კასპში, 14 მარტს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მეუღლე, რომელსაც გავრცელებული ცნობითვე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

გარდაცვლილი ნოდარ ღუნაშვილი 14 მარტს კასპის სასაფლაოზე მწყემსმა იპოვა, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მკვლელობის ბრალდებით იმ დღესვე დააკავეს ერთი პირი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი ამბობდნენ, რომ საქმის მთავარი მონაწილე ღუნაშვილის მეუღლე იყო და მის დაკავებას ითხოვდნენ.

რამდენიმე კვირის წინ, მომხდართან დაკავშირებით, ტვ “პირველის” შაბათის ეთერში, მოკლულის ოჯახის წევრები საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ მკვლელობაში მონაწილე პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობენ.

დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტო. უწყების ცნობით, 1990 წელს დაბადებული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული პირი, რომელმაც მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ პირს, ნგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები