საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებულ მიმდინარე განხილვებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ჯორჯ კენტი არ ეთანხმება სხვადასხვა ჯგუფის მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნება” და მისი მილიონი ამომრჩეველი რუსეთის აგენტია.
პაპუაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს:
“ჯორჯ კენტი, სენატის წინაშე, საჯაროდ არ ეთანხმება “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”, “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩი – მეტი თავისუფლების”, ტვ “მთავარის”, ტვ “პირველის”, ტვ “ფორმულას”, “სირცხვილიას”, თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ “ქართული ოცნება” და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები…
ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავის მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი რუსი მოდის და არიქა ხალხო დავირაზმოთ… გვირაბი გავთხაროთ… კარვები გავშალოთ… ხეობები ჩავხერგოთ… და გავათავისუფლოთ (…რაღაცა მაინც, ვიღაცისგან მაინცო).
ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო.
P.S. იმას აღარ დავწერ, როგორ თქვეს, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნით რუსეთი ხარობსო, თორემ ეს ხალხი ქუდს დაიხურავს და დარცხვენილი წავა პოლიტიკიდან.” – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 23 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
როგორც სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, საქართველოში შექმნილი ჩიხიდან გამომდინარე სარგებელს რუსეთი იღებს, რადგან თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა.
სენატორმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას დემოკრატიის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა: სენატორი ჯინ შაჰინი