისე, როგორც არის, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ობიექტური რეალობა სახარბიელო არ არის, ეს იწვევს უდიდეს დეპრესიას, ქმნის უდიდეს დაძაბულობას ქვეყანაში ყველა მიმართულებით, ეს ელემენტარულად ხელს უშლის ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას დღეს 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

 

 

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები